დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 20.01.2012
საქმის ნომერი
ას-1740-1721-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.01.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1740-1721-2011 20 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილის

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. თ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბერს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ო-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, პ-ის ქუჩის ¹4 შესახვევში მდებარე შენობა-ნაგებობის 8/9 ნაწილში (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული 53,57 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნულის სანაცვლოდ მოსარჩელემ მესაკუთრე ა. ო-ს შესთავაზა სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 4250 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ა. ო-ის სასარგებლოდ გადახდა 4250 აშშ დოლარი და ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ გ. თ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, პ-ის ქუჩის ¹4 შესახვევში მდებარე ა. ო-ის საკუთრებად რეგისტრირებულ 8/9 ნაწილში (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული 53,57 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის (23,29 კვ.მ, ასევე მე-2 23,28 კვ.მ ოთახების და ეზოში არსებული 7 კვ.მ დამხმარე ფართის) მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ო-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ო-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ა. ო-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. ამდენად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საპროცეცო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობის წესების დარღვევით, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, იგი დაუშვებელია. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მას შეეძლო, მიემართა განსჯადი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ო-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ა. ო-მა არასწორად მიიჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის. მართალია, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მაგრამ გარკვეულწილად შეცვალა დასაბუთება და მიუთითა, რომ 1996 წლამდე სადავო ფართში გ.თ-ის ჩაწერის არარსებობის მიუხედავად, დადასტურებული იყო მესაკუთრის ნება სადგომით სარგებლობის უფლების დათმობაზე იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნება 2008 წელს სადავო სადგომში გ.თ-ის რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაში გამოიხატა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ არგუმენტს არ ეყრდნობოდა, შესაბამისად, ახლად აღმოჩენილია გარემოება, რომ გ. თ-ის რეგისტრაცია 2008 წელს არ მომხდარა მესაკუთრის თანხმობით და იგი ბათილად იქნა ცნობილი. გარდა ამისა, ა. ო-მა აღნიშნა, რომ იგი ითხოვდა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების, არამედ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლებას. ა. ო-ი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართავდა იმ შემთხვევაში, თუ ახლად აღმოჩენილი გარემოება ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლად გამოყენებულ ფაქტებსა და გარემოებებს შეეხებოდა. ამდენად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და იგი სასამართლოს უნდა მიეღო განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

დასახელებული ნორმა ნათლად განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის განსჯადობის საკითხს და ადგენს, რომ ხსენებული განცხადება შეტანილ უნდა იქნეს საქმის არსებითად განსხილვის შედეგად მიღებული და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. კანონის აღნიშნული დანაწესი განპირობებულია იმით, რომ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ აღსრულდება სწორედ ის გადაწყვეტილება, რომლითაც არსებითად გადაწყდა დავა და არა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების პოზიციას, რომ ა. ო-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სააპელაციო პალატაში შეიტანა განსჯადობის წესების დარღვევით, რის ნაცვლადაც მხარე უფლებამოსილია, ხსენებული განცხადებით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ანდრე ო-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სწორად დატოვა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.