საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100125011630085
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №26აპ-26 ქ. თბილისი
ი-ი ე. 26აპ-26 25 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი მექვაბიძისა და მსჯავრდებულ ე. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენით:
1.1. ე. ი-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (2025 წლის 6 მარტის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2025 წლის 23 მარტიდან.
1.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
1.3. ნივთიერი მტკიცებულება:
· აღებული თმისა და სისხლის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, უსაფრთხოების ბალიშის ნაჭერი, ნარკოტესტი, ქსოვილის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· „NISSAN MARCH-ის” მარკის ავტომანქანა (სახ.ნომრით ...), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს- დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
· ,,TOYOTA PRIUS-ის “მარკის ავტომობილი (სახ.ნომრით ...), როგორც დანაშაულის საგანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას;
· ე. ი-ს ტანსაცმელი უნდა გადაეცეს მის მფლობელს;
· გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ი-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ; განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, როცა მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, გამოიხატა შემდეგში:
· 2025 წლის 22 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-ი-ს-ს საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე, მოძრაობდა TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... , რომელსაც მართავდა მთვრალი ე. ი. . მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, არ გაითვალისწინა ალკოჰოლის მიღების ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა მის მოქმედებაზე და ვერ შეარჩია სიჩქარე, რომელიც მას, როგორც მძღოლს, საშუალებას მისცემდა ეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული ყოფილიყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა NISSAN MARCH-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... , რომელსაც მართავდა ნ. დ-ი. საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ნ. დ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ნ. დ-ი მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ზომები თავის დასაცავად. შეჯახების შემდეგ, ე. ი-მა შემთხვევის ადგილზე დაუხმარებლად მიატოვა ნ. დ-ი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ე. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2025 წლის 23 მარტიდან.
3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3.4. ნივთიერი მტკიცებულებები:
· თმისა და სისხლის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, უსაფრთხოების ბალიშის ნაჭერი, ნარკოტესტი, ქსოვილის ნიმუშები უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· „NISSAN MARCH-ის” მარკის ავტომანქანა (სახ. ნომრით ...) უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
· “TOYOTA PRIUS-ის “მარკის ავტომობილი (სახ. ნომრით ...) უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ე. ი-ს ტანსაცმელი უნდა გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს;
· შპს „პ. ვ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ ლაზერულ დისკზე და სამედიცინო დოკუმენტაცია, შენახულ უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ც-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ე. ი-ს ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ალკოტესტის ქვითრები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, სატრანსპორტო ტექნიკურ- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა, ნიმუშის აღების ოქმი და აღებული სისხლის ნიმუში, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზის N... და N... დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ე. ი-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორები ხდიან სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი გიორგი მექვაბიძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ე. ი-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - მის შემსუბუქებას.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
10. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ე. ი-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, პირველადაა სამართალში, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. ი-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
12. ამასთან, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება. დანაშაულის აღიარება და სინანული, მტკიცებულებათა მიმართ მისეული პოზიცია, სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიიღო სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის ფარგლებში - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით (სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი და ხარისხი (როცა მანქანას მართავდა მართვის უფლების არმქონე პირი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი - პირის გარდაცვალება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების უხეში უგულვებელყოფა მძღოლის მხრიდან) და მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ ქმედების ჩადენის შემდეგ (როდესაც დაუხმარებლად მიატოვა იგი), ბევრად გადაწონის ე. ი-ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ გახდომის ფაქტს, რაც გამორიცხავს მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესაძლებლობას.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი მექვაბიძისა და მსჯავრდებულ ე. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე