გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100122006318516
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№საქმე №1238აპ-24 ქ. თბილისი
ჩ. გ., 1238აპ-24 5 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჩ., – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2022 წლის 19 აგვისტოს გ. ჩ. შეტყობინების საფუძველზე, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ... რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №... საქმეზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გ. ჩ. №... შეტყობინება, თითქოსდა რ. ჩ. ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან ასევე დაადასტურა 2022 წლის 19 აგვისტოს, გამოკითხვისას, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რა დროსაც, ცრუდ დაასმინა რ. ჩ. მუქარის ჩადენისათვის. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა რ. ჩ. მიერ გ. ჩ. მიმართ მუქარის ფაქტი.
2. გ. ჩ. წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით გ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ბეგაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ. დამნაშავედ ცობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ. დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – გ. ჩ. 2022 წლის 19 აგვისტოს შეტყობინებითა და 2022 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით; მოწმეების – რ. ჩ., ლ. დ., მ. ა., მ. ვ., გ. ც. ჩვენებებით; სამშენებლო ობიექტიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით – უტყუარად დასტურდება, რომ გ. ჩ. მიერ 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც 2022 წლის 19 აგვისტოს რ. ჩ. მამხილებელი ჩვენება, არის სიცრუე. 2022 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გ. ჩ. გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მათ შორის, სამშენებლო ობიექტიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებსა და მოწმეთა ჩვენებებს, გ. ჩ. იგრძნო მოსალოდნელი პასუხისმგებლობის საფრთხე და მოიგონა, თითქოსდა რ. ჩ. მუქარა არ ყოფილა სიტყვიერი ან ჟესტებით გამოხატული, არამედ – მუქარისშემცველი იყო რ. ჩ. აგრესიული გამომეტყველება. იგივე დაადასტურა მან სასამართლოში ჩვენების მიცემის დროსაც.
7. გამართლებული გ. ჩ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ. საკასაციო შესაგებლით ითხოვენ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, რამეთუ მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების რაიმე წინაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ გ. ჩ. 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინების საფუძველზე, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ა. რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №... საქმეზე, გ. ჩ. მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. განსჯის საგანია: გამოკვეთილია თუ თუ არა გ. ჩ. ქმედებაში დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენის შემადგენლობა და, შესაბამისად, ჩაიდინა თუ არა მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა მისი ბრალეულობა, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია.
3. გ. ჩ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ, ძირითადად, ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, შეუძლებელს ხდიდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, მიუთითა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებით გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რომელი – 2022 წლის 10 თუ 18 აგვისტოს – მუქარის ეპიზოდთან მიმართებით, ედავებოდა, დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენას, ბრალდების მხარე გ. ჩ. მაშინ, როდესაც შეტყობინებასა და გამოკითხვის ოქმში თავად გ. ჩ. მიუთითებდა, როგორც ერთ, ისე – მეორე დანაშაულებრივ ეპიზოდზე, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, რ. ჩ. მუქარასთან დაკავშირებით, გ. ჩ. ერთმნიშვნელოვნად იცრუა, რითაც ფაქტობრივი საფუძველი გამოეცალა ცრუ დასმენისათვის მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
4. საკასაციო სასამართლო თანმიმდევრულად მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ მასალებს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტების კვალდაკვალ, პირველ ყოვლისა განსჯის, არის თუ არა ბრალდების შესახებ დადგენილება ბუნდოვანი და გაურკვეველი, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ანუ, სხვაგვარად რომ ითქვას, განჭვრეტადი იყო თუ არა გ. ჩ-სთვის, რაში მდგომარეობდა მისი ბრალდების არსი და, კონკრეტულად, რას ედავებოდა მას ბრალდების მხარე. კერძოდ:
5. საქმეში წარმოდგენილი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის – ფორმა №1-ის – მიხედვით, 2022 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ... რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის №... საქმეზე, გ. ჩ. მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
6. სისხლის სამართლის №... საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ გ. ჩ. შეტყობინება, რომელსაც საკასაციო სასამართლო დეტალურად ქვემოთ მიმოიხილავს და რომლის მიხედვით, გ. ჩ. სამართალდამცავებს აცნობა, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს, რ. ჩ. დაუშინა ქვები, ვ. ბ. კი – აგინა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. ამავდროულად, გ. ჩ. მიუთითა, რომ რ. ჩ., რომელიც გამუდმებით თავს ესხმის, 2022 წლის 18 აგვისტოს, დაუწყო გინება, ლანძღვა, მუშტების ქნევა და ხმამაღლა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
7. შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ გ. ჩ. შეტყობინებაში გაცხადებულ გარემოებებთან დაკავშირებით, საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად, მოწმეების სახით გამოიკითხნენ: გ. ჩ. და მისი მეუღლე – ი. ჩ.; რ. ჩ.; დედამისი – მ. ჩ.; ვ. ბ. მისი მეუღლე – შ. ბ.; სიძე – ს. ო.; მათი მეზობლები: მ. ლ. და ლ. ბ., ასევე – სოფელ ა. სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები – ლ. დ, მ. ა., მ. ვ. და გ. ც.
8. 2022 წლის 31 აგვისტოს გ. ჩ. წარედგინა ბრალდება შემდეგი ფორმულირებით: 2022 წლის 19 აგვისტოს გ. ჩ. შეტყობინების საფუძველზე, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ა. რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №. საქმეზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გ. ჩ. №. შეტყობინება, თითქოსდა, რ. ჩ. ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან ასევე დაადასტურა 2022 წლის 19 აგვისტოს, გამოკითხვისას, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რა დროსაც, ცრუდ დაასმინა რ. ჩ. მუქარის ჩადენისათვის. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა რ. ჩ. მიერ გ. ჩ. მიმართ მუქარის ფაქტი.
9. 2022 წლის 6 სექტემბერს გ. ჩ. დამატებითი გამოკითხვის შემდეგ, 2022 წლის 9 სექტემბერს მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ იქნა და დათვალიერდა 2022 წლის 10 აგვისტოს ვიდეოჩანაწერი.
10. 2022 წლის 4 ოქტომბერს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილ იქნა და დათვალიერდა 2022 წლის 19 აგვისტოს გ. ჩ.№------- შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ხოლო 2022 წლის 17 ოქტომბერს – შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“, რ. ჩ.- დედის – მ. ჩ. – 2022 წლის 10 აგვისტოს №------- შეტყობინება.
11. 2022 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, 2022 წლის 10 აგვისტოს გ. ჩ. მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, ვინაიდან სისხლის სამართლის №... საქმეზე, 2022 წლის 18 აგვისტოს მუქარასთან დაკავშირებით, გამოძიება ამოიწურა და საქმე უნდა წარმართულიყო სასამართლოში, ხოლო, 2022 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით, ჩასატარებელი იყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.
12. ამდენად, ბრალდების შესახებ დადგენილებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც იხილავს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო, ბრალდების მხარე გ. ჩ. ედავებოდა, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინებით, რომ, თითქოსდა რ. ჩ. ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ცრუდ დაასმინა იგი დანაშაულის ჩადენაში, რაც გ. ჩ. ასევე დაადასტურა, მისივე ზემოაღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, დაწყებული გამოძიების დროს, 2022 წლის 19 აგვისტოს, მოწმის სახით გამოკითხვისას. ხაზგასასმელია, რომ შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინებისას გ. ჩ. რ. ჩ. მის მიმართ მუქარაში ადანაშაულებდა მხოლოდ 2022 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით, ხოლო 2022 წლის 10 აგვისტოს მომხდართან დაკავშირებით, ამტკიცებდა, რომ რ. ჩ. დაუშინა ქვები, ვ. ბ. კი დაემუქრა. შესაბამისად, სამართალდამცავებისათვის გ. ჩ. არ შეუტყობინებია, რომ რ. ჩ. 2022 წლის 10 აგვისტოს ემუქრებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ცრუ დასმენა ფორმალური დანაშაულია და დასრულებულია ვინმეს ბრალეულობის შესახებ სამართალდამცავების დეზინფორმირების მომენტიდან. განსახილველ საქმეზე კი დადგენილია, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინებისას გ.- ჩ. რ. ჩ. ამხელდა მხოლოდ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩადენილ მუქარაში. ამდენად, სწორედ ამ დანაშაულში – 2022 წლის 18 აგვისტოს მუქრაში – ცრუ დასმენისათვის წარედგინა მას ბრალდება. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ გ. ჩ. სამართალდამცავებისათვის შეტყობინებასა და გამოკითხვისას, მის წინააღმდეგ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულში ამხელდა მხოლოდ რ. ჩ., ხოლო 2022 წლის 10 აგვისტოს – რ. ჩ. და ვ. ბ-ს, შესაბამისად, ვინაიდან სადავოდ გამხდარი ბრალდების შესახებ დადგენილების ფორმულირების მიხედვით, გ. ჩ. დანაშაულის ჩადენაში ცრუდ დაასმინა რ. ჩ., რომელსაც აბრალებდა სწორედ 2022 წლის 18 აგვისტოს დანაშაულის ჩადენას და არა – რ. ჩ. და ვ. ბ., რომელთა ერთობლივ დანაშაულზეც მიუთითებდა იგი 2022 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით, ცხადია, რომ გ. ჩ.ბრალადშერაცხილი ჰქონდა მხოლოდ 2022 წლის 18 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით რ. ჩ. ცრუდ დასმენა. მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ, რომელშიც არაორაზროვნად არის გაცხადებული, რომ გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოში წარიმართა 2022 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით ცრუ დასმენისათვის, ხოლო 2022 წლის 10 აგვისტოს ფაქტზე, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გაგრძელდა. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არასდროს ყოფილა მითითებული, რომ გ. ჩ. ბრალი წარდგენილი ჰქონდა 2022 წლის 10 და 18 აგვისტოს ეპიზოდებთან მიმართებით, რ. ჩ. ცრუ დასმენისათვის, რაც 2022 წლის 10 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ცალკე წარმოებად გამოყოფის შემდეგ, გააჩენდა სწორედ ბრალდების ახალი, დაზუატებული ფორმულირების საჭიროებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ გ. ჩ. მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება ბუნდოვანია, რამეთუ არ იკვეთება, კონკრეტულად რომელ – 2022 წლის 10 თუ 18 გვისტოს – მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ედავებოდა მას ბრალდების მხარე ცრუ დასმენას, უსაფუძვლო და გაუმართლებელია, რამეთუ ბრალდების შესახებ და საქმის ცალკე წარმოებით გამოყოფის შესახებ დადგენილებების ფორმულირებებით ცალსახაა, რომ გ. ჩ. ბრალი წარედგინა და საქმე სასამართლოში წარიმართა 2022 წლის 18 აგვისტოს მუქარასთან დაკავშირებით, რ. ჩ. ცრუ დასმენის გამო, ხოლო 2022 წლის 10 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, გამოძიება გაგრძელდა.
14. სააპელაციო სასამართლოს მეორე საკვანძო არგუმენტთან დაკავშირებით აღსანიშნავია: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს მუქარასთან დაკავშირებით, უტყუარად ვერ დადგინდა გ. ჩ. მიერ რ. ჩ. ცრუდ დასმენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფელ ა. მშენებარე სკოლის გარე პერიმეტრის 2022 წლის 18 აგვისტოს ვიდეოჩანაწერები იყო ხარვეზიანი, კერძოდ, ჩანაწერის 11:05 საათზე, კადრში ჩანდა, რომ სკოლასთან მიმავალი გ. ჩ. ავტომანქანა მოექცა რ. ჩ. მხედველობის არეში, რომელიც წელში გაიმართა და უყურებდა მას, თუმცა ხარვეზის გამო, ჩანაწერში აღარ ისახებოდა რ. ჩ. შემდგომი ქმედება და, შესაბამისად, ვერც ის დგინდებოდა უტყუარად, მართლაც ხომ არ იკვეთებოდა ამ ეპიზოდში მისი მუქარისშემცველი ქცევა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი მართალია არ ადასტურებდა რ. ჩ. მიერ მუქარის ფაქტს, თუმცა, იმავდროულად, ცალსახად არც გ. ჩ. მიერ სამართალდამცავებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას გამორიცხავდა.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მტკიცების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ, რელევანტურ მტკიცებულებებს და შეაფასებს, რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა უტყუარ და საკმარის საფუძველს გ. ჩ. დანაშაულის ჩადენაში ცრუ დასმენისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
16. გ. ჩ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხის გამოსარკვევად და იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენაში ცრუდ დაასმინა თუ არა მან რ. ჩ., ცხადია, უპირველესად ყურადსაღებია 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ გ. ჩ.შეტყობინებისა და 2022 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმის შინაარსი.
17. საქმეში წარმოდოდგენილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ოპერატორთან გასაუბრებისას, გ. ჩ. აღნიშნავს:
„ – ასე, 10 აგვისტოს, ღამე, 10 საათზე, მომიწყვეს ჩასაფრება რ. ჩ. და ვ. ბ.. რ. ჩ. დამიშინა ქვები, ვ. ბ. მაგინა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამემუქრა და მთელი ამბები ... ძლივს დავიხსენი თავი და გამოვაღწიე ამ სიტუაციიდან. ამის შესახებ მე პოლიციას მოვახსენე ... მაგრამ არავითარი რეაგირება. მე მჭირდება დაცვა. გუშინაც ასე, რ. ჩ. გადაკიდებულია ჩემზე. სადაც დამინახავს, მაგინებს, მაყენებს შეურაცხყოფას, საშველს არ მაძლევს. სანამ სისხლისღვრამდე მივა და სანამ იმამდე ... კატასტროფამდე შენი ჭირიმე, თუ შეიძლება, თქვენ მაინც დამეხმარეთ და მიიღეთ საჭირო ზომები იმისათვის, რომ ეს ადამიანი ან ჩამომაშოროთ ან რაღაცა იმასაქნათ.“
...
„ – გამუდმებით... გამუდმებით თავს მესხმის...“
...
„ – ეს ფაქტი გუშინ მოხდა?“
„ – გუშინ კიდევ, ისაა, დამინახა თუ არა რ. ჩ., დამიწყო გინება, ლანძღვა, მუშტების ქნევა და მუქარები. ხოდა გუშინ კიდევ ვიფიქრე, ვიკავებდი თავს, მაგრამ არ შეიძლება თავის შეკავება რა, არ შეიძლება ამაზე... სულ გამუდმებით...“
„ – რითი გემუქრება?“
„ – ქუჩაში ვეღარ უნდა გამოხვიდე!“
„ – რითი გემუქრებიან ბატონო?“
„ – როგორ?“
„ – სიცოცხლის მოსპობით ბატონო, ასე გიზავ და ისე გიზავ, დაგჩეხავთ!“
18. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ გ. ჩ.შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს, საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ა. რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის №. საქმეზე, გ. ჩ.მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ხოლო შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, იმავე დღეს, 17:27-18:41 საათზე, გამოძიების მიერ, მოწმის სახით გამოიკითხა გ. ჩ., რომელმაც 2022 წლის 18 აგვისტოს მომხდართან დაკავშირებით, განმარტა:
19. „გუშინ, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით, 14:00 საათზე, როდესაც ჩემი კუთვნილი „ჰიუნდაი-ტუქსონის“ ავტომანქანით მივდიოდი ჩემს სახლში, ჩვენს სოფელში მიმდინარე სკოლის მშენებლობის ობიექტზე, სამშენებლო ტერიტორიაზე დავინახე, მუშაობდა რ. ჩ., რომელმაც დამინახა თუ არა, გაჩერდა, ხმამაღლა დამიწყო გინება, მუშტების ქნევა და ისევ მუქარა ჩემი სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მუშტებს მიღერებდა, დედის მისამართით მაგინებდა და მეუბნებოდა, რომ მოგკლავ, შენი დედაო. მოგახსენებთ, რომ მე აღნიშნული ქმედების დანახვაზე, არ შევაჩერე ავტომანქანა და შეუჩერებლად წავედი სახლში, რის შემდეგაც სახლიდან აღარც ქვეითად და აღარც ავტომობილით აღარ გავსულვარ. მოგახსენებთ, რომ რ. ჩ. 18 აგვისტოს ჩემზე მუქარის დროს იმყოფებოდა მარტო.“
...
„2022 წლის 18 აგვისტოს, როდესაც გზაზე გასვლისას სამშენებლო ობიექტიდან, მუჭების დაქნევითა და ხმამაღალი სიტყვებით მე დამემუქრა მოკვლით რ. ჩ., მიუხედავა იმისა, რაიმე ნივთი არ ეჭირა და არც სროლა უცდია, ამ დროს მისი მუქარა აღვიქვი რეალურად, ვინაიდან იგი გზის ნაპირიდან იქნებოდა, დაახლოებით, 10 მეტრის მანძილზე და ვიფიქრე, რომ თუ შევაჩერებდი ავტომანქანას, იგი ფიზიკურად გამისწორდებოდა და მომაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.“
20. თავის მხრივ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, რ. ჩ. დაადასტურა, რომ გ. ჩ. არის მისი ბიძა და მათ ერთმანეთთან აქვთ ცუდი ურთიერთობა. გ. ჩ. გამოხატავს აგრესიას მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ. 2022 წლის 18 აგვისტოს მუშაობდა სოფელ ა., სკოლის მშენებლობაზე, რა დროსაც, გზაზე კუთვნილი ავტომანქანით გაიარა გ. ჩ., რომელიც დაინახა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. მათ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ამ დროს მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. გ. ჩ. იგი არასდროს დამუქრებია.
21. საპირისპიროდ, გ. ჩ. სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს მანქანით გაიარა მშენებარე სკოლასთან და გზიდან ათ-თხუთმეტ მეტრში დაინახა რ. ჩ., რომელმაც აგრესიულად შეხედა და, ამავდროულად, მისი ტუჩების მოძრაობით მიხვდა, რომ რაღაც დაუძახა. რ. ჩ. ჰქონდა აგრესიული გამომეტყველება და მათი კონფლიქტური წარსულის გათვალისწინებით, მისი ქმედება აღიქვა მუქარად. იფიქრა, რომ რ. ჩ. განზრახ იყო ჩასაფრებული. „112-ში“ დარეკა თავის დაცვის მიზნით. ოპერატორს შეატყობინა, როგორც 10, ასევე – 18 აგვისტოს ფაქტზე. ტყუილის თქმა არ უფიქრია, თავის დაცვა უნდოდა, ითხოვდა შველასა და ყურადღებას, რადგან 10 აგვისტოს მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა. გამომძიებელმა მისი გამოკითხვის ოქმში ჩაწერა ინფორმაცია, რომელიც მას არ მიუწოდებია, კერძოდ, 10 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოუთხრო, 18 აგვისტოზე მიუთითა, თუმცა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა, რადგან გამომძიებელს ენდობოდა.
22. დაპირისპირებული მხარეების ურთიერთგამომრიცხველი მტკიცებების გათვალისწინებით, მეტად საყურადღებოა სასამართლოში დაკითხულ იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც 2022 წლის 18 აგვისტოს იყვნენ დასაქმებულნი სოფელ ა-ს სკოლის მშენებლობაზე, კერძოდ:
23. მოწმე ლ. დ. ჩვენებით, 2022 წლის 18 აგვისტოს, რ. ჩ. მუშაობდა ა-ს სკოლის მშენებლობაზე, რომელსაც იგი მეთვალყურებდა და იმყოფებოდა იმ არეალში, რომელშიც – სხვა მუშები. რ. ჩ., მისგან, დაახლოებით, 12-15 მეტრის დაშორებით, ასრულებდა, როგორც გარე, ასევე – შიდა სამუშაოებს. მშენებლობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც იწერს მხოლოდ ვიზუალურ გამოსახულებას, ხმას – არა. შემთხვევის დღის ჩანაწერებში, რომლებიც მან ნახა, არავის მუქარის ფაქტი არ არის ასახული. მსგავსი არც დაუნახავს და არც გაუგონია. არც სხვა დასაქმებულებისგან სმენია, რომ შემთხვევის დღეს მშენებლობაზე რამე მოხდა.
24. მოწმე მ. ა. ჩვენებით, 2022 წლის 18 აგვისტოს რ. ჩ. ერთად მუშაობდა ა-ს სკოლის მშენებლობაზე. ამ დღეს გ. ჩ. პირადად არ უნახავს, თუმცა დაინახა, რომ გზაზე მისმა მანქანამ ჩაიარა. ამ დროს რ. ჩ. მისგან იქნებოდა, დაახლოებით, თხუთმეტი-ოცი მეტრის მანძლზე. გზა სამშენებლო ობიექტიდან არის, მაქსიმუმ, ოც მეტრში. შემთხვევის დღეს რ. ჩ. მიერ გ. ჩ. მიმართ მუქარა არც დაუნახავს და არც გაუგია. არც ყვირილი ყოფილა. ხმაური რომ ყოფილიყო, გაიგებდა.
25. მოწმე მ. ვ. ჩვენებით, 2022 წლის 18 აგვისტოს რ. ჩ., მ. ა., გ. ც.-სა და ლ. დ. ერთად მუშაობდა ა-ს სკოლის მშენებლობაზე. ის და გ. ც. ძირითადად შიდა სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა გარეთაც უწევდათ გასვლა. რ. ჩ. ვერ ხედავდა, მხოლოდ მაშინ – თუ გარეთ გადიოდა. შემთხვევის დღეს ობიექტთან ჩავლილი გ. ჩ. ავტომანქანა არ დაუნახავს, არც არავის მუქარა გაუგონია და არც ხმამაღალი საუბარი. მსგავსი რომ ყოფილიყო, გაიგებდა.
26. მოწმე გ. ც. ჩვენებით, 2022 წლის 18 აგვისტოს მუშაობდა სკოლის მშენებლობაზე. თავად, ძირითადად, ასრულებდა შიდა სამუშაობს. რ. ჩ. ხედავდა, როცა კოჭებს აწვდიდა მ. ა. იქნებოდა მისგან, დაახლოებით, თოთხმეტ-თხუთმეტ მეტრში. არც გაუგია და არც დაუნახავს, რ. ჩ., ვინმესთვის ხელით ენიშნოს ან დაეყვიროს რამე. ყვირილი და მუქარა არ ყოფილა. არც უცხო პირი დაუნახავს ვინმე. მის წინ კედელი იყო და გზას ვერ ხედავდა. ჩხუბი ან ხმამაღალი საუბარი რომ ყოფილიყო, გაიგებდა. რაიმე შემთხვევის შესახებ არც სხვებისგან სმენია რამე.
27. საქმეზე გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს ა. რაიონის სოფელ ა-ს მშენებარე სკოლის შენობა, რომლის ჩრდილოეთით, ეზოსთან ახლოს, გადის საავტომობილო, გრუნტოვანი გზა. მშენებლობაზე რ. ჩ. მიდის 2022 წლის 18 აგვისტოს, 09:06:17 სთაათზე, შემოუვლის შენობას და ეზოს გავლით შედის შენობის კარში, უერთდება სხვა მუშებს და იწყებს მუშაობას, როგორც შენობის შიდა, ასევე – გარე პერიმეტრზე. 09:35:16 საათზე, რ. ჩ. გადის შენობის გარეთ, გზის საპირისპირო მხარეს, ეზოში და მუშაობს, ხოლო 09:36:12 საათზე ბრუნდება შენობაში, საიდანაც საავტომობილო გზა არ ჩანს. ამ დროს, საავტომობილო გზაზე, 09:40:08 საათზე, ჩანს მარჯვნიდან მარცხნივ მოძრავი, მუქი ფერის, მაღალი გამავლობის ავტომანქანა – „ჰიუნდაი-ტუქსონი“, რომელსაც სახურავზე აქვს ბარგის დასამაგრებელი ორი კონსტრუქცია. ავტომანქანა შეუჩერებლად მოძრაობს და ისე სცდება სამშენებლო ტერიტორიას, რ. ჩ., რომელიც შენობის შიგნითაა, რაიმე სახის კონტაქტი არ აქვს. 10:22:21 საათზე რ. ჩ. კვლავ შედის შენობაში და პერიოდულად ჩანს, როგორ მუშაობს შიდა სივრცეში. ამ დროს, საავტომობილო გზაზე მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს იგივე „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც შეუჩერებლად გაივლის და 10:26:44 საათზე ეფარება თვალს. რ. ჩ. ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, მათ შორის რაიმე სახის კონტაქტი კვლავ შეუძლებელია. 10:56:27 საათზე რ. ჩ. ისევ შედის მშენებარე ობიექტის კარში და ეზოდან ეზიდება სამშენებლო ინვენტარს. ამ დროს, 10:57:00 საათზე, გზაზე ჩნდება მარჯვნიდან მარცხნივ მომავალი, იგივე „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც შეუჩერებლად აგრძელებს გზას და 10:57:07 საათზე ტოვებს ტერიტორიას, ისე რომ, დროის ამ მონაკვეთში, რ. ჩ. შენობიდან არ გამოსულა. 11:02:00 საათზე რ. ჩ. იდის მშენებარე ობიექტის ჩრდილოეთის ანუ საავტომობილო გზის მოსაზღვრე ეზოში და იწყებს ხის მასალების მეორე სართულზე შეწყობას. 11:05:49 სთაათზე გზაზე ჩნდება მარცხნიდან მარჯვნივ მომავალი იგივე „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომლის გამოჩენისას, რ. ჩ. ხელში უკავია მოზრდილი ხის კოჭა, რომელიც მიაქვს შენობის შუა ნაწილისაკენ და დებს, ისე, რომ გზისკენ არის ზურგით, გადააბიჯებს, იხრება და ხელებით ასწორებს, ისე, რომ რომ გზისკენ არ ბრუნდება. ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას და 11:05:55 საათზე სცდება სამშენებლო ობიექტს, რა დროსაც რ. ჩ. ჯერ კიდევ კოჭებს ასწორებს. რაიმე ჟესტიკულაცია ან მუშტების მოღერება, ამ დროს, კადრში არ ჩანს. 11:17:52 საათზე რ. ჩ. შენობის კარიდან გამოდის, ეზოში იღებს სამშენებლო ინვენტარს და 11:18:19 საათზე ბრუნდება შენობაში. 11:18:46 საათზე გზაზე, მარჯვნიდან მარცხნივ, ისევ შეუჩერებლად მოძრაობს იგივე, „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც 11:18:54 საათზე შეუჩერებლად ტოვებს ტერიტორიას. 12:20:44 საათზე იგივე, „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, გზაზე მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ და 12:20:51 საათზე სცდება მშენებლობის ტერიტორიას. ამ დროს, რ. ჩ. ისევ შენობის შიდა სივრცეში მუშაობს. გზის მიმდებარედ, ეზოში იმყოფება მხოლოდ ლ. დ.. 12:27:25 საათზე, გზაზე ისევ ჩნდება მარჯვნიდან მარცხნივ მოძრავი, იგივე „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც 12:27:32 საათზე ტოვებს ტერიტორიას. ამ დროს ეზოში ისევ მხოლოდ ლ. დ., ხოლო რ. ჩ. ისევ შენობის შიდა სივრცეში მუშაობს და ავტომანქანასთან ვერანაირი კონტაქტი ვერ ექნება. იგივე „ჰიუნდაი-ტუქსონის“ მარკის ავტომანქანა, შემთხვევის დღეს, ბოლოჯერ, 15:41:58 საათზე გამოჩნდა გზაზე, მარცხნიდან მარჯვნივ და ისევ შეუჩერებლად დატოვა იქაურობა 15:42:08 საათზე, რა დროსაც რ. ჩ. ისევ შენობის საპირისპირო მხარესაა და სამშენებლო მასალებს ეზიდება შენობის შიდა სივრცეში. მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ისევ შეუძლებელია ავტომნაქანასთან მისი რაიმე სახის კონტაქტი.
28. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: „საქმის არსებითად განხილვის დროს, 2023 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული დისკები სოფელ ა-ს მიმდინარე სკოლის სარემონტო სამუშაოების ვიდეოჩანაწერით. მე-4 დისკზე არსებულ N. ფაილის ჩანაწერზე, 11:05:51 წუთზე ჩნდება გ. ჩ. ავტომობილი, რომელიც ნელი სვლით ჩაივლის. ამ მომენტში რ. ჩ. მიაქვს ფიცრის ნაჭერი, აგდებს ძირს და თვალს აყოლებს გ. ჩ. ავტომანქანას. შემდეგ სწორდება და მისი სახე, ხელები და შესაძლო ჟექსტიკულაცია, კადრის ხარვეზის გამო აღარ ჩანს“, რაც ფაქტობრივად დაუდო კიდეც საფუძვლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გ. ჩ. წარდგენილ ბრალდებაში – დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენაში – უდანაშაულოდ ცნობას, რამეთუ მიიჩნია, რომ გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის 11:05:51 საათზე არსებული ხარვეზის გამო, უტყუარად ვერ დგინდებოდა, დროის ამ მონაკვეთში, იკვეთებოდა თუ არა რ. ჩ. მუქარის შემცველი ქცევა და, შესაბამისად, უტყუარად ვერ დასტურდებოდა გ. ჩ. მიერ რ. ჩ. დანაშაულის – სიცოცხლის მოსპობის მუქარის – ჩადენაში ცრუდ დასმენა, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ გ. ჩ. 2022 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვისას, ცალსახად მიუთითა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით, 14:00 საათზე, კუთვნილი „ჰიუნდაი-ტუქსონის“ ავტომანქანით სახლში მიმავალს, სამშენებლო ტერიტორიაზე მყოფმა რ. ჩ. ხმამაღლა დაუწყო გინება, მუშტების ქნევა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მნიშვნელოვანია, რომ გ. ჩ. მიერ, გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულის დანახვაზე, იგი ავტომანქანის შეუჩერებლად წავიდა სახლში, რის შემდეგაც სახლიდან არც ფეხით და არც ავტომანქანით გარეთ აღარ გასულა. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, უტყუარად დასტურდება, რომ 11:05:51 საათის შემდეგ, გ. ჩ. კუთვნილი ავტომანქანით კიდევ 4-ჯერ გაიარა სოფელ ა-ს მშენებარე სკოლასთან, კერძოდ, 11:18:46-11:18:54, 12:20:44-12:20:51, 12:27:25-12:27:32 და 15:41:58-15:42:08 საათებზე და, ამდენად, სავარაუდოდ, სწორედ ბოლო – 15:41:58-15:42:08 საათის – ეპიზოდთან მიმართებით, აბრალებდა იგი რ. ჩ. მის მიმართ დანაშაულის ჩადენას, რამეთუ მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მშენებლობაზე მყოფი რ. ჩ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სახლში წავიდა და იქიდან არც ფეხით და არც ავტომანქანით აღარსად წასულა. 15:41:58-15:42:08 საათზე კი, როდესაც გ. ჩ. ავტომანქანით ბოლოჯერ ჩაიარა მშენებლობასთან, დადგენილია, რომ რ. ჩ. იყო შენობის საპირისპირო მხარეს, რა დროსაც მისი და გ. ჩ. განლაგების გათვალისწინებით, შეუძლებელია მათ რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდათ ერთმანეთთან.
29. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინებისა და 2022 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვისას, გ. ჩ. დანაშაულის ჩადენაში –სიცოცხლის მოსპობის მუქარაში – ამხილა რ. ჩ., კერძოდ, დაადანაშაულა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით, 14:00 საათზე, სამშენებლო ობიექტზე მყოფმა, მოუღერა მუშტები და ხმამაღლა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; ამავდროულად, დადასტურებულია, რომ გარდა რ. ჩ., რომელმაც კატეგორიულად უარყო გ. ჩ. მიმართ მუქარის ფაქტი, მშენებარე ობიექტზე დასაქმებულმა უკლებლივ ყველა პირმა, რომელიც სადავო დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა შემთხვევის დღეს, სამშენებლო ობიექტზე, ყვირილსა და მუქარის ფაქტი, მაშინ, როდესაც გ. ჩ. თქმით, რ. ჩ. ხმამაღლა აგინებდა და ემუქრებოდა მას; და ამავდროულად, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ცხადყოფს, რომ გ. ჩ. მიერ მითიტებულ დროის მონაკვთში, მასა და რ. ჩ. შორის ფიზიკური კონტაქტი საერთოდ შეუძლებელი იყო – საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ჩ. დანაშაულის – სიცოცხლის მოსპობის მუქარაში – ცრუდ დაასმინა რ. ჩ. და, შესაბამისად, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრი ედება გ. ჩ., ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
31. სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
32. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აფასებს, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ასევე – მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელი გარემოებებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გ. ჩ. სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 240 საათით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პინქტის შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი;
3. გ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 240 საათით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით;
4. გაუქმდეს გ. ჩ. მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – და მოიხსნას აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად, გ. ჩ. საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ....) დადებული ყადაღა;
5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები – დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი