საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100122006231633
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №133აპ-25 ქ. თბილისი
ჩ. მ. 133აპ-25 29 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: მ. ჩ-ს – პ/ნ …. – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ-ს რ-ს ს. ა-ში, ე.წ. ,,ხ-ს ს-ს" მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ჩ. შეხვდა ლ. ი-ს, რომლის მიმართაც ჰქონდა ეჭვი, რომ მის მეუღლესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტის გამო, მ. ჩ-მ შურისძიების მოტივით განიზრახა ლ. ი-ს მკვლელობა და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას, სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ლ. ი., მიყენებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით:
2.1. მ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
2.2. მ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. მ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან 2022 წლის 14 აგვისტოდან.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და მ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. მ-მა და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელიც ითხოვს მ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. მ-ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
6.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ჩ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის არგუმენტებზე.
8. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, თვითმხილველ მოწმეთა: დ. გ-ს, ვ. ი-სა და ზ. მ-ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას და მოვლენათა განვითარებას, დაზიანებათა ხასიათს და ადგილს და ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება მ. ჩ-ს მიერ ლ. ი-ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. კერძოდ,8.1. მოწმე დ. გ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 13 აგვისტოს, ლ. ი-თან, ვ. ი-თან და ზ. მ-თან ერთად ქეიფობდა სოფელ ა-ს განაპირას, მინდორში. მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ თვითონ და ზ. მ. , ხოლო მათ მოპირდაპირედ – ვ. და ლ. ი-ები. ლ. წელზემოთ იყო შიშველი. დაახლოებით 19:00-20:00 საათისთვის, შებინდებამდე, ორი ჭიქა ღვინო ჰქონდათ დალეული, როდესაც დაინახა მ. ჩ-ს ავტომანქანა. ყველასთვის და მისთვისაც, ცნობილი იყო, რომ ლ. ი-ს და მ. ჩ-ს ერთმანეთთან ჰქონდათ არასასიამოვნო ურთიერთობა ლ. და მ-ს მეუღლეს შორის სასიყვარულო კავშირის გამო, ამიტომ, რაიმე კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, ვ. ი-მა ლ. ი-ს უთხრა, რომ გარიდებოდა ადგილს, თუმცა, ლ. სუფრიდან არ ამდგარა. მოწმის ჩვენებით, მოსული ავტომანქანიდან პირველად გადმოვიდა მ. ჩ., მას გადმოჰყვნენ მისი ძმა - ვ. ღ. და შვილი - რ. ჩ.. მათი მიმართულებით პირველად წამოვიდა მ. და როდესაც მიუახლოვდა მათ მაგიდას, დაახლოებით ერთ, ერთნახევარ მეტრში, დ. გ-მა დაინახა, რომ მ. ჩ-ს ხელში ეკავა დანა, მივიდა ლ-თან და დანა მოუქნია, შეაგინა და თან უყვიროდა, რომ უნდა დაეკოდა (სასქესო ორგანოები უნდა დაგაჭრაო). მოწმემ დაინახა, რომ მ. ჩ-მ ლ. ი-ს დანა დაარტყა წელს ქვემოთ. ამასობაში, დ.გ-მა შემოუარა მაგიდას, მივარდა მ. ჩ-ს, ხელი ჰკრა მანქანისკენ. დაინახა, რომ ვ. ღ-ს ხელში ეკავა ჯოხი. დ. გ-მა იფიქრა, რომ ლ-სთვის ვ-ს ჯოხი არ დაერტყა, ამიტომ ვ-ს ჯოხი წაართვა და მ. ამ ჯოხის გამოყენებით მიიყვანა ავტომანქანასთან. როდესაც ჩ-ები ავტომანქანით წავიდნენ ადგილიდან, დაინახა, რომ ლ. ი. ეგდო მაგიდასთან მიწაზე, ფეხში იყო დაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. აღნიშნულის შემდეგ . გადაიყვანეს საავადმყოფში, რა დროსაც იყო გონებაზე, ამბობდა, რომ იყო ცუდად, საავადმყოფოში მიიყვანისას ლ. ცოცხალი შეიყვანეს საკაცით. მოწმემ ჩვენებაში დააზუსტა, რომ მ. ჩ. ლ. ი-თან მივიდა გვერდითა მხრიდან, უთხრა – ,,ეს რა გამიკეთე, უნდა დაგკოდოო“, სხვა სიტყვები მ. ჩ-ს არ უთქვამს. მოწმის განმარტებით, მ. ჩ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ლ-ისთვის დანა დაერტყა ან ყელის ან მკერდის არეში, რადგან ლ. იყო წელსზემოთ გახდილი, იჯდა მაგიდასთან და არაფერი ეფარებოდა, ხელსაც არავინ უშლიდა. ასევე, დარტყმის შემდეგაც შეეძლო ლ-სთვის სხეულის სხვა ადგილასაც დაერტყა დანა იქამდე, სანამ დ. გ. მოუვლიდა მაგიდას და მ-ს გაარიდებდა გარდაცვლილს. მოწმის ჩვენებით, დანის დარტყმის შემდეგ მ-ს აღარ უცდია დარტყმა, მანქანაში რომ სხდებოდნენ, მ. ჩ-მ მაშინ უთხრა მათ, რომ ,,მიხედეთ მაგასო“ და დატოვა შემთხვევის ადგილი.
8.2. მოწმე ვ. ი-მა, რომელიც ასევე ლ. ი-თან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მიუთითა, რომ დაინახა თუ არა მათთან ავტომანქანით მისული მ. ჩ. , ვ. ღ. და რ. ჩ. ჩხუბის ასარიდებლად ადგომა სთხოვა, მათი წინარე ურთიერთობის გამო. ლ-მა უპასუხა, რომ ისინი საქმის გასარჩევად იყვნენ მისულები და სუფრიდან არ ადგა. შემდგომ მ. ჩ-მ ლ-ს დაარტყა დანა, სიტყვებით სასქესო ორგანოები უნდა დაგაჭრაო. მოწმის ჩვენებით, მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, რადგან, მსჯავრდებულის სიტყვების გაგონების და დანის დანახვისთანავე ადგა სუფრიდან და ტყისკენ წავიდა, რათა გარიდებოდა კონფლიქტს, ბიჭებისთვისაც დაერეკა, რათა მისულიყვნენ ადგილზე. რამდენიმე წამში მიბრუნდა მაგიდასთან, დაინახა, რომ ლ. ეგდო მაგიდის ქვეშ, არ იცის თვითონ შეძვრა ლ. იმ ადგილას, თუ არა, მ-ს ეუბნებოდა, ,,არ არის ეგრე მ., შენ როგორც გგონია“, ვ. ღ. და მ. ჩ. კი ლ-ს ფეხს ურტყამდნენ, რ. მათგან შორიახლოს იდგა. დ. გ-მა მ. წაიყვანა და ჩასვა ავტომანქანაში, რის შემდეგაც, მ. ჩ. წავიდა ადგილიდან. მოწმის განმარტებით, მ. ჩ. მოკვლით არ დამუქრებია გარდაცვლილს. მ. ჩ-ს შეეძლო და საშუალება ჰქონდა, რომ მისულიყო და ლ-სთვის დაერტყა პირდაპირ გულსა ან ზურგში, ასევე, შეეძლო, დარტყმა კიდევ გაემეორებინა, დანის დარტყმის დროს ხელს არავინ უშლიდა და შეეძლო კიდევ დაერტყა რომ სდომებოდა.
8.3. მოწმე ზ. მ-ს განმარტებით, 2022 წლის 13 აგვისტოს, როდესაც სოფელ ა-სთან ახლოს, ე.წ. ,,ხ. ს-ს“ ტერიტორიაზე, კლასელებთან ერთად ქეიფობდა მათთან ავტომანქანით მივიდნენ მ. ჩ., ვ. ღ. და რ. ჩ.. მათ დანახვაზე, ვ. ი-მა ლ. ი-ს უთხრა, რომ გარიდებოდა, მაგრამ ლ-მა უპასუხა, რომ სალაპარაკოდ მოდიოდნენ. მოწმის ჩვენებით, ჭორის დონეზე იცოდა მ-ს მეუღლისა და ლ-ს ურთიერთობის შესახებ. მ. პირველი მივიდა მათ მაგიდასთან, ლ-ს დაემუქრა სასქესო ორგანოების მოჭრით და მივარდა ლ-ს, ამ დროს დ. გ-ც წამოხტა, ყველაფერი მოხდა წამებში, მ-მ დაარტყა ლ. ი-ს, თუმცა, მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, ხელი რომ მოუქნია მ. ჩ-მ ლ-ს, ეს დაინახა. დ. გ-მა გაარიდა მ. ლ-ს. მოწმის განმარტებით მ. ჩ-მ ლ-ს უთხრა, რომ უნდა მოეჭრა სასქესო ორგანო, სხვა მუქარა, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის, მას არ გაუგონია. ასევე, განმარტა, რომ მ. ჩ-სათვის დარტყმისას ხელი არავის შეუშლია.
8.4. შესაბამისად, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მ. ჩ. ლ. ი-ს მოკვლით არ დამუქრებია. ამასთან, მოწმეთა მიერ აღწერილი შემთხვევის ვითარების გათვალისწინებით, მ. ჩ-ს ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა ერთი მხრივ, სუფრასთან მჯდომი ლ. ი-სათვის ჭრილობები მიეყენებინა სხეულის ისეთ ნაწილებში, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათოა, მეორე მხრივ კი დანით ბარძაყზე ჭრილობის მიყენების შემდეგ გაეგრძელებინა ან ეცადა მისთვის დამატებითი დაზიანებების მიყენება. აღნიშნულის საპირისპიროდ, წინააღმდეგობა არ გაუწევია დ. გ-სათვის, რომელმაც გაარიდა შემთხვევის ადგილს, ადგილზე მყოფებს უთხრა რომ მიეხედათ დაჭრილი ლ. ი-სათვის და თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა ტერიტორია. ამასთან, მ. ჩ-ს მხრიდან ლ. ი-ს მიმართ წინარე პერიოდში მუქარის შინაარსი დააზუსტა მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლე ქ. ი-მა (ლ. ი-ს მეუღლე) და მიუთითა, რომ მსჯავრდებული გარდაცვლილს სიცოცხლის მოსპობით კი არა სასქესო ორგანოების დაჭრით ემუქრებოდა.
9. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ. ი-ს გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: 1. ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, მარჯვენა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანებით, ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც უშუალოდ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ. 2. ჭრილობები მარცხენა ბარძაყის და მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჭრილობების არხის სიმცირის გამო ტრაექტორიის დადგენა შეუძლებელია. 3. ნაჭდევები ცხვირის, მარცხენა მხრის, მარცხენა იდაყვის სახსრის, გულმკერდის, მარცხენა მუხლის სახსრის და მარცხენა წვივის არეში, განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. დაზიანებები ხანდაზმულობა სიკვდილის წინა უახლოესი პერიოდი. ლ. ი-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული ჭრილობით მარჯვენა ბარძაყის არეში, რასაც მოჰყვა მარჯვენა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანება.
9.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ თ. ზ-ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ გარდაცვლილს ჰქონდა ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედის არეში, მარჯვენა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულება იყო წინა მხრიდან უკანა მხარეს, სხეულის მარჯვენა მხრიდან მარცხნივ, ფეხებსშუა მიდამოსაკენ, დაზიანდა არტერია და ვენა, რამაც გამოიწვია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა და სისხლნაკლებობის შედეგად დადგა სიკვდილი. ექსპერტის განმარტებით, თუ ჭრილობას სწრაფად, დროულად და სწორად გადაუჭერდნენ, ამას შეეძლო სისხლდენის გაჩერება, შესაბამისად, სისხლდენა თუ გაჩერდებოდა, სიკვდილი არ განვითარდებოდა. გარდაცვლილს მართალია, გადაჭერილი ჰქონდა ჭრილობა, მაგრამ, სწორი (მაქსიმალურად ზემო მხარეს უნდა გადაეჭირათ) გადაჭერა და სწრაფი დახმარება რომ ყოფილიყო, შესაძლოა სხვა შედეგი ყოფილიყო. ბარძაყის არეში დაზიანება სიცოცხლისათვის სახიფათო (სასიკვდილო) შედეგს არ იწვევს, რადგან, თუ არ მოხვდა დიდი არტერიის და ვენის არტერიაში, ბარძაყის სხვა სისხლძარღვებში საგნის მოხვედრა სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის. ადამიანის სასქესო ორგანოებს, მათ შორის, საკვერცხე ორგანოს, აქვს თავისი ფუნქცია ორგანიზმისათვის, მათი მოკვეთით ადამიანი არ კვდება, უბრალოდ ამ ორგანოს ფუნქცია იკარგება. ექსპერტის განმარტები გარდაცვლილის სხეულზე – მარცხენა ბარძაყსა და მარჯვენა იდაყვზე არსებული ჭრილობები იყო ზედაპირული, მიყენებული მჩხვლეტავ მჭრელი საგნით, მაგრამ ერთიდაიმავე საგნით იყო თუ არა მიყენებული, ამის განსაზღვრა მას არ შეუძლია, რადგანაც, შესაძლებელია, ერთი დაზიანება მიყენებული იყოს დანით, სხვა დაზიანება სხვა საგნით, შეიძლება საგანი იყოს დანა, ან სხვა საგანი, რომელსაც მეტალის ბასრი პირი და მჩხვლეტავი წვერი აქვს, შეიძლება იყოს თეფშის ნატეხიც და სხვა. რაც შეხება სხვა დაზიანებებს ნაჭდევების სახით, ეს დაზიანებები მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
10. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მ. ჩ-ს ჰქონდა ლ. ი-ს მოკვლის განზრახვა და მ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
11 . „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. მ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით) გამომდინარე ამნისტია არ ვრცელდება.
13. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჩ-ს მიმართ დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი