საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2025
საქმის ნომერი
2კ-731აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123008305848

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №731აპ-25 9 ოქტომბერი, 2025 წელი

თ. ა., №731აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი- სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. თ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისიდან – 2023 წლის 31 აგვისტომდე ა. თ–ი და ნ. ხ–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, ა. თ–ი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, მეუღლე ნ. ხ–ის მიმართ ახორციელებდა ძალადობას და სისტემატურ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, 21:00 საათზე, თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე თ–ების საცხოვრებელ სახლში ა. თ–მა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მათ საძინებელ ოთახში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სამჯერ მუშტის თავში ჩარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა, ნ. ხ–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში, დღის საათებში, ა. თ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი ქალის მამაკაცისადმი მორჩილების და იმ მოტივით, რომ ქალს მიიჩნევდა მის საკუთრებად, მათივე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, სტუმრად დასთან - თ. ხ–თან წასვლის მოთხოვნის გამო გაღიზიანებულმა, მეუღლე - ნ. ხ–ს მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა მკლავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში, დაახლოებით 23:30 საათზე, ა. თ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, მათივე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, მის მშობლებთან შეპასუხებით გაღიზიანებულმა, ნ. ხ–ი გადმოაგდო საწოლიდან და ზურგში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ნ. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში, თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე თ–ების საცხოვრებელ სახლში ა. თ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, სახლიდან უნებართვოდ პარკში გასვლის გამო, მათივე საძინებელ ოთახში მუშტი ჩაარტყა თავში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნ. ხ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2023 წლის აგვისტოს ბოლოს, დღის საათებში, ქ-ში მდებარე თ–ების საცხოვრებელ სახლში ა. თ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, მშობლებთან კამათის გამო, მეუღლე - ნ. ხ–ს მარჯვენა ხელი (მუშტი) ძლიერად დაარტყა მარცხენა მკლავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. თ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით, ა. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და გამართლდა.

ა. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის იანვრის ეპიზოდი) და გამართლდა.

ა. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის მარტის ეპიზოდი) და გამართლდა.

ა. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ივნისის ეპიზოდი) და გამართლდა.

ა. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და გამართლდა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. თ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 30 ივნისს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. თ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ა. თ–ის ბრალეულობას. კასატორი დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N527აპ-17 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება განსხვავდება ზემოხსენებულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. თ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა – ნ. ხ–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის – ა. თ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. თ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.

5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ის თავისი შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ ნ. ხ–ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის განმეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირმა უარი განაცხადა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის განმეორებას. შესაბამისად, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ვინაიდან, ამგვარ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.

5.6. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის შესახებ შეტყობინებინებას, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმსა და შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასების თაობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მათში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედებების კონკრეტულ აღწერილობას, იმდენად მწირია შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.7. რაც შეეხება საქმეში წარმოდეგნილი მოწმეების: მ. ხ–ს, რ. ხ–ს, გ. ხ–ს, დ. შ–ს, ასევე, გამომძიებლების: თ. ჟ–ს, გ. ბ–ს და ს. მ–ს, ექსპერტ – მ. ბ–ს ჩვენებებს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვერ გამოდგება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად. ხსენებული პირები არ არიან ფაქტების უშუალო შემსწრენი, ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულ ნ. ხ–ისგან და შესაბამისად მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. თ–ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობასა და შედეგად ტკივილის განცდის ფაქტს წარმოდგენილი არ არის.

5.8. საკასაციო პალატის მოსაზრებით ასევე ცალკე შეფასების საგანია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნ. ხ–მა, მეუღლის – ა. თ–ის მხრიდან განხორციელებული სისტემატიური ქმედებების შედეგად განიცადა მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულად ეყრდნობა დაზარალებულის განმარტებას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო საქმეში არ არის წამოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადსტურებდა მასში მითითებულ გარემოებას.

5.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. საქართველოს უზენაესი სასამართლო კვალავაც მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №251აპ-16 განაჩენი).

5.11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე