საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100124009865291
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №618აპ-25 ქ. თბილისი
მ. გ. 618აპ-25 11 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. მ–ს – პირადი ნომერი .........., ბრალად ედებოდა:
1.1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 18 ივლისს, 06:10 საათზე, საქართველოს შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის თ–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ მ. ბ–ის მიერ გ. მ–ის მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №........., რომლითაც გ. მ–ს აეკრძალა დედასთან - ა. მ–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე, იმ სახლთან მიახლოება, სადაც იგი ცხოვრობდა, ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. მ–მა არ შეასრულა და დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2024 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 07:35 საათზე, მივიდა ქ.თ–ში, ....... ქუჩის N.. კორპუსში, ბინა №..-ში მდებარე, ა. მ–ის საცხოვრებელი ბინის კართან, უყვიროდა მას, რომ გაეღო კარი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 07:35 საათზე, გ. მ–ი მივიდა ქ.თ–ში, ........ის ქუჩის №.. კორპუსში, ბინა №..-ში მდებარე, თავისი დედის - ა. მ–ის საცხოვრებელი ბინის კართან და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამავე ბინაში მყოფ ა. მ–ს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
2.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად დაენიშნა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი;
2.2. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელად დაენიშნა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ–ს დაენიშნა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი;
2.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2024 წლის 18 ივლისიდან - 2024 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე უდრის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთ საათს) და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვალერი გიორგაშვილმა. კასატორი ითხოვს გ. მ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი გამკაცრება;
7.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ გ. მ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.
8. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი,II-10). 8.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ძირითად სასჯელად ჯარიმის გამოყენება, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში, გ. მ–ი მსჯავრდებულია ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულების ჩადენაში.
11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა გ. მ–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, რომელიც აღიარა, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაზარალებულს მის მიმართ არ აქვს პრეტენზია – გ. მ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
12. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
13. სააპელაციო სასამართლომ გ. მ–ს მსჯავრადშერაცხილი თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020);
15. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე