საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125011499111
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1154აპ-25 ქ. თბილისი
კ–ა ა., 1154აპ-25 28 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. კ–ას ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ა. კ–ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2019 წელს, ცოლ-ქმარმა გ. ჯ–მ და ი. დ–მ, სუროგაციის გზით შვილის შეძენაში დახმარებისათვის მიმართეს ა. კ–ას. 2019-2021 წლებში მისი მეშვეობით მოიძიეს სუროგატი დედები და განახორციელეს შესაბამისი სუროგაციისა და დონაციის პროცედურები, რომლებიც დასრულდა წარუმატებლად. რის შემდეგაც გ. ჯ–მ და ი. დ–მ გადაწყვიტეს, თავის დაზღვევის მიზნით პარალელურად ჩატარებულიყო სუროგაციის ორი პროცედურა. ა. კ–ამ ისარგებლა გ. ჯ–ს და ი. დ–ს ნდობით, ასევე იმ ფაქტით, რომ ისინი იმყოფებოდნენ ემიგრაციაში და დაარწმუნა, რომ 2022 წლის აპრილში მან მოიძია ორი სუროგატი დედა, რომელთა სხეულშიც ემბრიონი, თითქოსდა მოთავსდა, მათი ორსულობის პერიოდი მიმდინარეობდა სხვადასხვა პრობლემებით. ასევე დაარწმუნა, რომ თითქოსდა დაიბადა ორი მდედრობითი სქესის ახალშობილი, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები და მათი მკურნალობისათვის საჭირო იყო დამატებითი თანხები. ამ გზით, ა. კ–ა ჯამურად თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ ფულად თანხას − 310 000 ლარისა და 15 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ივნისის განაჩენით ა. კ–ა, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 6 (ექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. კ–ას სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან − 2025 წლის 3 აპრილიდან.
გაუქმდა ა. კ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე − პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ქრისტინა კილასონიამ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ცვლილება სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარემ − სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვების ეტაპზე, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოითხოვა დანიშნული სასჯელის გადავადება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებას სასჯელის დამძიმების კუთხით. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ინტენსივობა და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ა. კ–ას შეუფარდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ ა. კ–ას მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, ხასიათსა და დამდგარ შედეგთან ერთად, ასევე გაითვალისწინა – დამნაშავის პიროვნება (წარსულში არ არის ნასამართლევი), მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სახელდობრ, ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ ა. კ–ას სასჯელის სახით შეეფარდა ყველაზე უფრო მკაცრი სასჯელის სახე − თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, მისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა არ წარმოადგენს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს პროკურორის მითითებას ზიანის აუნაზღაურებლობასთან დაკავშირებით და კვლავ იმეორებს, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამდენად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. კ–ას განესაზღვრა მისთვის მსჯავრადშერაცხილი მუხლის სანქციით დადგენილი, სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე