დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.06.2001
საქმის ნომერი
3კ/450-01
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/450-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორმა თ. შ-შვილმა 1998 წლის თებერვლის თვეში სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სააქციო საზოგადოება “ა-ზე” სადაზღვევვო საზღაურის - 4807,03 გერმანული მარკის ექვივალენტი ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ იგი 1997 წლის 16 ივლისიდან 23 ივლისამდე იმყოფებოდა მივლინებით გერმანიაში, ქ. ჰამბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო უროლოგთა სიმპოზიუმის მუშაობაში. გამგზავრების წინ, 1997 წლის 16 ივლისს მოპასუხე ორგანიზაციასთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება (სამოგზაურო დაზღვევის პოლისი ¹ 005624), რომლის მოქმედების ვადა იყო 14 დღე. გერმანიაში ყოფნის დროს, 1997 წლის 18 ივლისს დაეწყო მარცხენა თირკმლის ტკივილი. 1997 წლის 20-22 ივნისს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია ჯერ ქ. ჰამბურგში, ხოლო შემდეგ ქ. ერფრუტში ექიმმა გ. კოლობოევმა სამედიცინო დახმარებაზე დახარჯა 4807,03 გერმანული მარკა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 1997 წლის 24 ივლისს მოსთხოვა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც უკანონოდ მიიღო უარი.

ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით კასატორ თ. შ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 იანვრის საოქმო განჩინებით თ. შ-შვილის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

1999 წლის 6 სექტემბერს თ. შ-შვილმა იმავე საფუძვლებით კვლავ აღძრა სარჩელი ს/ს “ა-ის” მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის - 4807,3 გერმანული მარკის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის - ანაზღაურება.

მოპასუხემ სს “ა-მა” სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას. სადაზღვევო ხელშეკრულებით სს “ა-მა” იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა:

1) გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯები.

2) დაშავებულის, ავადმყოფის ან გარდაცვლილის ტრანსპორტირება (რეპატრიაცია).

3) სასწრაფო სამედიცინო ამბულატორიული მომსახურების ხარჯები, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულებისა და ექიმის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

4) ქირურგიული მკურნალობის, ჰოსპიტალიზაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. გარდა ამისა, მოსარჩელემ დროულად არ აცნობა მათ სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შესახებ, რითაც საშუალება მოესპო, მონაწილეობა მიეღო სადაზღვევო შემთხვევის მოცულობის განსაზღვრაში.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხე სს “ა-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორ თ. შ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ თ. შ-შვილზე გერმანიაში გაწეული მკურნალობა არ წარმოადგენდა სადაზღვეო შემთხვევას. გარდა ამისა, სადაზღვეო ხელშეკრულების მიხედვით სს “ა-მა” იკისრა ვალდებულება თვითონ უზრუნველყო მკურნალობა და მხოლოდ მაშინ აენაზღაურებინა სამკურნალო ხარჯები, ამავე ხელშეკრულებით მზღვეველის დასტურის გარეშე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება, მოსარჩელის მკურნალობაზე გაწეული ხარჯების დადასტურება სს “ა-ს” არ მოუხდენია. ხოლო მოსარჩელე თ. შ-შვილს არ უცნობებია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე თ. შ-შვილმა, რომელიც მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი თ. შ-შვილი 1997 წლის 16 ივლისიდან 23 ივლისამდე მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ჰამბურგში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა “მამაკაცთა გენიტალური ქირურგიის” სიმპოზიუმის მუშაობაში. გამგზავრების წინ, 1997 წლის 16 ივლისს კასატორ თ. შ-შვილსა და მოპასუხე სს “ა-ს” შორის დადებულ იქნა პირადი დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მზღვეველმა სს “ა-მა” იკისრა ვალდებულება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას აენაზღაურებინა დაზღვეულის უეცარი ავადმყოფობის, გარდაცვალების ან უბედური შემთხვევისას გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის, დაშავებულის, ავადმყოფის ან გარდაცვლილის გადაუდებელი სამედიცინო ტრანსპორტირების ხარჯები. დაზღვეულმა, მოსარჩელე თ. შ-შვილმა აღნიშნული ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომა დაუყონებლივ ეცნობებინა ელსმენით ან სხვა საშუალებით მზღვეველი სს “ა-თვის”. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე თ. შ-შვილს ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა, რომელზეც გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 4807,09 გერმანული მარკა. ავადმყოფობის შესახებ არ უცნობებია მზღვეველი სს “ა-თვის” არც მკურნალობის დაწყების და არც მისი დამთავრების შემდეგ. გერმანიიდან დაბრუნდა 1997 წლის 23 ივლისს. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს წერილობით აცნობა 1997 წლის 4 დეკემბერს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ თ. შ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და არასწორად უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯები. მოსარჩელე თ. შ-შვილი არ საჭიროებდა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას. თირკმლის შეტევა მას დაეწყო 1997 წლის 17 ივლისს, ადრე დილით. იმავე დღეს გამოვიდა მოხსენებით სიმპოზიუმზე. ორი დღე გაატარა სასტუმროში, გაემგზავრა სხვა ქალაქში, სადაც მდებარეობს მეგობარი ექიმი კოლობეევის კლინიკა. ასევე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ კასატორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუყონებლივ არ აცნობა მზღვეველ სს “ა-ს”, თუმცა მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობა: მზღვეველი არ აანაზღაურებდა მისი დასტურის გარეშე გაწეული მკურნალობის ხარჯებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე თ. შ-შვილს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე სს “ა-ი” ვალდებული იყო აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები კი ითვალისწინებდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დროს გაწეული მკურნალობის ხარჯებს. კასატორს ჩატარებული აქვს ამბულატორიული მკურნალობა და გამოკვლევები. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევათა დადგომა დამზღვევ თ. შ-შვილს უნდა ეცნობებინა მზღვეველი სს “ა-თვის”, რაც არ შეასრულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დამზღვევი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია მოსთხოვოს დამზღვევს ყველა აუცილებელი ცნობა სადაზღვევო შემთხვევის მოცულობის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში თ. შ-შვილმა არ აცნობა რა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სს “ა-ს”, ამ უკანასკნელს მოესპო საშუალება, მიეღო ცნობები თ. შ-შვილის მკურნალობისათვის გაწეულ ხარჯებზე. საქმეში მხოლოდ თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობაა მკურნალობის ხარჯების შესახებ, რითაც დაირღვა მზღვეველის ინტერესები. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეთანხმებას შეტყობინების შესახებ, სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მზღვეველი მხოლოდ მაშინაა ვალდებული აანაზღაუროს სადაზღვევო საზღაური, თუ შეუტყობინებლობით მისი ინტერესები არსებითად არ დაირღვა.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ სამართლის დარღვევას ადგილი არ აქვს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.