საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.10.2025
საქმის ნომერი
2კ-577აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100125010861962

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №577აპ-25 ქ. თბილისი

ჯ–ა რ., 577აპ-25 16 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ჯ–ას ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

ü 2024 წლის აგვისტოში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ჯ–ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – გ. მ–ას, მასზე განაწყენებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2024 წლის 13 დეკემბერს, ქ. ზ–ში, კ–ს ქუჩაზე, დაახლოებით 16 საათზე, რ. ჯ–ამ გ. მ–ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მასზე განაწყენებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც გ. მ–ა დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და მომხდარის თაობაზე დატოვა შეტყობინება. აღნიშნულზე გაბრაზებულმა რ. ჯ–ამ ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავის არეში. დარტყმების შედეგად, გ. მ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენით რ. ჯ–ა, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი.

რ. ჯ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 14 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს რ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი გამართლების ნაწილში, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა რ. ჯ–ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ეს მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო განაჩენი გამამართლებელ ნაწილში.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას შეფასებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია გამამართლებელ ნაწილში. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა რ. ჯ–ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ რ. ჯ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, როგორც თვითონ დაზარალებულ გ. მ–ას ჩვენებით, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეების − კ. ლ–ს, თ. ე–ს, გ. ქ–ს, დ. ე–ს, მ. მ–ს, კ. ბ–ს, ს. მ–ს გამოკითხვის ოქმებით, გამოთხოვილი ინფორმაციით − ვიდეოჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით.

10. რაც შეეხება რ. ჯ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებას, ამ ნაწილით სახელმწიფო ბრალმდებელს, წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ გ. მ–ას ჩვენება, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, დაზარალებულის ჩვენების გარდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდში არსებული მტკიცებულებები, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. სწორედ ამის გამო, მტკიცებულებათა არასაკმარისობიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი