საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.04.2026
საქმის ნომერი
2კ-122აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100125011726746

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დააშვებობის

შემოწმების შესახებ

№122აპ-26 ქ. თბილისი

კ–ი ა., 122აპ-26 27 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. კ–ს, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2025 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა. კ–ი, შენიშვნის მიცემით გამოწვეული მოულოდნელი გაბრაზების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – რ. ჩ–ეს, კერძოდ, უთხრა, რომ ღამით მოკლავდა, შემდეგ კი ენას ამოაცლიდა, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ა. კ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ა. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლეილა კვერნაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ალექსანდრე კიკლაშვილის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა რ. ჩ–ემ და მოწმე ნ. კ–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეზე წარმოდგენილი სხვა უდავო მტკიცებულებებით – დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. კ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რამეთუ, ერთი მხრივ, სადავო განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ა. კ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა რ. ჩ–ემ და მოწმე ნ. კ–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით დგინდება, რ. ჩ–ის კონფლიქტი მის შვილთან – ა. კ–თან, რის გამოც დედა ითხოვდა სამართალდამცავების დახმარებას. ზემოაღნიშნულ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიმართ მუქარაზე, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა ა. კ–ს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, ა. კ–ი, რომელიც ფსიქიურად დაავადებულია, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – რ. ჩ–ეს, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ა. კ–ისათვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობის უტყუარად დასადგენად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე