საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007335544
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №966აპ-25 16 თებერვალი, 2026 წელი
მ–ი ს., №966აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. მ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ–ში, მეტროსადგურ „.........“-ის ვესტიბიულში, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ........... მთავარი სამმართველოს, პოლიციის მე-.. სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრები: ბ. ბ–ა და დ. ხ–ე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ მიერ შეჩერებული იქნა ორი პიროვნება – ს. მ–ი და დ. ჯ–ა, რომლებსაც წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა, რაც მათ წარუდგინეს, თუმცა ნასამართლობასთან დაკავშირებით კითხვის დასმის შემდეგ ს. მ–ი ანერვიულდა და სთხოვა ოფიცრებს გაეშვათ, რადგან ეჩქარებოდა. ვინაიდან აღნიშნული ვითარება მართლწესრიგის ოფიცრებმა მიიჩნიეს საეჭვოდ, დახმარებისთვის მიმართეს იქვე მყოფ, ამავე პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს ზ. ს–ეს, ხოლო ს. მ–ს განუმარტეს, რომ თუ მას თან ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნებაყოფლობით წარედგინა მათთვის, რა დროსაც ის გახდა მათ მიმართ აგრესიული და მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა დამშვიდებულიყო და დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას, თავს დაესხა მათ, კერძოდ, ჯერ ფეხის დარტყმით პოლიციელების მიმართულებით გაისროლა სარეკლამო ბანერი, ხოლო შემდეგ ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტის მსგავსი საგანი, დამუხტა მარცხენა ხელით, მიმართა მათკენ და სამივეს დაემუქრა მოკვლით, რის შემდგომ გაიქცა და მიიმალა.
1.3. 2023 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 15:15 საათზე, ქ. თ–ში, ... №..-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „............“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. მ–მა გააჩერა ბ. ა–ის მართვის ქვეშ მყოფი „TOYOTA PRIUS“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით – ....... და პისტოლეტის მსგავსი საგნით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით – მოკვლის მუქარით გასტაცა 15000 ლარად ღირებული ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ს. მ–ის დანაშაულებრივი ქმედებით ბ. ა–ეს მიადგა მორალური და დიდი ოდენობით მატერიალური სახის ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, სეგო მანუკიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ს. მ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ყ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2026 წლის 15 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ს. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მთელი რიგი გარემოებები. დაზარალებულ ბ. ა–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ ჰგავს ისეთი ადამიანის ქცევას, ვისაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მსჯავრდებულის განმარტებით, მან ბ. ა–ეს უთხრა, რომ წასულიყო იმ ადგილიდან და წაეყვანა, ვინაიდან პოლიციელი იარაღით მისდევდა. მსჯავრდებულის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, თანხაც კი დაუტოვა. ასევე, პოლიციის თანამშრომლების ზ. ს–ის, ბ. ბ–ასა და დ. ხ–ის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. რაც შეეხება დ. ჯ–ას ჩვენებას, მან განმარტა, რომ ს. მ–ის მხრიდან პოლიციელების მისამართით მუქარა არ გაუგია. ამდენად, საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს ს. მ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ს. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს. მ–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ს. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. მ–ის მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.4. საკასაციო საჩივარი ს. მ–ი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ეყრდნობა დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან ს. მ–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებში არ არის ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები, კერძოდ, ადგილი არ ჰქონია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, თავდასხმასა და თანხის მოთხოვნას.
5.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას ს. მ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.6. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში – თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. თავდასხმა არის დაზარალებულისთვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან/და ძალადობის მუქარასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლებს თუ არა დამნაშავე სხვისი ქონების დაუფლებას. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს, თუმცა სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობის მუქარა სახეზეა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი გამოხატვა ხდება ვერბალური კომუნიკაციის გზით, არამედ მუქარას ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც გამოხატვის ფორმა, მიუთითებს შესაძლო ძალადობაზე, მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღის/მისი მსგავსი საგნის, დანის მოღერება, მოქნევა, მომართვა და სხვა.
5.7. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან/და მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, თავდასხმაში, რაც გულისხმობს აგრესიულ აქტს, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. თავდასხმის ადრესატი შეიძლება იყოს პოლიციელი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, მათი სამსახურეობრივი ან საცხოვრებელი შენობა, მათი სატრანსპორტო საშუალება ან/და მათი ოჯახის წევრი. ამავე დროს პოლიციელზე თავდასხმას ადგილი აქვს მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. დანაშაულებრივი ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე ის გარემოება როგორ ვითარებაში იქნა აღნიშნული მიყენებული, რა უძღოდა წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.
5.9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულთა – ზ. ს–ის, ბ. ბ–ასა და დ. ხ–ის ჩვენებებით, ასევე ფაქტის თვითმხილველი მოწმის – დ. ჯ–ასა და დაზარალებულ ბ. ა–ის ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერებითა და მოწმე – თ. ზ–ის გამოკითხვის ოქმით უტყუარად დადასტურდა ს. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდება ისეთი მაღალი სანდოობის ხარისხის მქონე მტკიცებულებებს, როგორიცაა ვიდეოჩანაწერები. მათში ასახულია მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები. ნათელია, რომ 2023 წლის 6 აპრილს, განვითარებული მოვლენები იყოფა ორ მოქმედებად. პირველი – მეტროსადგურ „.........“-ის ვესტიბიულში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა, მათ შორის ზ. ს–ემ, შეაჩერეს ს. მ–ი, რა დროსაც იგი თავს დაესხა პოლიციელებს და მეორე – როდესაც მსჯავრდებული გაექცა პოლიციელებს და სავაჭრო ცენტრ „.......... .........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ა–ეს მოკვლის მუქარით გასტაცა მისი მართვის ქვეშ მყოფი „TOYOTA PRIUS-ის“ მარკის ავტომობილი, რომლითაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
5.10. დამაჯერებლობასაა მოკლებული, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ს. მ–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, პოლიციელზე თავდასხმასა და ყაჩაღობას. აღნიშნული დადასტურებულია არა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით, არამედ ფაქტის თვითმხილველი მოწმის დ. ჯ–ას ჩვენებითა და მოწმე თ. ზ–ის გამოკითხვის ოქმით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული სრულად თანხვდება ვიდეოჩანაწერებს, რაც ნათლად მიუთითებს ს. მ–ის მიერ განმარტებული გარემოებების არარეალურობაზე.
5.11. დაზარალებულების – დ. ხ–ის, ბ. ბ–ასა და ზ. ს–ის ჩვენებებით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 აპრილს დ. ხ–ე და ბ. ბ–ა ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ „სადგურის მოედანის“ ვესტიბიულში, რა დროსაც მათ შეაჩერეს ს. მ–ი და დ. ჯ–ა, გაეცნენ, უთხრეს რომ იყვნენ პოლიციელები და მოსთხოვეს პირადობის დამასადტურებელი მოწმობები. ყველაფერი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ს. მ–ის ზედაპირული დათვალიერების საჭიროება დადგა. დ. ჯ–ასთან აღნიშნულმა პროცედურებმა წყნარ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო ს. მ–ი აღნიშნულს თავიდანვე არ დასთანხმდა და ანერვიულდა, რის გამოც საეჭვო გახდა მისი ქმედება. ს. მ–ს განუმარტეს, რომ ეს იყო საპოლიციო ღონისძიება და პროცედურა იგივენაირად განხორციელდებოდა მასთანაც, როგორც დ. ჯ–ას შემთხვევაში მოხდა. ს. მ–ი არ დათანხმდა აღნიშნულს და ითხოვდა გაეშვათ. სწორედ ამ დროს ჰკითხეს ნასამართლობის შესახებ, რამაც კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა იგი და კვლავ ითხოვდა გაშვებას. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ამ მომენტში მათ შეუერთდათ ზ. ს–ე, რომელიც მოგვიანებით დაედევნა მსჯავრდებულს. მოწმეთა განმარტებით, ზ. ს–მაც ანალოგიურად მოუწოდა ს. მ–ს, რათა დაწყნარებულიყო, დამშვიდებულიყო და დამორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ კი, რაც ს. მ–ს მოსთხოვეს ზედაპირული დათვალიერება იგი უფრო ემოციური გახდა და ფეხი ჰკრა „დანკინის“ სარეკლამო დაფას. ამ გზით შეეცადა მათ მოშორებას, ასევე ამოიღო პისტოლეტი, დამუხტა, დაუმიზნა სამივე მათგანს, ხელის მოძრაობით მათი მიმართულებით გადაატარა და მოკვლით დაემუქრა.
5.12. დაზარალებულების – ბ. ბ–ას, დ. ხ–ისა და ზ. ს–ის ჩვენებები, სრულად თანხვდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: შპს „.........დან“ და სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალიდან“ გამოთხოვილი იქნა ქ. თ–ში, მეტროსადგურ ,,..... N..-ის“ შესასვლელში, სავაჭრო ცენტრ „.........ის“ მხარეს განთავსებული ვიდეოკამერის და სს „...........ის“ შენობის გარე პერიმეტრზე, მეტროსადგურ „.......... N..-ის“ მხარეს განთავსებული ორი ვიდეოკამერის 2023 წლის 6 აპრილის 15:10 საათიდან 2023 წლის 6 აპრილის 15:35 საათამდე დროის პერიოდის დაარქივებული ჩანაწერები. პირველ ვიდეოჩანაწერში ასახულია ქ.თ–ი, .... N..-ში მდებარე მეტრო სადგური „......... ის“ შესასვლელი, სადაც მოძრაობს ხალხი; ვიდეო ფაილში კადრში ჩანს შესასვლელი კარები, საიდანაც ვიდეო ჩანაწერის 18:33 წუთზე გამორბის პოლიციელის ფორმიანი (ქურთუკზე წარწერით „POLICE“) ორი პიროვნება, რომლებიც გარბიან კარიდან მარჯვენა მიმართულებით, 18:35 წუთზე შესასვლელი კარებიდან გამორბის ს. მ–ი, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი, ტანთ აცვია ღია ფერის ზედა, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი; მარცხენა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა, მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომელსაც იშვერს პოლიციელთა მიმართულებით და გარბის აღნიშნული სადგურის მარცხენა მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, რა დროსაც მას დაედევნა პოლიციის ფორმიანი ორი პიროვნება; 18:40 წუთზე ს. მ–ი ჩარბის მიწისქვეშა გადასასვლელში, რა დროსაც კვლავ იშვერს მარჯვენა ხელში არსებულ იარაღის მსგავს საგანს მათი მიმართულებით; 18:45 წუთზე მიწისქვეშა გადასასვლელში ჩარბის პოლიციის ფორმიანი ორი პიროვნება, რომელთაგანაც ერთ-ერთი მალევე ბრუნდება უკან. მეორე ვიდეოჩანაწერში გამოსახულია სავაჭრო ცენტრ „........ ის“ წინ მდებარე მიწისქვეშა ჩასასვლელი კიბეები; 15:27:15 საათზე კადრში ჩნდება ს. მ–ი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტის მაგვარი საგანი; ს. მ–ი გარბის გასასვლელის მიმართულებით, 15:27:19 საათზე ტრიალდება და პისტოლეტის მაგვარ საგანს იშვერს ჩასასვლელის მიმართულებით მის უკან მომავალი პირების მიმართულებით, რომლებიც იქვე დაწყობილ სამშენებლო მასალებს ეფარებიან; 15:27:28 საათზე ს. მ–ი გადის კადრიდან.
5.13. დაზარალებულმა ბ. ა–ემ, ასევე ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად განმარტა, რომ მსჯავრდებული მას იარაღით ხელში ჩაუჯდა ავტომანქანაში და იარაღის მუქარით უთხრა, გადასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ესროდა. ფაქტი, რომ ხელში იარაღისმაგვარი საგანი ეჭირა მსჯავრდებულს დადასტურებულია თ. ზ–ის გამოკითხვის ოქმით, რომელმაც მძღოლზე ადრე შეამჩნია მსჯავრდებული და ავტომობილიდან გადავიდა მალევე, მას შემდეგ რაც მსჯავრდებულმა მანქანის კარი გამოუღო დაზარალებულს. ამასთან, საგულისხმოა, დაზარალებულ ბ. ა–ის მიერ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ განხორცვიელებული შეტყობინება და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რომლითაც მან ამოიცნო თავდამსხმელი.
5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, განსაკუთრებით კი, დაზარალებულთა მიერ განმარტებული გარემოებებით, დადგენილად მიაჩნია, რომ ს. მ–მა 2023 წლის 6 აპრილს, ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა და ყაჩაღობა, რამდენადაც სახეზეა ამ დანაშაულების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავდასხმა, მისი დაზარალებულთათვის მოღერება და მათკენ მიმართვა სწორედაც, რომ თავდასხმად უნდა დაკვალიფიცირდეს, ხოლო იარაღის დემონსტრირებით ავტომობილიდან გადასვლის მოთხოვნა ძალადობის მუქარად უნდა შეფასდეს, რაც ერთობლიობაში ქმნის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების შემადგენლობას.
5.15. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ მიუთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. მ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე