განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 17.06.2025
საქმის ნომერი
2კ-1384აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122005747968

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1384აპ-24 ქ. თბილისი

მ. ი.1384აპ-24 17 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ნ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ი. მ–ის, – პირადი ნომერი ........, – და ვ. კ–ის, – პირადი ნომერი ...., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2016 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 და მე-16 მუხლების საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაედასტურებინათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე.

აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ ზ. ბ–ემ, რ. მ–მა, ვ. ზ–მა და ბ. ლ–მა – მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ფართობის და ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთებს.

დანაშაულებრივი ჯ–ის წევრები დაუკავშირდნენ ვ. კ–ეს, რომელსაც გაანდეს მათი განზრახვა და შეთანხმდნენ, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების გზით, ერთობლივად დაეუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გ–ის რაიონის სოფელ კ–ში მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მათ დაამზადეს ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული N---- მიღება-ჩაბარების აქტი – რომლის მიხედვით, თითქოსდა ვ. კ–ეს 1994 წლის 10 ნოემბერს, გ–ის რაიონის სოფელ კ–ში, მიწის რეფორმის ფარგლებში გამოეყო 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – რომლის შინაარსი და მიწის ნაკვეთის ჩაბარების ფაქტი ვ. კ–ემ ხელმოწერით დაადასტურა. იმავდროულად, მათ შეადგინეს აღნიშნული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

მიწის ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად, 2017 წლის 12 სექტემბერს, ვ. კ–ემ გამოიყენა ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინა ზემოაღნიშნული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები გადააგზავნა გ–ის მუნიციპალიტეტის მერიაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს მოწმეებთან ერთად მიწის ნაკვეთების იდენტურობა დაედგინა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია.

2018 წლის 12 იანვარს, ვ. კ–ისა და დანაშაულებრივი ჯ–ის წევრებისათვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ი. მ–ემ მონაწილეობა მიიღო და გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. კერძოდ, სოფელ კ–ში გ–ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის – ბ. ლ–ის მიერ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი, N....., ოქმის შედგენისას ხელი მოაწერა აღნიშნულ ოქმს, რომლის თანახმად, მისი და გ. ი–ის თანდასწრებით, თითქოსდა ადგილზე დათვალიერდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი და მათ მიერ თითქოსდა დადგენილი იქნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული, აზომვით ნახაზზე არსებული და დათვალიერებული მიწის ნაკვეთი იყო ერთი და იგივე.

აღნიშნული ყალბი დოკუმენტების – დათვალიერების N.... ოქმის და მიღება-ჩაბარების N.... აქტის – საფუძველზე, 2018 წლის 23 იანვარს, ვ. კ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 5000 კვ.მ. ფართის ........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 77500 ლარის მატერიალური ზიანი.

1.2. აღნიშნული ქმედებით ი. მ–ემ ჩაიდინა: თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ხოლო ვ. კ–ემ – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯ–ის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით:

2.1. ვ. კ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

2.1.2. ვ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.2. ი. მ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

2.2.1. ი. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 4 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა მოითხოვა ვ. კ–ის და ი. მ–ის, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და ასევე – მათთვის მსჯავრადშერაცხილი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული, დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

3.2. მსჯავრდებულმა ი. მ–ემ და მისმა ადვოკატმა ნ. ნ–მა მოითხოვეს ი. მ–ის სრულად გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ნ. ნ–ი ითხოვს ი. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას;

5.2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ითხოვს ი. მ–ისა და ვ. კ–ის დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე – მათთვის მსჯავრადშერაცხილი თაღლითობის ნაწილში დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 26 დეკემბრის წერილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N1-337-22 საააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორი არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო მოვალე – ვ. კ–ე, – აღსრულებულია.

6.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 14 აგვისტოს წერილის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის N1-337-22 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ი. მ–ეს სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2024 წლის 9 აგვისტოს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრეს ბრადებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ითხოვს ი. მ–ისა და ვ. კ–ის დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე – მათთვის მსჯავრადშერაცხილი თაღლითობის ნაწილში დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ნ–ი ითხოვს ი. მ–ის სრულად გამართლებას.

2.1. აღნიშნული განაჩენი ვ. კ–ეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სასამართლო განხილვის საგანს არ წარმოადგენს ვ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენს ამ ნაწილში გადასინჯავს მხოლოდ სასჯელის კანონიერების ნაწილში.

2.1.1. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენით დაადგინა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი ოფიციალურ დოკუმენტები, თუმცა, განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტების გაყალბების ნაწილში ვ. კ–ის და ი. მ–ის ქმედებები თაღლითობის/თაღლითობაში დახმარების შემადგენელი ელემენტებია და დამატებით კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით აღარ საჭიროებს.

2.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ასევე: ჩაიდინა თუ არა ი. მ–ემ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული; კანონიერია თუ არა აღნიშნული დანაშაულისათვის მის მიმართ შეფარდებული სასჯელი; ი. მ–ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ვ. კ–ის მიერ – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – თაღლითობის – შემადგენელ ნაწილს და არ საჭიროებს ცალკე კვალიფიკაციას.

2.2.1. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით დადგინდა, რომ ვ. კ–ემ გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც გამოიყენა და აღნიშნული დაცვის მხარემ არ გაასაჩივრა, – საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ ნაწილში ვ. კ–ის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების დამატებით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით კვალიფიკაციის საკითხი.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ნ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

4.1. ვ. კ–ემ 2017 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა, მათ შორის, მიწის მიღება-ჩაბარების N---- აქტი (ტ. N1; ს.ფ. 82-83);

4.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 26 ოქტომბერს წერილით მიმართა გ–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, და ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულის მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურება (ტ. N1; ს.ფ. 139);

4.3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმის თანახმად, გ–ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა – ბ. ლ–მა – სოფელ კ–ში, 2018 წლის 12 იანვარს, ვ. კ–ესთან, გ. ი–სა და ი. მ–ესთან ერთად დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და დაადგინა მისი იდენტურობა მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ მიწის ნაკვეთთან (ტ. N1; ს.ფ. 164-166);

4.3.1. აღნიშნული ოქმის დათვალიერების თარიღისა და დროის გრაფაში მითითებულია: 2018 წლის 01.12; საათი 11:00, ხოლო დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგების გრაფაში აღნიშნულია: მოქალაქე ვ. კ–ეს მეზობლები (მათ შორის, ი. მ–ე) უდასტურებენ, რომ მიღება-ჩაბარების N... აქტში (ფართობი – 0,50) და შპს ა. ჯ–ის“ მიერ მომზადებული, 5000 კვ.მ. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არის ერთი და იგივე. ოქმს ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე პირები, მათ შორის, ი. მ–ე;

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული გვერდის დათვალიერების 2019 წლის 19 სექტემბრის ოქმით და თანდართული მასალებით (ტ. N1; ს.ფ. 19-44), ასევე 2019 წლის 23 ოქტომბრის ამოღების ოქმით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ამოღებული დოკუმენტებით (ტ. N1; ს.ფ. 74-135) დგინდება, რომ ვ. კ–ემ გ–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში 2018 წლის 23 იანვარს დაირეგისტრირა 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ..... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების N.... აქტი, დამოწმების თარიღი:10.11.1994.

4.5. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 3 ოქტომბრის წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცულ გ–ის რაიონის სოფელ კ–ის საკრებულოს სოფელ მ–ის მცხოვრებთა მიწის გამოყოფის სიაში, გ–ის რაიონის კ–ის საკრებულოს 1995-2006 წლების სოფელ მ–ის მცხოვრებთა ბარათებში, გ–ის რაიონის კ–ის სასოფლო საბჭოს სოფელ კ–ის 1986-1995, 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში, ასევე სოფელ მ–ის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებში, კ–ის საკრებულოს სოფელ კ–ის მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებში, მიწის გადასახადის გადამხდელთა, მიწის მფლობელთა და მიტაცებული მიწების სიებში არ მოიძებნება ჩანაწერი ვ. კ–ის კომლის შემადგენლობისა და კომლის პირად საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 140);

4.6. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 24 იანვრის N12/გრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 01.12.2018წ. დათარიღებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N.... ოქმის მესამე ფურცელზე, გრაფაში – „დათვალიერებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები:“ ი. მ–ის სახელით, მარჯვნივ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ი. მ–ის მიერ (ტ. N1; ს.ფ.213-288/280).

5. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N.... ოქმით დასტურდება, რომ გ–ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა – ბ. ლ–მა – სოფელ კ–ში, ვ. კ–ესთან, გ. ი–თან და ი. მ–ესთან ერთად, დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და დაადგინა მისი იდენტურობა მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ მიწის ნაკვეთთან, ხოლო მოწმეების – ზ. ბ–ის, ბ. ლ–ის და რ. მ–ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, გ–ის რაიონის სოფელ კ–ში მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ვ. კ–ის სახელზე დარეგისტრირების პროცესში, რ. მ–მა, ზ. ბ–ის თხოვნით, მოიძია მოწმეები – გ. ი–ი და ი. მ–ე, რომლებმაც სოფელ კ–ის გამგეობაში, გ–ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ ბ. ლ–თან ერთად, ადგილზე გაუსვლელად, ხელმოწერით დაადასტურეს ბ. ლ–ის მიერ ყალბად შედგენილი, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი. აღნიშნული ოქმი ბ. ლ–მა გადაგზავნა საჯარო რეესტრში, რომლის საფუძველზეც მიწა დარეგისტრირდა ვ. კ–ის სახელზე.

5.1. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. კ–ემ ჩაიდინა თაღლითობა (ვ. კ–ის მიერ თაღლითობის ჩადენა არ გაუსაჩივრებია დაცვის მხარეს, შესაბამისად აღნიშნული არ არის დავის საგანი) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ხოლო ი. მ–ემ – როგორც თაღლითობაში დახმარება, ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.

5.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ნ–ის მტკიცება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N... ოქმზე ხელმოწერით თითქოსდა ი. მ–ეს დადასტურებული აქვს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის ფაქტი და იგი ამ მიწის ნაკვეთის დათვალიერებას არ ადასტურებს. აღნიშნული სადავო – N...- – ოქმი, როგორც დასათაურებით, ასევე მთელი თავისი შინაარსით, წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმს, მასში დაფიქსირებულია დათვალიერების თარიღი და დრო, შედეგი, ამასთან, ი. მ–ეს ხელი მოწერილი აქვს გრაფაში, სახელწოდებით ,,დათვალიერებაში მონაწილე პირის ხელმოწერა”, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, მას მონაწილეობა უნდა მიეღო მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა უნდა დაედასტურებინათ მხოლოდ მას შემდგომ, რაც მიწის ნაკვეთი ადგილზე დათვალიერდებოდა.

6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულებმა ყალბი დოკუმენტები დაამზადეს გამოყენების მიზნით/გამოიყენეს ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად, მოცემული ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენება იყო თაღლითობის კონსტრუქციული ელემენტი – მოტყუების ერთ-ერთი ხერხი, და ითვალისწინებს, რომ:

7. მართალია, ვ. კ–ისა და ი. მ–ის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და შემდგომში ვ. კ–ის მიერ მისი გამოყენების გზით გახდა შესაძლებელი სადავო მიწის ნაკვეთის ვ. კ–ეს საკუთრებად დარეგისტრირება, თუმცა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით/გამოყენება და თაღლითობა.

8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ისჯება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ,,მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. არსებობს მოტყუების ორი სახე – აქტიური და პასიური. ასევე მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ თაღლითობას, მოტყუების ელემენტის არსებობის გამო, ხშირად ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან აკავშირებენ, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ძირითად დანაშაულთან ერთად, დამატებითი დანაშაულის შემადგენლობას ქმნის, კერძოდ, ეს მოქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს, რაც გულისხმობს, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას“(იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის N262აპ-23 განჩინება).

9. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულია ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შემავალი ერთ-ერთი ქმედების – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება, გამოყენება – ჩადენისთანავე (მოცემულ შემთხვევაში – გამოყენების მიზნით შეძენის და გამოყენების მომენტიდან). ამასთან, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ოფიციალური წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა პირმა სასურველ შედეგს. აღნიშნული ქმედება ხასიათდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის N903აპ-23; 2019 წლის 12 მა-ს N529აპ-18 განაჩენები).

10. ბრალდების მხარე ვ. კ–ეს ედავება ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – 1994 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული N.. მიღება-ჩაბარების აქტის – დამზადებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას, ხოლო ი. მ–ეს – ვ. კ–ის თაღლითობაში დახმარების მიზნით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N.. ოქმის დამზადებას, გამოყენების მიზნით, ვ. კ–ის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით.

11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდანტით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულები ი. მ–ისა და ვ. კ–ის მიერ ჩადენილი იყო სპეციალური მიზნით – ყალბი დოკუმენტის გამოყენების მიზნით (რაც გულისხმობს გამოყენებას იურიდიული მნიშვნელობის შედეგის მიღწევის მიზნით) და ჩადენილი იყო პირდაპირი განზრახვით. კერძოდ:

11.1. ყალბია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული N.. მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, თითქოსდა ვ. კ–ეს 1994 წლის 10 ნოემბერს, გ–ის რაიონის სოფელ კ–ში, მიწის რეფორმის ფარგლებში გამოეყო 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის შინაარსი და მიწის ნაკვეთის ჩაბარების ფაქტი ვ. კ–ემ ხელმოწერით დაადასტურა. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დასაუფლებლად, 2017 წლის 12 სექტემბერს, ვ. კ–ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება;

11.1.2. ი. მ–ემ ვ. კ–ის თაღლითობაში დახმარების მიზნით, მონაწილეობა მიიღო სოფელ კ–ში გ–ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბ. ლ–ის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი N.. ოქმის შედგენაში, რომლის თანახმად, მისი და გ. ი–ის თანდასწრებით თითქოსდა ადგილზე დათვალიერდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი და მათ მიერ, თითქოსდა დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული, აზომვით ნახაზზე არსებული და დათვალიერებული მიწის ნაკვეთი იყო ერთი და იგივე.

11.1.3. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი N.. ოქმისა და მიღება-ჩაბარების N---- აქტის – საფუძველზე, ვ. კ–ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა 5000 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ......), რითაც სახელმწიფოს მიადგა 77500 ლარის მატერიალური ზიანი.

11.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, როგორც ვ. კ–ე, ისე – ი. მ–ე მოქმედებდნენ პირდაპირი განზრახვით, – მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ჩადენილი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდნენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდათ ეს შედეგი – მათი მიზანი იყო მიწის ნაკვეთზე ვ. კ–ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება, წინასწარი შეცნობით ყალბი დოკუმენტების გამოყენებით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: 1994 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული N.. მიღება-ჩაბარების აქტით, 2018 წლის 12 იანვარს, დათვალიერების N.. ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 24 იანვრის N..... დასკვნით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 3 ოქტომბრის წერილით და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ვ. კ–ისა და ი. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ვ. კ–ემ და ი. მ–ემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადებით და გამოყენებით ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებით და შემდეგ საბოლოოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით დასრულდა მათ მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, თუმცა ამ ქმედებების განხორციელებით არ დამდგარა მნიშვნელოვანი ზიანი (ე.ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი). მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ი. მ–ის დახმარებით ვ. კ–ის მიერ ჩადენილმა თაღლითობამ, რომლის ფარგლებშიც მათ მოახერხეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომაში შეიყვანა და, შედეგად, ვ. კ–ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის №1130აპ-24 განაჩენი).

14.1. შესაბამისად, ი. მ–ისა და ვ. კ–ის მიმართ ბრალადშერაცხილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

14.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 par.33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, paras 52, 56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, par. 32, ECtHR, 24/07/2007).

14.3. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ბრალდების მხარე, ი. მ–ეს ედავებოდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ვ. კ–ეს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება გამოიწვია, მაკვალიფიცირებელი გარემოების – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – მოხსნამ. აღნიშნული კი არ წარმოადგენს ახალ ბრალს ან ახალი ბრალდების შემადგენელ ელემენტს.

14.4. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ბრალადწარდგენილი) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (მსჯავრადშერაცხილი) – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) გადაკვალიფიცირება – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამსუბუქებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას.

15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

16. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

17. საკასაციო სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (ვ. კ–ემ და ი. მ–ემ ჩაიდინეს განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ი. მ–ე და ვ. კ–ე არ არიან ნასამართლევი პირები.

17.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33)

18. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით, ვ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარი, ხოლო ი. მ–ეს – ჯარიმა 2000 ლარი.

19. მსჯავრდებულების მიმართ თაღლითობის ნაწილში დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლების (მსჯავრდებულებმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით ცნეს უდავოდ, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არიან ნასამართლევი პირები) მხედველობაში მიღებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრება.

19.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მა-ს №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი).

20. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმაზე – გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ნ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. კერძოდ:

21.1. ვ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ვ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განაესაზღვროს:

21.1.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

21.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

21.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. კ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

21.2. ი. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი. მ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განაესაზღვროს:

21.2.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

21.2.2. საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 4 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

21.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. მ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. კ–ისა და ი. მ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე, საქმის განხილვის მდგომარეობით, ასევე არ ვრცელდება – ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონები, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ნ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ვ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ვ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. კ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.2. ი. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ი. მ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განაესაზღვროს:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა – 4 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. მ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე