დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.12.2011
საქმის ნომერი
ას-1634-1624-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1634-1624-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ მ. გ-ი, ვ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ნ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის აღდგენა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა და მ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ნ-ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა და ვ. მ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ისა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-სა და ვ. მ-ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2011 წლის 22 ივლისს. მ. გ-ისა და ვ. მ-ის საპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 12 აგვისტოს (საფოსტო განყოფილებაში შეტანილია 10 აგვისტოს). პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, 374-ე მუხლზე და განმარტა, ვინაიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მ. გ-სა და ვ. მ-ს გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2011 წლის 22 ივლისს, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2011 წლის 5 აგვისტო. ვინაიდან მ. გ-სა და ვ. მ-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2011 წლის 12 აგვისტოს (ფოსტას ჩაბარდა 10 აგვისტოს), სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. გ-მა და ვ. მ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცეს წარმომადგენელ მევლუდ ჩოფლიანს, რომელსაც მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება და მას ამ გადაწყვეტილებაზე უნდა შეეტანა სააპელაციო საჩივარი. მ.გ-სა და ვ.მ-ს არ ჰქონდათ საფუძველი, ევერაუდათ წარმომადგენლის მიერ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელმა დაარღვია საპროცესო ვადა, კერძო საჩივრის ავტორებმა დაკარგეს შესაძლებლობა, გასაჩივრებული გადაწყვეტყილების უსწორობა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაედასტურებინათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ი და ვ. მ-ი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, ხოლო მათი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ისა და ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 22 ივლისს ჩაიბარა მ. გ-მა (შეტყობინების ბარათის თანახმად, მას ხელს აწერს მ.გ-ი და მიუთითებს ვ.მ-ის პირადობის მოწმობის პირად ნომერს ხ. ს.ფ.174). სადავო არაა ის გარემოება, რომ მ. გ-ისა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი «თNთ-ს» საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2011 წლის 10 აგვისტოს (იხ. საფოსტო გზავნილი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4331 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედებულია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ზუსტად და უტყუარად არკვევს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რადგანაც კანონის მითითებული დანაწესის სწორად განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. აღნიშნული კი უზრუნველყოფილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს (სსსკ-ის მე-2 მუხლი), ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება-აღდგენის დაუშვებლობის თაობაზე გამომდინარეობს მეორე მხარის ინტერესიდან, რათა მართლმსაჯულების განხორციელებისას დაუსაბუთებლად არ დაირღვეს მისი დაცვადი ინტერესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევის ზოგადი წესი და კანონმდებელი განმარტავს, რომ ნორმის სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის შეტყობინების ჩაბარება ნამდვილია და ითვლება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობაა.

საქმის მასალებისა და კერძო საჩივარის არგუმენტების შესწავლით პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორები გზავნილის ჩაბარების ფაქტს ადასტურებენ.

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 22 ივლისს და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა, თანახმად სამოქალაქო სპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა, დაიწყო 2011 წლის 23 ივლისს _ მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2011 წლის 5 აგვისტოს, პარასკევს. მხარემ კი სააპელაციო საჩივრით ფოსტის განყოფილებას მიმართა ამავე წლის 10 აგვისტოს, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მხარემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საკასაციო პალატა სავსებით დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მ.გ-ისა და ვ.მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საკასაციო პალატა დასაბუთებულად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მოსარჩელეებმა, ადვოკატის დაუდევრობის გამო, დაკარგეს მათი უფლების საკასაციო წესით დაცვის შესაძლებლობა და ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ მიუთითებს შემდეგზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 99-ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

დასახელებული ნორმებით კანონმდებელმა დაადგინა რა საქმის წარმოების შესაძლებლობა წარმომადგენლის მეშვეობით, სრულიად სამართლიანად დაუტოვა მხარეს უფლება, თავადაც განახორციელოს საპროცესო უფლებები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლო საპროცესო მოქმედებას შესრულებულად თვლის, თუ ის განხორციელებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში და არ აქვს მნიშვნელობა აღნიშნული შეასრულა უშუალოდ მხარემ, თუ მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი დანაწესი არ ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას თუ ის (ივარაუდება შეუსრულებლობა) განხორციელებულია უშუალოდ მხარის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ზემოაღნიშნული არგუმენტი და არ არსებობს მისი გაზიარების წინაპირობა, უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო წარმომადგენლის ქმედებას მხარის მიერ საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით გაშვებულად ჩათვლია, მაინც არ იარსებებს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რადგანაც, მსგავსად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის იმპერატიული დანაწესისა, ამავე კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილია, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით პირდაპირაა განსაზღვრული, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ისა და ვ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ისა და ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.