საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006529955
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №5აპ-25 ქ. თბილისი
რ-ძე გ, 5აპ-25 3 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ნათია თათიაშვილისა და მსჯავრდებულ გ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით:
1.1. გ. რ-ძე, - დაბადებული .. წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
1.2. გაუქმდა გ. რ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. რ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2010 წლიდან ვ. მ-ია თ-ში, გ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში ცხოვრობს მეუღლე - დ. რ-სა და არასრულწლოვან შვილებთან - ნ. და ლ. რ-ან ერთად. ამავე მისამართზე ცხოვრობენ დ. რ-ის ძმა - გ. რ-ძე, მეუღლე ნ. კ-სა და სამ შვილთან ერთად. ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაწევის პროცესში, თანაცხოვრების დაწყებიდან 2019 წლის 9 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, გ. რ-ძე და ნ. კ-ძე ჯგუფურად, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ ვ. მ-ზე, მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ. და ლ. რ-ის თანდასწრებით, კერძოდ, მას არ მიიჩნევდნენ მათი ოჯახის წევრად, ეუბნებოდნენ, რომ იგი იყო უბრალოდ ქალი და ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა. ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის საყოფაცხოვრებო საკითხებზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და სხვა, კამათისას სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ და ლანძღავდნენ უცენზურო სიტყვებით. თითოეულ ჯერზე ვ. მ-ია თავს გრძნობდა დამცირებულად, ტიროდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. რ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. რ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გ. რ-ის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. რ-ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ვ. მ-ას ჩვენებით, მოწმეების - დ. რ-ის, ლ. რ-ის, ნ. რ-ის, ე. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, აუდიოჩანწერის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერებითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. რ-მ ჩაიდინა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კერძოდ:
8. დაზარალებულ ვ. მ-სა და მოწმეების მოწმეების - დ. რ-ის, ლ. რ-ის, ნ. რ-ის, ე. ბ-ას ჩვენებებიდან ნათლად იკვეთება გ. რ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მისი დამოკიდებულება ძმის ოჯახისა და, კონკრეტულად, რძლის მიმართ. ოჯახის არცერთი წევრი, მისი ძმა - დ. რ-ეც კი ვერ უვლის გვერდს იმ ეპითეტებს, რომლითაც მიმართავდა გ. რ-ძე ვ. მ-ს.
9. დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებებს სრულად შეესაბამება და ავსებს წერილობითი მტკიცებულებებიც, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულება - ვ. მ-ას მიერ წარდგენილი, ლაზერულ დისკზე არსებული ინფორმაცია. ჩანაწერის დროით 00:17 წუთზე გ. რ-ძე უკრძალავს ვ. მ-ას ძმების საუბრის მოსმენას და ჩარევას, ასევე, 00:31 წუთზე ვ-ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და უწოდებს „უნამუსოს“, ხოლო 02:15 წუთიდან - 02:26 წუთამდე საუბრისას, ვ-იას ნათქვამ სიტყვებზე - „მატყუარა და თაღლითი ხარ“, - ემუქრება შემდეგი სიტყვებით“ – „ხომ ვარ თაღლითი? ხომ მიჩივლე? კი ბატონო... რასაც მიიღებ მაგას ვნახავთ... რასაც, რასაც მიიღებ მაგასა... წადი ბატონო, ვინა ხარ, ჩემ საკუთრებაში ხარ შემოჭრილი... წაბრძანდი... ძალიან კარგად წახვალ... შენი ნებით თუ არ წახვალ, პოლიციის ძალით წახვალ... ძალიან... ჩემს საკუთრებაში ბრძანდები, ძალიან კარგად წახვალ... შეგიძლიათ დაამტკიცოთ პროკურატურაში... შენ ხომ როგორ ხარ მოსული რაა... „ბოზების“ სტატუსით რომ ხარ მოსული“. ჩანაწერის დროით 02:53 საათიდან - 03:52 საათამდე შუალედში საუბრობს ნ. კ-ძე, რომელიც ვ. მ-ს მიმართავს“ რომ ვერაფერს მიაღწევს და უფრო მეტად დაძაბავს.... შემდეგ კატეგორიულად ითხოვს: იყოს ჩუმად, გაჩუმდეს და მას მოუსმინოს, რასაც უმეორებს რამდენჯერმე კატეგორიული ტონით ყვირილნარევი ხმით. ხოლო, 03:52 წუთზე რამდენჯერმე უწოდებს „მატყუარას“. აუდიოჩანაწერში ისმის ნ. კ-ის ხმა, რომელიც ვ. მ-ას მიმართ ამბობს დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ფრაზას, კერძოდ: „მოყვანის დღიდან შემოხვედი გველურად და დღემდე ხარ გველურად ... მოყვანის დღიდან“.
10. საქმეში წარმოდგენილია №.. და №... შემაკავებელი ორდერები, რომლებითაც მოძალადეებს - გ. რ-ს და ნ. კ-ს აეკრძალათ მსხვერპლთან - ვ. მ-ან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და კონტაქტი. შემაკავებელი ორდერების ოქმის სავარაუდო ძალადობის ფაბულაში აღწერილია, რომ მოძალადეებმა ფსიქოლოგიურად იძალადეს ვ. მ-ზე.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, გ. რ-ისა და ნ. კ-ის მიერ ვ. მ-ას მიმართ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია ვ. მ-ას ფსიქოლოგიური ტანჯვა.
12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. რ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ აზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას გ. რ-ის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. რ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო პალატამ გ. რ-ის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ნათია თათიაშვილისა და მსჯავრდებულ გ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე