დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.12.2001
საქმის ნომერი
3კ/739-01
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 3კ/739-01 7 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

შეგებებული სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება; მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

პ. მ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან სატვირთო ავტომანქანის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ვალის დაბრუნება.

გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით პ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაევალათ სატვირთო ავტომანქანა “კამაზ-35213” პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, ხოლო 15000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ვ. ც-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ვ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის _ 1400 აშშ დოლარის და სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის 2000 აშშ დოლარის გადახდა. ო. ს-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ო. ს-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით. თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეები მორიგდნენ შემდეგზე: პ. მ-შვილი ვალდებულებას იღებდა გადაეფორმებინა პირად საკუთრებაში მისი კუთვნილი ავტომანქანა “კამაზი” ვ. ც-ძისათვის და შეთანხმებიდან 6 თვის განმავლობაში დაებრუნებინა ვ. ც-ძის ვალი _ 1400 აშშ დოლარი. თავის მხრივ ვ. ც-ძე კისრულობდა ვალდებულებას ვალის დაბრუნების შემთხვევაში თავისი ხარჯებით გადაეფორმებინა სადავო ავტომანქანა ისევ პ. მ-შვილისათვის. შეთანხმებით დათქმულ ვადაში ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ავტომანქანა რჩებოდა ვ. ც-ძის პირად საკუთრებაში. ო. ს-შვილს კი, არავითარი პრეტენზია არ ექნებოდა პ. მ-შვილთან.

მხარეების მორიგების გამო საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება.

უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 7 თებერვლის განჩინებით გაუქმდა საოლქო სასამართლოს 2000 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი:

პ. მ-შვილი, ო. ს-შვილი ვ. ც-ძე ზეპირი ფორმით დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ პ. მ-შვილის ავტომანქანა “კამაზით” საქონელი გაეტანათ სარეალიზაციოდ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. ვ. ც-ძემ მანქანის შესაკეთებლად დადო 1700 აშშ დოლარი, ხოლო ო. ს-შვილმა შეიძინა მანქანის ძარა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოგების განაწილებას თანაბარწილად. მხარეებმა ხელშეკრულების თანახმად გაიტანეს საქონელი ორენბურგში და ვლადიკავკასში, მაგრამ მათ შორის წარმოიშვა დავა მიღებული მოგების განაწილების თაობაზე, რის გამოც მათ შორის შეწყდა ხელშეკრულება სკ-ის 939-ე მუხლის II ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, ხოლო ავტომანქანა დაიბრუნა პ. მ-შვილმა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლი და დადგენილად ცნო, რომ ვ. ც-ძემ პ. მ-შვილს მანქანის შესაკეთებლად გადასცა 1700 აშშ დოლარი, საიდანაც მან დააბრუნა 300 აშშ დოლარი. ო. ს-შვილმა მოხსნა ძარა და წაიღო, ხოლო პ. მ-შვილს დარჩა შეკეთებული ავტომანქანა და ვინაიდან მოსარჩელე არ აპირებდა 1400 აშშ დოლარის ვ. ც-ძისათვის დაბრუნებას, ო. ს-შვილმა ავტომანქანა წაიყვანა და ვ. ც-ძის ეზოში დააყენა იმ პირობით, რომ სანამ მოსარჩელე არ გადაუხდიდა გ. ც-ძეს 1400 აშშ დოლარს მას მანქანას არ დაუბრუნებდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის წევრებს შორის ქონების განაწილება მათ მიერვე შეტანილი ქონების უკან დაბრუნებით განისაზღვრა, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ. აღნიშნულის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. მ-შვილს უნდა გადახდეს ვ. ც-ძის სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარი, რასაც იმავდროულად უნდა მოყვეს მოწინააღმდეგე მხარეების მიერ მისი კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დააკისრა პ. მ-შვილს ვ. ც-ძის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარი ვადის გადაცილებისათვის.

ასევე, მიაჩნია, რომ არასწორად დაეკისრა მოსარჩელეს ო. ს-შვილის სასარგებლოდ 1188 ლარის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით, რადგან მხარეების განმარტებები არის ურთიერთგამომრიცხავი და მხარეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ ვის რა თანხა დარჩა მოგების სახით დამოუკიდებელი რეისებიდან. ზემოთ მითითებული საფუძვლით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით პ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით პ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვ. ც-ძეს და ო. ს-შვილს დაევალათ პ. მ-შვილისათვის პირვანდელ მდგომარეობაში ავტომანქანის დაბრუნება. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

ვ. ც-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პ. მ-შავილს ვ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ო. ს-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები.

ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) იქმნება მონაწილეთა შენატანების საფუძველზე, შენატანები შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ე.ი. ფული, ნივთები, სამუშაოს შესრულება და ა.შ.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ პ. მ-შვილმა ამხანაგობაში შეიტანა გაუმართავი ავტომანქანა “კამაზი”. ო. ს-შვილმა _ ავტომანქანის ძარა, ხოლო ვ. ც-ძემ მანქანის შესაკეთებლად შეიტანა 1700 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მხარეთა შორის უთანხმოების გამო ერთობლივი საქმიანობა შეწყდა ხელშეკრულების მოშლით.

სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

დარჩენილი ქონების განაწილების დროს ამხანაგობის მონაწილეებს ნატურის სახით დაუბრუნდებათ მათივე შენატანი ქონება, თუკი ეს შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის მონაწილეებს დარჩათ შეკეთებული ავტომანქანა “კამაზი”. ო. ს-შვილს დაუბრუნდა ამხანაგობაში შეტანილი მანქანის ძარა. ვინაიდან შეკეთებული ავტომანქანის ნატურის სახით გაყოფა შეუძლებელია, იგი უნდა დაუბრუნდეს პ. მ-შვილს, რადგან ავტომანქანა შეტანილი იქნა მის მიერ და მასვე უნდა გადახდეს ვ. ც-ძის მიერ ამხანაგობაში შეტანილი თანხა, რომელიც ავტომანქანის შეკეთებას მოხმარდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ერთობლივი საქმიანობის წევრებს შორის დარჩენილი ქონების განაწილება მართებულად განსაზღვრა მათ მიერ შეტანილი ქონების უკან დაბრუნებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.