განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 18.12.2025
საქმის ნომერი
2კ-678აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100124008878260

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №678აპ-25 18 დეკემბერი, 2025 წელი

მ-ე ი., №678აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. მ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2014 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ.... საავტომობილო გზის 294-ე კილომეტრზე, ქ. ს.... ქ... მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა 1... წელს დაბადებული ი. მ–ის ძე მ–ე, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები და დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, 1... წელს დაბადებულ ს. ა–ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ს. ბ–ა, რომელიც 2014 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ი. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ.... საავტომობილო გზის 294-ე კილომეტრზე, ქ. ს..... ქ.....ის მიმართულებით მოძრავი ,,ფორდის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „......--“, რომელსაც მართავდა 1... წელს დაბადებული ი. მ–ის ძე მ–ე, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები და დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, 1--- წელს დაბადებულ ს. ა–ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ს. ბ–ა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნონა თოლორაიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. მ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ქმედებით.

2.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ს–ემ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრადშერაცხილი ქმედების ხანდაზმულობის გამო, ი. მ–ის გათავისუფლება დანიშნული სასჯელისგან.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 5 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა, ნონა თოლორაიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. მ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ქმედებებისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ ი. მ–ის ქმედება არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან ვერ დაადგინა მიზეზობრივი კავშირი ი. მ–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს – ს. ბ–ის გარდაცვალებას შორის, მაშინ როდესაც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის განმარტებით ცალსახადაა დადგენილი, რომ ს. ბ–ის გარდაცვალების მიზეზია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებები. ბრალდების მხარის პოზიციით, 2014 წლის 15 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ მ. მ–ის ჩვენებით, 2014 წლის 5 აგვისტოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, 2014 წლის 18 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და 2014 წლის 21 მარტის ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ი. მ–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ურომლისოდაც ეს შედეგი არ დადგებოდა. სწორედ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებია უშუალო მიზეზი ცხიმოვანი ემბოლიის განვითარებისა და შემდგომში ს. ბ–ის გარდაცვალებისა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 წლის თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2014 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ.... საავტომობილო გზის 294-ე კილომეტრზე, ქ. ს–... ქუჩაზე, ი. მ–ემ ვერ უზრუნველყო „ფორდის“ მარკის ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე, 1...წელს დაბადებულ ს. ა–ს.

5.3. ბრალდების მხარისათვის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ს. ბ–ის გარდაცვალების მიზეზი, რამდენადაც მისი პოზიციით დაზარალებული ს. ბ–ი 2014 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ი. მ–ისათვის ობიექტურად უნდა შეერაცხა დამდგარი შედეგი და ი. მ–ე დამნაშავედ უნდა ეცნო წარდგენილი ბრალდებით (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი), ვინაიდან ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (გარდაცვალებასთან).

5.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ი. მ–ის მიმართ ბრალადწარდგენილ ქმედებასა და ამ ქმედების შედეგად დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, რომ „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, აგრეთვე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ „შეჯიბრებითობის პრინციპი ... არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე; „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება).

5.6. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს, როგორც საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე, ასევე დადგენილ კვალიფიკაციასა და დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე.

5.7. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, ქმედების სამართლებრივი შეფასება, ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. ბრალდების მხარე ი. მ–ს ედავება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია). განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევას, მძიმე შედეგს – ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) ბლანკეტურია. იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში, კერძოდ კი, – ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს – ადამიანის სიცოცხლის მოსპობას შორის.

5.10. ი. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების თანახმად, მის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ მან არ გაითვალისწინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

5.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაცვის მხარის მიერ ცნობილია უდავოდ), კერძოდ: 2014 წლის 11 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (დანართი სქემით და ფოტოსურათებით), საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.... და სატრანსპორტო-ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნებით, მოწმეების – ი. მ–ის, ნ. მ–ისა და ა. ხ-ის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, ი. მ–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შედეგად მისი მართვის ქვეს მყოფი ავტომობილით ქვეით ს. ბ–ზე დაჯახების ფაქტი.

5.12. საკასაციო სასამართლო სადავო გარემოებასთან მიმართებით, ი. მ–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს თუ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულს (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ყურადღებას მიაქცევს ერთი მხრივ ა–ს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნას, ხოლო მეორეს მხრივ ექსპერტ მ. მ–ის გამოკითხვის ოქმს. აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, დადასტურებულია, რომ ს. ბ–ის სიკვდილის უშუალო მიზეზი არის ფილტვების სისხლძარღვების ცხიმოვანი ემბოლია, რაც განპირობებულია მარჯვენა წვივის ძვლების ნამსხვროვანი მოტეხილობების შედეგად განვითარებული მდგომარეობიდან და კავშირშია დამდგარ შედეგთან. მოწმე მ. მ–ის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და თავად სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული არ იყო ცხიმოვანი ემბოლიის თაობაზე. ს. ბ–ს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დიდი ზომის ნაგლეჯი ჭრილობები შუბლის და თხემის არეში. მარჯვენა წვივის ძვლების დახურული მოტეხილობა. ჭრილობები მარჯვენა მტევნის არეში. ს. ბ–ი კლინიკიდან გაეწერა 2014 წლის 14 თებერვალს და ამავე წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე გარდაიცვალა მ. მ–ის საცხოვრებელ სახლში.

5.13. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

5.14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, თავდაპირველი ქმედების ჩამდენს ობიექტურად არ შეიძლება შეერაცხოს ისეთი მოქმედებით გამოწვეული შედეგი, რომელმაც მართალია შექმნა სამართლებრივად რელევანტური რისკი, მაგრამ კონკრეტული შედეგი დადგა მიზეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვიდან არსებითი გადახრის დროს. ასევე შედეგი პირს ობიექტურად არ შეიძლება შეერაცხოს, როდესაც იგი დადგა ისეთი დიაგნოზით, რის თაობაზეც, სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითება არ არსებობს, რაზეც დაზარალებულს მკურნალობა არ ჩატარებია და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა შედეგი (გარდაცვალება) არ დამდგარიყო.

5.15. მოცემულ შემთხვევაში ი. მ–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ერთი შეხედვით არსებობს მიზეზობრივი კავშირი და რომ არა ავტომანქანის დაჯახება დაზარალებული წვივს არ მოიტეხდა, თუმცა შედეგის ობიექტური შერაცხვა უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან მოქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მოვლენათა სხვაგვარი განვითარებით გამოწვეული კავშირი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, ჩაუტარდა თუ არა მკურნალობა დაზარალებულს ფილტვების სისხლძარღვების ცხიმოვანი ემბოლიაზე. სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერებში აღნიშნულზე ინფორმაცია არ მოიპოვება და უცნობია მკურნალობის ან/და კლინიკაში დარჩენის შემთხვევაში დადგებოდა თუ არა სასიკვდილო შედეგი.

5.16. იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ს. ბ–ის გარდაცვალების მიზეზია ფილტვების სისხლძარღვების ცხიმოვანი ემბოლია, ხოლო დამდგარ შედეგსა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის სხვა მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, ი. მ–ეს ობიექტურად უნდა შეერაცხოს ა–ს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით დადასტურებული შედეგი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ამდენად, ი. მ–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.3. საკასაციო სასამართლო აფასებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ავტოსანტრანსპორტო შემთხვევიდან გასულ დროს, ქმედების ჩადენის შემდეგ დაზარალებულის ქცევას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა დაზარალებულის გადასარჩენად და კლინიკიდან გამოწერის შემდგომ საკუთარ სახლშიც კი, წაიყვანა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ი. მ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი.

6.4. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობებს. კერძოდ, ზემოხსენებული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად – ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

6.5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ი. მ–ემ დანაშაული ჩაიდინა 2014 წლის 11 თებერვალს, ხოლო ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით) წარედგინა 2024 წლის 1 თებერვალს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალადწარდგენილი ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პროკურატურამ ბრალდება ი. მ–ეს წარუდგინა სწორად საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

6.6. კონკრეტულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ ი. მ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6.7. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

6.8. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა 2014 წელს და დანაშაულის ჩადენიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე გასულია 9 წელზე მეტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ი. მ–ე უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

6.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ი. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);

4. ი. მ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი. მ–ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე