დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹3კ/664 24 ნოემბერი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-ოვამ 1996 წლის მარტში გ. წ-ძეს ასესხა 2750 აშშ დოლარი.
გარიგებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად გ. წ-ძემ ვალი არ გადაიხადა და მისი ქონებიდან იძულებითი გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით დასთან _ ნ. ა-ძესთან დადო ქ. ბათუმში, .... მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება.
1999 წლის ივნისში ვ. ს-ოვამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე გ. წ-ძისათვის 6950 აშშ დოლარის დაკისრების და საცხოვრებელი ბინის ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. წ-ძეს, ვ. ს-ოვას სასარგებლოდ, დაეკისრა 2450 აშშ დოლარის გადახდა და ბათილად იქნა ცნობილი საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 13 მარტის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში დატოვა უცვლელად, ხოლო ნაჩუქრობის ხელშეკრულების ნაწილში გააუქმა; საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ნაჩუქრობის ხელშეკრულების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საქმეში მხარედ არ იყო ჩაბმული ნ. ა-ძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ. ს-ოვას სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ნაჩუქრობის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი ხასიათის გარიგება ბათილად იქნა ცნობილი და ბინა ჩაითვალა გ. წ-ძის საკუთრებად.
საკასაციო საჩივრით მოპასუხეები ნ. ა-ძე და გ. წ-ძე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სადავო გარიგება არ იყო მოჩვენებითი ხასიათის. ხელშეკრულება დაიდო კანონით დადგენილი წესის დაცვით; ნ. ა-ძე გახდა აღნიშნული ბინის იურიდიული და ფაქტობრივი მესაკუთრე; ბინის გაჩუქება მოხდა ნ. ა-ძის მიერ თ. ჯ-ძისაგან სესხად აღებული 9000 აშშ დოლარის ანაზღაურების მიზნით, რადგან ამ თანხით გ. წ-ძემ შეიძინა და გაარემონტა სადავო ბინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
სადავო ბინაზე ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად, გ. წ-ძესა და მის კრედიტორებს შორის ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემდეგ, იმ განზრახვით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით არ გატარებულიყო ვ. ს-ოვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც სადავო ბინა დარჩა გ. წ-ძის მფლობელობაში. ამ უკანასკნელს აჭარის ა/რ კავშირგაბმულობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი აქვს სალაპარაკო პუნქტი.
გ. წ-ძის მეუღლე ნ. ხ-ძემ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბინა, მოპასუხის წერილობითი თანხმობით, აჩუქა დედას _ ი. ჩ-ძეს. ჩუქების შემდგომაც გ. წ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად აგრძელებს ამ ბინაში ცხოვრებას.
ნ. ა-ძეს, ასევე, გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა და მას სადავო ბინით არასოდეს არ უსარგებლია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და არა გადაწყვეტილებით. იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება არ არის თვალთმაქცური, მითითებულ უნდა ყოფილიყო განჩინების სამოტივაციო ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო პალატის შესაძლებლად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების მიღება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. ა-ძის და გ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
დაკმაყოფილდეს ვ. ს-ოვას სარჩელი. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის ნოტარიუს ქ. ბ-შვილის მიერ 1996 წლის 25 დეკემბერს გ. წ-ძესა და ნ. ა-ძეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბინაზე და აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხოს გ. წ-ძის სახელზე.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.