საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.10.2025
საქმის ნომერი
2კ-745აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №745აპ-25 23 ოქტომბერი, 2025 წელი

ჩ. ე. ხ., №745აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჩ. ე. ხ-ის ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

1.2. ჩ. ე. ხ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 29 მარტს, დაახლოებით, 15:40 საათზე, თ-ში, დ----ის გამზირი N--ის მიმდებარედ, ავტომობილი „ტოიოტას“ (სახელმწიფო ნომრით – ----) მძღოლი, ლ-ს რესპუბლიკის მოქალაქე ჩ. ე. ხ-ი, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მ. ს-ს. საქმეზე ჩატარებული ავტოსანტრანსპორტო ექსპერტიზის -- დასკვნის თანახმად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლ ჩ. ე. ხ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგაზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის -- დასკვნით, მ. ს-ს დაუდგინდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

2.1.1. ჩ. ე. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 15 დღით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2.1.2. ჩ. ე. ხ-ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 8 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 6 თვით და 20 დღით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორმა – თამარ იჭვაიძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჩ. ე. ხ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორის – თამარ იჭვაიძის –სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა და ჩ. ე. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ნაცვლად ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ნანა ჯაყელი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ჩ. ე. ხ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ – თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, დაზარალებულისთვის ზიანის აუნაზღაურებლობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ ლმობიერია.

3.4. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, მსჯავრდებულმა – ჩ. ე. ხ-იმ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის ჩ. ე. ხ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ჩ. ე. ხ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.6. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, სამ წლამდე ან უამისოდ.

4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მისი შედეგები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება, მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, რაც ხელს უწყობს სწრაფ მართლმსაჯულებას, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება (ჩ. ე. ხ-ი არ ყოფილა ნასამართლევი) და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით, მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, პროპორციული ვადით, დანიშნული სასჯელი კი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კანონიერად ჩაეთვალა პირობითად, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ჩ. ე. ხ-ისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი, დამატებით სასჯელთან – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევასთან – ერთობლივად სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – მიღწევას.

4.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე