საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802225011886277
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№115 I-25 ქ. თბილისი
გ. მ.115 I-25 10 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ–ის (M. G./G.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ–ისა და გ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. გ–ის (M. G./G.) მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, მ. გ–ის (M. G./G.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები შემდეგი დანაშაულებისთვის:
1.1.1. კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა), ასევე – 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება) გათვალისწინებული ბრალდებით – 2022 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი, დაზარალებული – რ. დ. ნ.ი;
1.1.2. კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 25400 (a)(1) მუხლით (დამალული ცეცხლსასროლი იარაღის ტარება) გათვალისწინებული ბრალდებით – 2023 წლის 5 იანვრის ეპიზოდი.
1.1.3. კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა) და 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება) გათვალისწინებული ბრალდებით – 2023 წლის 11 იანვრის ეპიზოდი (დაზარალებული დ. ს.).
1.2. 2023 წლის 26 იანვარს, 2023 წლის 21 თებერვალს და 2023 წლის 7 მარტს ლოს ანჯელესის ოლქის კალიფორნიის უმაღლესმა სასამართლომ გასცა მ. გ–ის (M. G./G.) დაპატიმრების ორდერები.
1.3. 2025 წლის 27 თებერვლიდან მ. გ–ი (M. G./G.) იძებნება ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ, ინტერპოლის არხებით.
2. მ. გ–ი (M. G./G.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2025 წლის 21 მარტს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიციის თაობაზე.
2.2. 2025 წლის 16 აპრილს მ. გ–ი (M. G./G.) ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2.3. 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. გ–ს (M. G./G.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.4. 2025 წლის 20 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი დანართი მასალა.
2.5. 2025 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. გ–ის (M. G./G.) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 2025 წლის 16 ოქტომბრამდე.
2.6. 2025 წლის 14 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. გ–ის (M. G./G.) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 2026 წლის 16 იანვრამდე.
2.8. ამჟამად მ. გ–ი (M. G./G.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
3.1.1. 2022 წლის 12 დეკემბერს კალიფორნიის შტატის ქალაქ ლ. ა-ში მანქანით გადაადგილდებოდნენ მ. გ–ი (M. G./G.) და რ. დ. ნ.ი. მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მ. გ–მა (M. G./G.) მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის მიმართულებით ესროლა რ. დ. ნ.ს, თუმცა მას ასცდა ტყვია და გადარჩა.
3.1.2. 2023 წლის 5 იანვარს ლ–ში, კ–ს შტატი, მ. გ–ი (M. G./G.) უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.
3.1.3 მ. გ–ი (M. G./G.) 2023 წლის 11 იანვარს კ–ს შტატში, ქალაქ ლ...ში მონაწილეობდა დ. ს–ის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში. მან, მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დ. ს-ს და დაჭრა მუცლის არეში.
4. 2025 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა: მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც აღწერილია ლოს ანჯელესის ოლქის კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს (Superior Court, Los Angeles County, California) 2023 წლის 26 იანვრის, 2023 წლის 21 თებერვლის და 2023 წლის 7 მარტის დაპატიმრების ორდერებში და დასჯადია: ა) კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა), კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება) გათვალისწინებული ბრალდებით (2022 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი); ბ) კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 25400 (a)(1) მუხლით (დამალული ცეცხლსასროლი იარაღის ტარება) გათვალისწინებული ბრალდებით (2023 წლის 5 იანვრის ეპიზოდი); გ) კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა), კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება) გათვალისწინებული ბრალდებით (2023 წლის 11 იანვრის ეპიზოდი, დაზარალებული დ. ს.).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით:
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც აღწერილია ლოს ანჯელესის ოლქის კალიფორნიის უმაღლესი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის, 2023 წლის 21 თებერვლის და 2023 წლის 7 მარტის დაპატიმრების ორდერებში და დასჯადია: ა) კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა), კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება) გათვალისწინებული ბრალდებით (2022 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი); ბ) კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 25400 (a)(1) მუხლით (დამალული ცეცხლსასროლი იარაღის ტარება) გათვალისწინებული ბრალდებით (2023 წლის 5 იანვრის ეპიზოდი); გ) კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა), კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება) გათვალისწინებული ბრალდებით (2023 წლის 11 იანვრის ეპიზოდი, დაზარალებული დ. ს.).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ–ის (M. G./G.) – ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. ყ–ი და გ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
6.1. დაცვის მხარის პოზიციით, მ. გ–ი (M. G./G.) პოლიტიკური ნიშნით იდევნება, ვინაიდან იგი აქტიურად აპროტესტებდა რესპუბლიკური პარტიის საიმიგრაციო პოლიტიკას, აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ აქციებში. 2022 წლის დეკემბერში და 2023 წლის იანვარში ორჯერ თავდაცვის მიზნით გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. ამასთან, 2023 წლის იანვრის თავდასხმისას მოუკლეს ძმა;
6.2. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემდგომ იგი შეიძლება მოხვდეს ე. ს-ს ციხეში, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა და პატიმრები გადატვირთულ საკნებში იმყოფებიან (თითო საკანში 65-70 ადამიანია). იმავდროულად, გასული წლის იანვრიდან ივნისამდე სულ მცირე 174 პატიმარი იქნა ნაწამები/მოკლული.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა, რომ მ. გ–ის (M. G./G.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ–ისა და გ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
7.1. პროკურორის პოზიციით, დაცვის მხარის მტკიცება, რომ მ. გ–ი (M. G./G.) იდევნება აშშ-ში პოლიტიკური მოტივით, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, მე-3 მუხლის დარღვევის რისკი არსებითად დაბალია მაშინ, როდესაც პირის გადაცემა ხდება ისეთ სახელმწიფოში, რომელსაც გააჩნია კანონის უზენაესობის, მყარი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხანგრძლივი ისტორია (Babar Ahmad and Others v. the United Kingdom, nos. 24027/07, 11949/08, 36742/08, 66911/09 and 67354/09, par. 179, 10/04/2012).
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. გ–ი (M. G./G.) 2025 წლის 16 აპრილს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. მ. გ–ის (M. G./G.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებულ შტატების კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 664 (a) და 187 (a) მუხლებით (ნებაყოფლობითი, შეგნებული და წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას; ასევე, – კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 12022.5 (a) მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 25400 (a)(1) მუხლით (დამალული ცეცხლსასროლი იარაღის ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.2. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედებები დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 19,109 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), ასევე – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ტარება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით.
6. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენაშიც მ. გ–ი (M. G./G.) ბრალდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, აღნიშნული დანაშაულები შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათ წელში მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და ოცდაათ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
6.1.1. წარმოდგენილი მასალების თანახმად, მ. გ–ის (M. G./G.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია 2022 და 2023 წლებში. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.
6.2. საექსტრადიციო მასალის თანახმად, ქმედებებზე, რომლისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, მ. გ–ის (M. G./G.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.
8.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. გ–ს (M. G./G.) უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს (სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს) და 34-ე მუხლის მე-14 პუნქტს (სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს).
8.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2025 წლის 10 ივლისს მიღებული მონაცემებით დასტურდება, მ. გ–ი (M. G./G.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად.
8.3. შესაბამისად, ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.
9. კასატორის მტკიცებით, მ. გ–ი (M. G./G.) იდევნება პოლიტიკური ნიშნით, იგი აქტიურად აპროტესტებდა რესპუბლიკური პარტიის საიმიგრაციო პოლიტიკას, აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ აქციებში. 2022 წლის დეკემბერში და 2023 წლის იანვარში ორჯერ თავდაცვის მიზნით გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. ამასთან, 2023 წლის იანვრის თავდასხმისას მოუკლეს ძმა. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემდგომ იგი შეიძლება მოხვდეს ........ის ციხეში, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, პატიმრები გადატვირთულ საკნებში იმყოფებიან (თითო საკანში 65-70 ადამიანია) და გასული წლის იანვრიდან ივნისამდე სულ მცირე 174 პატიმარი იქნა ნაწამები/მოკლული.
10. კასატორი მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს საკუთარი პოზიციის – საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის – დამადასტურებელ არც კონკრეტულ არგუმენტს და არც რელევანტურ მტკიცებულებას/ებს; საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის, ...........ის ციხეში განთავსების (რაზეც უთითებს კასატორი) საფრთხე. მათ შორის, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება მ. გ–ის (M. G./G.) პოლიტიკური აქტიურობა და სწორედ ამ ნიშნით დევნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნულის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება/ფაქტი/ინფორმაცია. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
10.1. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კასატორი მხოლოდ ზოგადად უთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულება/ინფორმაცია, სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო, მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაცვის მხარის ეჭვების გაზიარების შესაძლებლობას.
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე კონკრეტულად იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15, 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
12. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, par. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
13. მ. გ–ის (M. G./G.) მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება/ინფორმაცია მ. გ–ის (M. G./G.) ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობის დასადასტურებლად.
14. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 2025 წლის 22 მაისის №.......... ნოტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აძლევს გარანტიას, რომ მ. გ–ი (M. G./G.) არ იქნება დაპატიმრებული, მსჯავრდებული ან დასჯილი სხვა დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია მისი გადაცემის დღემდე, გარდა ექსტრადიციის შუამდგომლობაში მითითებულისა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას აძლევს გარანტიას, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მ. გ–ი (M. G./G.) არ გადაეცემა მესამე ქვეყანას. დამატებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ადასტურებს, რომ მ. გ–ს (M. G./G.) ექნება უფლება, დატოვოს აშშ-ის ტერიტორია სასჯელის მოხდის ან გათავისუფლების შემდეგ (თუ არ იქნება დაკავებული აშშ-ში გადაცემის შემდეგ ჩადენილი რაიმე სამართალდარღვევის გამო ან კანონიერი დეპორტაციის მიზნებისათვის (ტ. N3; ს.ფ. 219-221)).
15. ამასთან, საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმებიან, რომ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც მოთხოვნილი იქნება მ. გ–ის (M. G./G.) ექსტრადიცია არ გამოიყენება სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულ გარანტიას ადასტურებს ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები (ტ. N1; ს.ფ. 15-17).
16. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონის დროში მოქმედებას/უკუძალის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს, იმ გარემოებას, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ბრალადშერაცხილი დანაშაულებისათვის მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობით სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის დაწესების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი/ინფორმაცია.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. გ–ი (M. G./G.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე, ან მოხდება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა.
18. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
19. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა მ. გ–ის (M. G./G.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საკითხი (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში მ. გ–ის (M. G./G.) მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ–ის (M. G./G.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ყ–ისა და გ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე