საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100125011010373
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №75აპ-26 ქ. თბილისი
გ. მ. 75აპ-26 19 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე – ლევან ფიფიას და მსჯავრდებულ მ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ქ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–ას, – პირადი ნომერი .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2025 წლის 4 იანვარს, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, დედა – ე. პ–ზე განაწყენებულმა მ. გ–ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა მხარსა და ზურგზე. თავის არიდების მიზნით, სხვა ოთახში გასულ ე. პ–ს მ. გ–ამ კვლავ ორჯერ დაარტყა ხელი ზურგზე. აღნიშნულით, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება;
1.1.1. მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. 2025 წლის 5 იანვარს, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 15:00 საათზე, მ. გ–ამ დედას – ე. პ–ს – მიმართა უცენზურო სიტყვებით, უთხრა, რომ იყო ქუჩის ქალი და ფული მიეტანა მისთვის, დედის პასუხზე, რომ მას არაფერი აკლდა, გაბრაზებულმა, მარჯვენა მხარეს ზურგზე ორჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგად, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. მ. გ–ამ გააგრძელა დედის ლანძღვა და მიმართა უცენზურო სიტყვებით;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. 2024 წლის 10 აგვისტოს, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ამ დედას ე. პ–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ერთხელ მარჯვენა მხარზე, რის შედეგად, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.3.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.4. 2024 წლის სექტემბერში, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ამ დედას ე. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა მუხლის არეში, რის შედეგად, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.4.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.5. 2024 წლის ოქტომბერში, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ამ დედას ე. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარცხენა მკლავზე დაარტყა ხელი, რის შედეგად, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.5.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.6. 2024 წლის ნოემბერში, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ამ დედას ე. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მუშტი დაარტყა მხარზე, რის შედეგად, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.6.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.7. 2024 წლის დეკემბერში, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ამ დედას ე. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ერთხელ ზურგზე დაარტყა ხელი, რის შედეგად, ე. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.7.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.8. 2025 წლის 4 იანვარში, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ამ დედას ე. პ–ს ყელზე მიადო სამზარეულოს დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და სიცოცხლეს მოუსპობდა, რაც ე. პ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.8.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
1.9. 2024 წლის ნოემბერში, ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩის N..-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, მ. გ–ა დედას ე. პ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა, – დაანაწევრებდა და დაჩეხავდა, რაც ე. პ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.9.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
1.10. მ. გ–ა დედასთან ე. პ–სთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზ–ში, თ–სის ქუჩა N..-ში. მ. გ–ა დედას – ე. პ–ს – 2024 წლის 10 ივნისიდან 2025 წლის 8 იანვრამდე სისტემატურად აყენება შეურაცხყოფას, ექცეოდა ცინიკურად და აგდებულად, ამცირებდა, შენიშვნას აძლევდა ყველაფერზე, ცდილობდა მწყობრიდან მის გამოყვანას, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, უწოდებდა ქუჩის ქალს, მეძავს, სატანას, რაც დაზარალებულ ე. პ–ს ტანჯვას იწვევდა;
1.10.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენით მ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.9. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
2.10. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
2.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
2.12. მ. გ–ას სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 8 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ–ას ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ქ–ამ. აპელანტმა მოითხოვა მ. გ–ას უდანაშაულოდ ცნობა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. მ. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
4.2. მ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 4 იანვრის ეპიზოდი)– თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
4.2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
4.2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
4.2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი ზომის სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
4.4. მ. გ–ას სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 8 იანვრიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე – ლევან ფიფია ითხოვს მ. გ–ას დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5.2. მსჯავრდებულ მ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. ქ–ა ითხოვს მ. გ–ას სრულად გამართლებას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს მ. გ–ას დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – მ. გ–ას უდანაშაულოდ ცნობას მისთვის მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდებშიც.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. გ–ას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ამ ნაწილში მ. გ–ას გამართლება განაპირობა.
10.1. ბრალდების მხარე მ. გ–ას მიერ, მათ შორის, აღნიშნული დანაშაულების (რომლებშიც იგი გამართლებულია) ჩადენის დასაბუთებისათვის უთითებს, დაზარალებულის ჩვენებასა და ექსპერტების – ნ. ჩ–ის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2025 წლის 14 იანვრის №..... დასკვნით, 2025 წლის 9 იანვარს ჩატარებული პირადი გასინჯვით ე. პ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს) და თ. ფ–ს (ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 21 იანვრის №...... დასკვნით, ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით პიროვნების პატივის და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ე. პ. განიცდის ტანჯვას) მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებსა და მათ ჩვენებებზე (დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნები).
10.2 საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ: ოჯახური „დანაშაულის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სხვა დანაშაულის მტკიცების ტვირთისგან განსხვავებით, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას არ უნდა ხელმძღვანელობდეს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის“ მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობით“.
10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესი, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის ხარისხს/მტკიცებით სტანდარტს არ უკავშირებს არც დანაშაულის ხასიათს და არც კატეგორიას.
10.4. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019), – მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).
10.5. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მ. გ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
11. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ასევე კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა მ. გ–ას უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მისთვის მსჯავრადშერაცხული დანაშაულების ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებული ე. პ–ს ჩვენებით (დაადასტურა მსჯავრდებულის მიერ მის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობა, მუქარა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2025 წლის 14 იანვრის №........ დასკვნით (2025 წლის 9 იანვარს ჩატარებული პირადი გასინჯვით ე. პ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბგლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. იმავდროულად, აღნიშნული ექსპერტიზის კვლევითი ნაწილის თანახმად, შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2025 წლის 4 და 5 იანვარს შვილმა გაშლილი ხელები დაარტყა მხრებსა და ზურგის მიდამოში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (სასამართლო ითვალისწინებს, რომ ანალოგიური ინფორმაცია მიუთითა დაზარალებულმა 2025 წლის 8 იანვრის განცხადებაში (ძალადობისათვის ნასამართლევმა მ. გ–ამ (დაზარალებულის შვილი) 2025 წლის 4 და 5 იანვარს იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით)), 2024 წლის ივნისიდან მოყოლებული მუდმივად ძალადობს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. მისივე გადმოცემით სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს), ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 21 იანვრის №.... დასკვნით (ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით პიროვნების პატივის და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ე. პ. განიცდის ტანჯვას), გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება მ. გ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 4 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 5 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) – ჩადენა.
12. მოცემულ შემთხვევაში, არარელევანტურია დაცვის მხარე კასატორის მითითება სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ,,დაზარალებულის ჩვენება, ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან სამივე მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის №647აპ-17 განჩინება).
12.1. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2025 წლის 14 იანვრის №...... და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 21 იანვრის №......... დასკვნებს, აღნიშნული ექსპერტიზების არსს, კვლევის მეთოდს, ხერხს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევისათვის გამოსაკვლევ პირთან, გარდა გასაუბრებისა და მის მიერ სხვადასხვა ეპიზოდების აღწერისა, გამოყენებული იქნა, მათ შორის: მეხსიერების საკვლევი ტესტი, თავისუფალი ასოციაციის მეთოდი, ყურადღების საკვლევი ტესტი, აზროვნების საკვლევი ტესტი, კლინიკური საუბრის მეთოდი, ლუშერის ტესტი;
12.2. სწორედ აღნიშნული მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით შიშის, დამცირების, პიროვნების პატივის და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ე. პ. განიცდის ტანჯვას (ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 21 იანვრის №........ დასკვნის კვლევითი ნაწილი (ტ.N 1; ს.ფ.99-104)).
13. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
14. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, მე-6 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე – ლევან ფიფიას და მსჯავრდებულ მ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ქ–ას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე