საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.04.2026
საქმის ნომერი
2კ-46აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124010234199

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №46აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი

გ–ი კ., №46აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის – ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. გ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ აკრძლული საგნის შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 19 მაისს, დაახლოებით 21:13 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N. დაწესებულების .... სარეჟიმო კორპუსის N.. საკანში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩატარდა საკნის შემოწმება დათვალიერება, რა დროსაც, საკანში არსებული ხელსაბანის გვერდით განთავსებული კარადის უკან, იატაკზე, აღმოჩენილ იქნა ორი ერჯერადი ჭიქა, მათში არსებული ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონის“ შემცველი სითხეებით, რასაც ბრალდებული კ. გ–ი უკანონოდ ინახავდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:

კ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, კ. გ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა – ანი ჩუბინაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება უფრო ხანგრძლივი ვადით, სრულად საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა – ანი ჩუბინაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება უფრო ხანგრძლივი ვადით, სრულად საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი უსამართლოა, რადგან არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე, ვერ უზრულველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და მსჯავრდებულისათვის იქონიებს წამახალისებელ ეფექტს ახალი დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით. პროკურორის განმარტებით, მსჯავრდებული წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შეფარდებული აქვს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ დაადგა გამოსწორების გზას, წინა ნასამართლობა მისთვის არ აღმოჩნდა დამაფიქრებელი და შემაკავებელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს კ. გ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. გ–ისათვის როგორც საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ისე – საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამასთან, „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5.4. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შემდგომ – საბოლოოდ შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის – ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე