საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100122006029352
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №965აპ-25 20 თებერვალი, 2026 წელი
ხ–ი ზ., №965აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ხ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება, ე.ი. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოძიების დროს, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 14:25 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–სთან, რ–ს .....-ე კილომეტრზე №.. ...... არსებულ გადასასვლელზე, ბ. გ–ე, რომელიც მართავდა „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ...., არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის წესებს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, შეუჩერებლად გაიარა დაუცველი, უშლაგბაუმო სალიანდაგო გადასასვლელი, რა დროსაც მოხდა შეჯახება ლიანდაგზე მოძრავ სატვირთო მატარებელთან ე.წ. დრეზინასთან „........“. შეჯახების შედეგად გარდაიცვალნენ „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ბ. გ–ე და მისი მგზავრი გ. შ–ე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მ–ს რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ. გ–ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის №.... საქმეზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ძვ.რედ.), მომხდარის ირგვლივ მოწმის სახით გამოკითხულმა დრეზინის მემანქანემ ზ. ხ–მა, რომელიც სატვირთო მატარებელს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და მის გარდა დრეზინის კაბინაში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა, 2018 წლის 21 ნოემბერს და 2021 წლის 18 ნოემბერს გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, შემთხვევის დღეს, ის არ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მატარებელში მხოლოდ ინჟინერი ა. ჩ–ი იყო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ხ–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით, ზ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ზ. ხ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 6 ოქტომბერს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურება ზ. ხ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები, ალკოტესტი, სამედიცინო ექსპერტიზის, სატრანსპოტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზისა და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები ქმნიან იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით დადგენილი დანაშაულისაგან დაცვის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი – ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები. ამ დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია და იგი არის სისხლის სამართლის პროცესში სხვადასხვა სტატუსით მონაწილე პირი. ამასთან, გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმ შემთხვევაში ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის, იმისდამიუხედავად ეს ჩვენება შეიცავს ბრალდებულის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ მონაცემებს.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ზ. ხ–ს ედავება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ გამოძიების დროს, ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის N230 აპ-13 განაჩენი).
5.5. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 14:25 საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბ. გ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეეჯახა ლიანდაგზე მოძრავ სატვირთო მატარებელს ე.წ. დრეზინას და შეჯახების შედეგად გარდაიცვალნენ ბ. გ–ე და მისი მგზავრი გ. შ–ე, მ–ს რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ. გ–ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხულმა დრეზინის მემანქანემ ზ. ხ–მა, რომელიც სატვირთო მატარებელს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და მის გარდა დრეზინის კაბინაში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა, 2018 წლის 21 ნოემბერს და 2021 წლის 18 ნოემბერს გამოძიებას მიაწოდა ცრუ უნფორმაცია, თითქოს შემთხვევის დღეს ის არ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მასთან ერთად მატარებელში მხოლოდ ინჟინერი ა. ჩ–ი იყო.
5.6 საგულისხმოა, რომ გამოძიების ფარგლებში ზ. ხ–ი გამოიკითხა 2018 წლის 21 ნოემბერს და 2021 წლის 18 ნოემბერს. 2021 წლის 18 ნოემბერს გამოკითხვისას, ზ. ხ–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს დრეზინაში იმყოფებდა თავად და მისი სამსახურის ინჟინერი – ა. ჩ–ი. თვითონ საჭესთან იჯდა, ხოლო ინჟინერი მის გვერდით. ზ. ხ–ის განმარტებით, შემთხვევის დღეს, 2018 წლის 21 ნოემბერს, მას ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია, ვინაიდან მუშაობდა. წინა საღამოს, სახლში დალია ოთხი-ხუთი ჭიქა არაყი. 2021 წლის 18 ნოემბერს გამოკითხვისას კი, ზ. ხ–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს, ე.წ. დრეზინაში იმყოფებოდა ორი პირი – ის და მთავარი ინჟინერი – ა. ჩ–ი. შეჯახების მომენტში იგი არ ყოფილა ნასვამი და შემთხვევის დღეს არ დაულევია ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან მუშაობდა.
5.7. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, ზ. ხ–ის მიერ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, რამაც მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ზ. ხ–ი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ და არც ის ფაქტი, რომ მის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.
5.8. სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული ალკოტესტით შემოწმების დოკუმენტების ქსეროასლებითა და სავარაუდოდ მათი დედნებით (დაუნომრავი სახით), იმ პიროვნების იდენტიფიცირება ვისაც ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია პრომილეს ოდენობის ამოკითხვაც. ამდენად, ხსენებული მტკიცებულებები ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის დასადგენად ან უარსაყოფად. აღნიშნული ალკოტესტის ჩამტარებელი პატრულ-ინსპექტორ ბ.. ბ–ის ჩვენება კი, მისი შინაარსიდან გამომდინარე ვერ იქნება მიჩნეული გადამწყვეტ მტკიცებულებად ალკოჰოლური თრობის დასადგენად. მართალია, ამ უკანასკნელმა დაადასტურა მემანქანის ალკოტესტზე შემოწმების ფაქტი, თუმცა არ ახსოვს ზუსტად რამდენი პრომილე დადგინდა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური N........ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. ხ–ის სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0,13% პრომილე ეთილის სპირტი, რაც არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას (ფხიზელი). ექსპერტ გ. მ-ს ჩვენების თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით 0,2 პრომილე ითვლება ფხიზელ მდგომარეობად და თრობა 0,21 პრომილედან იწყება. ვინაიდან ზ. ხ–ს 0,13 პრომილე დაუდგინდა, დასკვნაში მიუთითა, რომ ზ. ხ–ი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. მან ასევე მიუთითა, რომ თუ შემთხვევის შემდეგ ზ. ხ–ს ალკოჰოლი არ მიუღია, ცალსახად შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ შემთხვევისას იგი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში.
5.9. საკასაციო სასამართლოს მიჩნია, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები საჭიროა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები გამყარებული იქნეს კონკრეტული მტკიცებულებებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება.
5.10. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა „ოპელ-ასტრას“ მძღოლის – ბ. გ–ის ბრალეული ქმედებით, აუხსნელია რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მძღოლ ზ. ხ–ის გარდა დრეზინის კაბინაში რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ან/და დრეზინის მძღოლი იყო თუ არა ნასვამი.
5.11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ამდენად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა, როგორც ქმედების ფაქტობრივი დადასტურება, ასევე – ბრალდების მხარეს აწევს ტვირთი, ამტკიცოს, ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და პირის ბრალეულობა, რაც განსახილველ საქმეში არ არის სახეზე.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე