საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124009912940
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1063აპ-25 ქ. თბილისი
ჩ–ი ზ., 1063აპ-25 6 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ჩ–ს ბრალად ედება: განზრახ მკვლელობის მცდელობა; განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
ზ. ჩ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 16 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ....... გამზირის №..-ში მდებარე მაღაზია „ს–ს“ მიმდებარედ, ზ– ჩ–მა შელაპარაკებისას, მითითებული მაღაზიის თანამშრომელს − ლ. ბ–ეს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხარისა და გულმკერდის არეში, ასევე, სიცოცხლისათვის საშიში ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ყურის უკან − კეფის მიდამოსა და შემავალი ჭრილობა მარცხენა ლავიწის არეში გულმკერდის მიმართულებით. ზ. ჩ–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა დანაშაულის შემსწრე პირების აქტიური ჩარევის შედეგად, რომლებმაც მას ხელი შეუშალეს. ლ. ბ–ე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად, სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ზ. ჩ–ი, 2024 წლის 16 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ... გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს − დანას, რაც ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს ტანთმოსილი შორტის წინა მარჯვენა ჯიბიდან
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის განაჩენით ზ. ჩ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით − თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზ. ჩ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი − 4 (ოთხი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
ზ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 16 ივლისიდან.
გაუქმდა ზ. ჩ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. ჩ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით შერაცხილ ბრალდებაში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ზ. ჩ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით შერაცხილ ბრალდებაში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია; საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს დაზარალებულ ლ. ბ–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვას და მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე მიუთითებს; შემთხვევის ადგილზევე არავინ ცდილობდა მსჯავრდებულისათვის დანის წართმევას, მან ქმედება საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტა; კონფლიქტის პროვოცირება დაზარალებულმა მოახდინა; ზ. ჩ–ი არ გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან და იქვე ელოდებოდა პოლიციის მისვლას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2024 წლის 16 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ... გამზირის №..-ში მდებარე მაღაზია „ს–ს“ მიმდებარედ ზ– ჩ–მა ლ. ბ–ეს დანით მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანება. დაცვის მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, თუ რა განზრახვით მოქმედებდა მსჯავრდებული, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის, თუ – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
11. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).
12. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ლ. ბ–ის ჩვენებაზე. მისი განმარტებით, ბრალდებულთან შემთხვევის დღემდე კონფლიქტი არ ჰქონია, ხოლო ინციდენტის დღეს ზ. ჩ–ი მაღაზიაში თავიდანვე ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. დაზარალებულმა მიუთითა, რომ თავდაპირველად მას ზრდილობიანად სთხოვა გარეთ გასვლა. თავად მხოლოდ სიგარეტის მოსაწევად მოგვიანებით გავიდა გარეთ; იქ დახვდა ზ. ჩ–ი და მისი თანმხლები პირი. მათ ხმამაღალი ტონით მიმართეს. დაზარალებულის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც ზ– ს უთხრა, რომ თუ შესარიგებელი იყო, შერიგებულიყვნენ, ზ–მ მოულოდნელად დანა ჯერ ბეჭში, შემდეგ − მუცელში, მკლავსა და თავში დაარტყა; ამავე დროს აგინებდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. დაზარალებულისვე მითითებით, ზ. ჩ–ს, მისი მეგობარი ეუბნებოდა − რა ქენი, დანა რატომ გამოიყენეო; დანაშაულის ფაქტს ბევრი პირი შეესწრო; დაზარალებული შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
13. დაზარალებულის ჩვენება კონკრეტული, დეტალური, თანმიმდევრულია და შეეხება, როგორც თავდასხმის წინარე კონფლიქტს, ისე – უშუალოდ დანის გამოყენების დროს გამოთქმულ სიტყვიერ მუქარასა და ქმედების ხასიათს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულად თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის − მოწმეთა ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის ვიდეოჩანაწერთან, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
14. მოწმე გ. რ–ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ზ. ჩ–ი შემთხვევის დღეს მაღაზია „ს–ში“ იმყოფებოდა. იგი იყო ნასვამი და ლ. ბ–ის მიმართ აგრესიულად განწყობილი, აგინებდა დაზარალებულს, ხოლო ლ–ა ცდილობდა, არ აჰყოლოდა, ხმაც არ გაეცა მისთვის. ამავე ჩვენების მიხედვით, ზ. ჩ–მა დაზარალებულს ჯერ გარეთ გასვლა მოსთხოვა და უთხრა, რომ სახეს დაუნგრევდა, შემდეგ კი გარეთაც აგრძელებდა გინებას და ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა.
15. მოწმე მ. ა–ემ გადმოსცა იგივე ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ ზ. ჩ–ი მაღაზიაში აგრესიული გახდა ერთი სალაროს მუშაობის გამო, ილანძღებოდა თანამშრომლების მიმართ, ხოლო ლ. ბ–ემ მხოლოდ დამშვიდებისკენ მოუწოდა და უთხრა, ვმუშაობთო. ამის შემდეგ, ზ. ჩ–მა უშუალოდ დაზარალებულის მისამართით დაიწყო გინება და მუქარა.
16. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას თვითმხილველმა მოწმე მ. დ–აც. მითითებულ მოწმეთა ჩვენებები სრულად ემთხვევა როგორც ერთმანეთს, ისე − დაზარალებულისა და გ. რ–ის მონათხრობს და ადასტურებს, რომ ზ– ჩ–ი მაღაზიაში და მის გარეთაც აგრძელებდა აგრესიულ ქცევას, ხოლო დაზარალებული ყველანაირად ცდილობდა კონფლიქტის არიდებას.
17. სასამართლო ასევ ითვალისწინებს მოწმე ა. ჩ–ის უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმსაც. აღნიშნული მოწმე შემთხვევის დღეს ზ. ჩ–თან ერთად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. მოწმის ჩვენებით, სასმლის საყიდლად მეორედ წასვლის შემდეგ დაბრუნებულ ზ. ჩ–ს ეტყობოდა წითელი ლაქები. ზ–მ გ. გ–ს უთხრა: − „ხო დავაგდე... მოკვდეს, მაგის დედა ვატირე “.
18. საქმეში ასევე წარმოდგენილია ისეთი ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებები, როგორიცაა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები. მათ მიხედვით, 21:27:22 საათზე მაღაზიიდან გამოდის ლ. ბ–ე; 21:27:55 საათზე ზ. ჩ–ი და დაზარალებული შედიან მაღაზიაში და 21:28:10 საათზე ისევ გამოდიან; დაზარალებულის თანამშრომლები ცდილობენ ლ. ბ–ის მაღაზიაში შეყვანას, ხოლო ზ. ჩ–ის თანმხლები პირი ცდილობს მის გაყვანას ტერიტორიიდან. შემდგომ, 21:29:19 საათზე ზ. ჩ–ი მაისურის საყელოდან იღებს დანას, 21:29:27 საათზე მიდის დაზარალებულისკენ და ურტყამს დანას, შემდეგ კვლავ იწევს მისკენ, ხოლო თანმხლები მამაკაცი ცდილობს მის გაჩერებას.
19. ამდენად, როგორც დაზარალებულის, ისე – მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან, ასევე საქმეზე წარმოდგენილ ობიექტურ მტკიცებულებასთან, ვიდეოჩანაწერებთან, რომლებზეც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრულად ჩანს შემთხვევის მიმდინარეობა, დანაშაულის დაწყებიდან, დასრულების მომენტის ჩათვლით.
20. ნიშანდობლივია დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი გარემოებებიც, კერძოდ, ლ. ბ–ეს სხეულზე აღენიშნებოდა: 1) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მკერდის ძვლის შუა მესამედის საპროექციოდ; 2) ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურზე, მხრის ქვედა მესამედში, გარეთა (უკანა) ზედაპირზე; 3) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ლავიწზედა ფოსოს მიდამოში - მიმართული პლევრის ღრუსკენ, მის შესაბამისად, კანქვეშა ემფიზემით და რბილი ქსოვილების ჰემატომით. დაუდგინდა, ასევე, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი (ჭრილობა შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში); 4) ნაკვეთი (სკალპირებული) ჭრილობა თხემის მიდამოში მარცხნივ. დაზიანებები (ჭრილობები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს − 16.07.24 წელს. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობები − რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. პლევრის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
21. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მართებულად დაასკვნეს, რომ ზ. ჩ–ი მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რაც ნათლად დასტურდება, როგორც დანაშაულის ჩადენამდე (ზ. ჩ–ის განაწყენება დაზარალებულზე, მაღაზიის გარეთ დალოდება და შურისძიების სურვილი), ჩადენისას (დაზარალებულისათვის დანის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებების მიყენება) და მას შემდეგ (დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენების შემდეგ, კვლავ აგრესიული ქცევა) მსჯავრდებულის ქცევით, ასევე − დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობით, ხასიათითა და ლოკალიზაციით − განსაკუთრებით კეფის, ლავიწისა და გულმკერდის არეებში, რაც − ობიექტურად მიემართება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონებს. ამავე დროს, ცალსახად დასტურდება ის ფაქტიც, რომ ზ. ჩ–ს, ქმედება საკუთარი გადაწყვეტილებით არ შეუწყვეტია, არამედ − მისი შეჩერება განპირობებული იყო აქტიური ჩარევით.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე