საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-374აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100124009368530

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად

ცნობის შესახებ

საქმე №374აპ-25 ქ. თბილისი

ი. ბ. 374აპ-25 30 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე კაპანაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად: ბ. ი–ს – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბ. ი–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის მაისში ბ. ი–ი იმყოფებოდა ქ. მ–ში, ........ მიმდებარედ ტერიტორიაზე არსებულ ,,ჩ–ში“, რომელშიც მან შემთხვევით გაიცნო მ–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები ი. მ–ი. ბ. ი–ს და ი. მ–ს ერთმანეთთან ჩამოუყალიბდათ კარგი ურთიერთობა, რის შემდეგაც ი. მ–მა ბ. ი–ს უთხრა, რომ მისი ვალი 1800 ლარი მართებდა მ–ს რაიონის სოფელ ა–ში მცხოვრებ ხ. ო–ს და მიუხედავად არაერთი თხოვნისა, არ უბრუნებდა. ბ. ი–მა ი. მ–ს აღუთქვა დახმარება, როგორც გავლენიანმა პიროვნებამ და შეჰპირდა, რომ ფულთან დაკავშირებულ პრობლემას მოუგვარებდა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, 2010 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ი. მ–მა ხ. ო–ი სასაუბროდ და სიტუაციაში გარკვევის მიზნით დაიბარა ქ.მ–ში, რ–ს ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,თ.... ....ში“, რომელშიც ის მივიდა მ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მცხოვრებ ე. მ–ისა და თავისი მეგობრის მ. მ–ის თანხლებით. მოგვიანებით, მათი შეკრებიდან დაახლოებით 5 წუთში, მათ შეუერთდათ თ. გ–ი და ბ. ი–ი, ხოლო ხ. ო–ი იმყოფებოდა მარტო. მას შემდეგ, რაც ზემოთაღნიშნული პირები შეიკრიბენ რესტორან ,,.......ის“ ეზოში, ბ. ი–მა ი. მ–ს და ხ. ო–ს მოუწოდა შესულიყვნენ რესტორნის ერთ-ერთ ე.წ. ,,კუპეში“ და ესაუბრათ ვალთან დაკავშირებით. ბ. ი–ის მითითების შესაბამისად ი. მ–ი და ხ. ო–ი შევიდნენ რესტორნის ერთ-ერთ ,,კუპეში“, იქ დაჰყვეს დაახლოებით 15-20 წუთი, გამოსვლისთანავე რესტორნის ეზოში, ი. მ–თან მივიდა ბ. ი–ი და დაუწყო ხმამაღალი ყვირილი და ჩხუბი, თუ რატომ მოიყვანა სხვა პირი აღნიშნული საქმის მოგვარების მიზნით. ამ დროს, მათ საუბარში ჩაერია ე. მ–ი და ბ. ი–ს მოუწოდა წესრიგისაკენ. მან ბ. ი–ის აღელვება და განრისხება გამოიწვია. ე. მ–ს აუკრძალა მის საქმეში ჩარევა. ამავდროულად, შარვლის ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და ამ უკანასკნელს მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ბ. ი–მა დაზარალებულ ე. მ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ბ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ბ. ი–ს სასჯელის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავებიდან.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით:

3.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ი–ს ¼-ით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. 2024 წლის 6 მაისის დაკავების ოქმის თანახმად, 2024 წლის 6 მაისს, 18:00 საათზე დააკავეს ბ. ი–ი.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ი–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბ. მ–მა და დ. ს–მა და მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობა.

5.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე კაპანაძემ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

6.1. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი;

6.2. ბ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

6.3. ბ. ი–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;

6.4. გამართლებულ ბ. ი–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე კაპანაძემ. კასატორი ითხოვს ბ. ი–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის თანახმად (,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა), საქმე განიხილება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ. ი–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოწმეთა მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებების გათვალისწინებით არ დასტურდება ბ. ი–ის მიერ ე. მ–ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 533-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ხელახლა დაიკითხნენ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები.

11. სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას როგორც დაზარალებულმა ასევე ფაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თვითმხილველმა მოწმეებმა ბ. ი–ის მიერ ე. მ–ისათვის დანით დაჭრის ფაქტი არ დაადასტურეს. კერძოდ,11.1. დაზარალებულმა ე. მ–მა მიუთითა, რომ ბ. ი–ს მისთვის დაზიანება არ მიუყენებია, დაზიანება მიიღო ცელის მოხვედრის შედეგად, მინდორში მუშაობის დროს.

11.2. ხ. ო–მა მიუთითა, რომ ბ. ი–ს არ იცნობდა, არ დაადასტურა რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო ემახსოვრებოდა.

11.3. ი. მ–მა მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, მას დაზარალებული არსად არ წაუყვანია. ბ. ი–ს საერთოდ არ იცნობს. ამასთან, მიუთითა, რომ პოლიციამ ძალადობით მოაწერინა ხელი რამდენიმე ქაღალდზე, სასამართლოში კი ჩვენება მისცა თუ არა საერთოდ არ ახსოვს.

11.4. მ. მ–მა განმარტა, რომ ფაქტთან მიმართებით არაფერი ახსოვს.

12. სისხლის სამართლის საქმეში მოწმედ დაკითხული პირები არ ადასტურებენ ბ. ი–ის მიერ ე. მ–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტს, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ. ი–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ბრალდების მხარე კასატორის მტკიცება, რომ ბ. ი–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არის ვარაუდი, რაც საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნა.

13. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

14. „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე კაპანაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი