საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.04.2026
საქმის ნომერი
2კ-18აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100125011391370

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №18აპ-26 ქ. თბილისი

ხ–ი გ., 18აპ-26 29 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ხ–ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. ხ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2025 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში, შსს ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები − ზ. მ–ი, ვ. ტ–ი და ლ. ნ–ი ,,მიტსუბიში L200“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით – .... რომელსაც აქვს ,,პოლიციის” შესაბამისი წარწერები და ჩართული ჰქონდა ციმციმა განათება, გადაადგილდებოდნენ ს–ს რაიონის სოფელ ს–ში საავტომობილო გზაზე და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ წინ მოძრაობდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გაჩერდა და პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ავტომობილს საკვამურიდან კვამლი გასდიოდა. მათ ეგონათ, რომ ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლს რაიმე დახმარება ესაჭიროებოდა და გვერდით გაუჩერეს სამსახურებრივი ავტომობილი. ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, გ. ხ–მა ჩაუწია მინას, მიხვდა, რომ იყვნენ პოლიციის მუშაკები და შეიგინა მათი მისამართით, რის შემდეგაც, სწრაფად დაძრა ავტომობილი. მას უკან გაჰყვნენ პოლიციის თანამშრომლები. 250-300 მეტრის გავლის შემდეგ, გ. ხ–მა გააჩერა ავტომობილი, ფეხით გადმოვიდა გზაზე, პოლიციელების ადგილზე მისვლისთანავე, კვლავ შეიგინა და თავს დაესხა მათ. კერძოდ, ვ. ტ–ს მუშტი დაარტყა გულმკერდის არეში, ხოლო მუხლი − მარცხენა ფერდის არეში და შემოახია ქურთუკი; ზ. მ–ს მუშტი დაარტყა მუცლის არეში და შემოახია სამსახურებრივი ე.წ. ,,ჟილეტი“, ხოლო ლ. ნ–ს მუშტი დაარტყა საზარდულის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად, თითოეულმა მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ. ხ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

გაუქმდა გ. ხ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2025 წლის 6 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ. ხ–ის ქმედება უნდა შეფასებულიყო არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ – 353¹-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან, კასატორის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; კასატორი განმარტავს, რომ დაზარალებულ პოლიციელებსა და მსჯავრდებულს წარსულში რაიმე კონფლიქტი არ ჰქონიათ, მსჯავრდებულმა იცოდა, რომ დაზარალებულები პოლიციელები იყვნენ, ხოლო მისი მხრიდან ძალადობას თავდასხმითი ხასიათი გააჩნდა, რაც ერთობლივად სსკ-ის 353¹-ე მუხლის შემადგენლობას ადასტურებს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის მოთხოვნას − მსჯავრდებულ გ. ხ–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გ. ხ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:

9. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, N468აპ-20 საქმეზე): იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლები − ვ. ტ–ი, ზ. მ–ი და ლ. ნ–ი − სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ სოფელ საქობოში, როდესაც შეამჩნიეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომლის საკვამურიდანაც კვამლი გამოდიოდა. მათ ავტომობილი, გვერდით გაუჩერეს დახმარების შეთავაზების მიზნით. გ. ხ–მა პოლიციელებს შეაგინა და მანქანა სწრაფად დაძრა. ამის შემდეგ, სავარაუდო სამართალდარღვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლები გ. ხ–ს პოლიციის ა/მანქანით უკან დაედევნენ. შემდგომ, დაახლოებით 200-300 მეტრის შემდეგ, როდესაც გ. ხ–მა ავტომობილი გააჩერა და პოლიციის თანამშრომლები მას მიუახლოვდნენ, მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ − ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამდენად, მოვლენათა განვითარება თავდაპირველად დაიწყო პოლიციელთა ა/მანქანის გ. ხ–ის ავტომობილის გვერდით გაჩერების, მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფითა და მიმალვის მცდელობით. ხოლო მსჯავრდებულის მომდევნო ქმედება − სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე ფიზიკური ძალადობა − დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გ. ხ–ის ქმედებაზე უკვე მოახდინეს სამართლებრივი რეაგირება და მიმალვის მცდელობისას მსჯავრდებულს უკან დაედევნენ.

11. მსჯავრდებული გ. ხ–იც არ უარყოფს, რომ მასა და პოლიციის თანამშრომლებს შორის პირველი კონტაქტი ს–ს რაიონის სოფელ ს–ში მოხდა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილებით გადაადგილებისას. მსჯავრდებულის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ როდესაც შენიშნა პოლიციის ავტომობილი მიჰყვებოდა, სისწრაფეს მოუმატა, რადგან მის მგზავრს დ. გ–ს ბავშვობიდან ეშინოდა პოლიციელების. ამიტომ, მისი მიზანი იყო გაჰქცეოდა პოლიციის თანამშრომლებს, რაც განპირობებული იყო დიმიტრის მათგან გარიდების სურვილით. იგი ასეც მოიქცა.

12. გ. ხ–ის ჩვენება დასტურდება მოწმე დ. გ–ს ჩვენებითაც. მოწმემ განმარტა, რომ გ–მ საკუთარი სურვილით გააჩერა ა/მანქანა, რა დროსაც, თვითონ გადავიდა ავტომობილიდან და გაიქცა, ვინაიდან ბავშვობიდან ეშინოდა პოლიციის.

13. ის ფაქტი, რომ გ. ხ–მა მოგვიანებით, საკუთარი ნებით გააჩერა ა/მანქანა, გადმოვიდა და დაელოდა პოლიციელთა მისვლას, დადგენილია დაზარალებულ პოლიციელთა ჩვენებებითაც. დაზარალებულმა ვ. ტ–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ როდესაც გ. ხ–ს მიუახლოვდნენ და ჰკითხეს სახელი/გვარი, მან აგრესიული ტონით უპასუხათ: − ,,რას დამსდევთ ბიჭო, თქვენ ვინ ხართ, დავაი აქედან..“; დაზარალებულებმა − ლ. ნ–მა და ზ. მ–მა განმარტეს, რომ გ. ხ–ი იგინებოდა მათი მისამართით და ეკითხებოდათ, რატომ დასდევდნენ მას. ამის შემდგომ, გ. ხ–მა პოლიციელებზე ფიზიკურად იძალადა.

14. ასევე საყურადღებოა მოწმეების − ი. მ–სა და თ. ხ–ს გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ბრალდების მხარემ უდავო მტკიცებულებებად მიიჩნია და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. მოცემულ მოწმეთა ჩვენებით, ირკვევა, რომ 2025 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში, ი. მ–ს დაურეკა მეზობელმა − მ. კ–მა და შეშფოთებული ხმით უთხრა, რომ გ. ხ–ს პატრული მისდევდა. მოწმეები ერთად გავიდნენ ქუჩაში. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით შენიშნეს პოლიციის მანქანა, სადაც იდგა 4-5 ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი იყო გ. ხ–ი. ისინი ხმამაღლა კამათობდნენ.

15. ამდენად, გ. ხ–ის ჩვენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, დაზარალებულთა ჩვენებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ფუნქციას − სამართალდარღვევის გამოვლენას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მის თავდაპირველ ქმედებაზე (პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მიმალვის მცდელობაზე); პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო გ. ხ–ის ქმედება მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლისაკენ.

16. აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას: მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულები პოლიციელები იყვნენ და მსჯავრდებულმაც იცოდა ეს, საკმარისი არ არის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, არამედ − აუცილებელია დადგინდეს, რომ ძალადობა მიმართული იყო უშუალოდ პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ, მათი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში მსჯავრდებულის უშუალო მიზანი იყო პოლიციელთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მათი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა და არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს.

17. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ხ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ გ. ხ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე