დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.11.2025
საქმის ნომერი
20აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.11.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142225702237323

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №20აგ-25 ქ. თბილისი

ც. ს. 20აგ-25 13 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ს. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:

1.1. ს. ც–ის (პ/ნ ...........) მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,19,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლზე (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია);

1.2. ს. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 141-ე მუხლით (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ქვემო-ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას და მსჯავრდებულ ს. ც–ის ადვოკატ ნ. გ–ის საკასაციო საჩივრები.

4. 2025 წლის 5 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ს. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–ემ, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ს. ც–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად დაეყრდნო მსჯავრდებულის შვილის - დაზარალებულ დ. ც–ას ჩვენებას. 2025 წლის 11 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მიმდინარეობდა ს. ც–ის მიმართ სხვა - ოჯახური ძალადობის სისხლის სამართლის საქმეზე, გამოცხადდა დაზარალებული დ. ც–ა, რომელმაც განმარტა, რომ მამის მიმართ, როგორც გაუპატიურების მცდელობაზე, ასევე ოჯახურ ძალადობაზე მოიტყუა და ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას და სასამართლოს, იმ მიზნით, რომ მამას არ გაეკონტროლებინა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ოჯახური ძალადობის საქმეზე ს. ც–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. დაცვის მხარის შეფასებით, დღეის მდგომარეობით სქესობრივი დანაშაულის საქმეზეც აღარ არსებობს ს. ც–ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა; შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახეზეა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც–ის ადვოკატ ნ. გ–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–ემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას, მსჯავრდებულ ს. ც–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას, ს. ც–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.

3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

4. კასატორი განაჩენის გადასინჯვას ითხოვს მამხილებელი მოწმის ჩვენების სიყალბეზე მითითებით. კერძოდ, აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვისას მიუთითა, რომ ყალბი იყო მის მიერ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიცემული ჩვენება, რაც საფუძვლად დაედო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს გამამტყუნებელ განაჩენს ს. ც–ის მიმართ.

5. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას სასამართლო ამოწმებს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ასევე – მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით - განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში მითითებული კონკრეტული საფუძვლის არსს, ხასიათს, მის de iure მიმართებას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ კონკრეტულ წინაპირობებთან (იმისდამიუხედავად, თუ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელი ქვეპუნქტით ითხოვს მხარე განაჩენის გადასინჯვას).

6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ ნორმას –“ა” ქვეპუნქტს, რომელიც მკაფიოდ და იმპერატიულად ადგენს ანალოგიურ შემთხვევებში (როდესაც გადასინჯვის საფუძველია იმ მტკიცებულების სიყალბე, რომელიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს) რა სახის წინაპირობების არსებობაა საჭირო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისთვის. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ გარემოებას წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

7. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას ითხოვს მამხილებელი მტკიცებულების - მოცემულ შემთხვევაში მოწმის პირდაპირი მამხილებელი ჩვენების - სიყალბეზე მითითებით, აღნიშნული მოწმის მიერ სამართალწარმოების დროს მიცემული ჩვენების სიყალბე უნდა დასტურდებოდეს სასამართლოს განაჩენით (მაგალითად, აღნიშნული მოწმის მიმართ სწორედ ამ საფუძვლით გამოტანილი გამამტყუვნებელი განაჩენით) და არა მოწმის მიერ გაკეთებული განმარტებით (ზეპირი ან/და წერილობითი), რომელიმე საქმეზე სამართალწარმოების ფარგლებში.

8. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა დ. ც–ამ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა, რომ იცრუა და მამას დააბრალა გაუპატიურების მცდელობა არ ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დადგინდეს დ. ც–ას მიერ მამის წინააღმდეგ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი. სწორედ ეს განაჩენი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იქნება ს. ც–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ ს. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

10. საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 313-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს ს. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის განჩინება, მსჯავრდებულ ს. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე