დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-4287-ა-30-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ქ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ი-ი, ლ. დ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ-მა, კ. ბ-მა, დ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. დ-ისა და ბ. ი-ის მიმართ, მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების, ა. ქ-ის, კ. ბ-ის და დ. მ-ის სარჩელი ბ. ი-ისა და ლ. დ-ის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა. ქ-მა, კ. ბ-მა და დ. მ-მა გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ა. ქ-ის, კ. ბ-ის, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ა. ქ-ის, კ. ბ-ისა და დ. მ-ის წარმომადგენელმა ელდარ გვალიამ გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2011 წლის 16 ნოემბერს ა. ქ-ის წარმომადგენელმა ელდარ გავლიამ სასამართლოს ახლად აღმოცენი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა. მისი მითითებით, ა. ქ-ი ინვალიდი იყო, შესაბამისად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ინვალიდობის მოწმობა კი, საქმეში იყო წარმოდგენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ ა. ქ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა. 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კი, ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათვისუფლების კანონისმიერი საფუძველი. აღნიშნული დოკუმენტების არსებობის თაობაზე სასამართლოსათვის საქმის განხივლის დროს რომ ყოფილიყო ცნობილი, ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად არ დარჩებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 423-ე, 431-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.