საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125010815415
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №42აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი
მ–ე ლ., №42აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. მ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (სიცოცხილის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინაში, ლ. მ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ი. კ–ეს, კერძოდ, უთხრა, რომ ანთებულ გაზქურაზე დაადებინებდა თავს და მოკლავდა, რის შედეგადაც, ი. კ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის 7 ნოემბერს, თ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინაში, ლ. მ–ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, იძალადა მეუღლე ი. კ–ის მიმართ, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, ი. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით:
ლ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ლ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 10 თვით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ლ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. მ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. ჩ–ემ და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ. დაცვის მხარემ მოითხოვა ლ. მ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ბრალდების მხარემ მოითხოვა ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ასევე, მისთვის მაქსიმალურ ვადასთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ამნისტიის გათვალისწინებით, შევიდა ცვლილება:
ლ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ლ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 10 თვით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ლ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 2 წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. მ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით, 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ასევე, მისთვის მაქსიმალურ ვადასთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, ლ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაციით. ამასთან, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია, რადგან მან ჩაიდინა მაღალი საშიშროების მქონე განზრახი დანაშაული (მუქარა) ოჯახის წევრის – მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით. მსჯავრდებულს გააზრებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ მისი ქმედებებით მორალურ ზიანს აყენებდა ოჯახის წევრს. მსჯავრდებულის მიდგომა ოჯახის წევრების მიმართ მიუთითებს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. პროკურორის განმარტებით, ლ. მ–ისათვის შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. ბრალდების მხარე ლ. მ–ის მიერ მეუღლის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმსა და შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახულ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია 2024 წლის 7 ნოემბერს, მის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, ჩადენილი ძალადობის შესახებ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება გამოკითხვის ოქმს. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის ოქმში ძალადობის შესახებ ასახულ ინფორმაციას, ეს უკანასკნელი არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით და არ იძლევა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას (მით უფრო, რომ ხსენებულ ოქმში მითითებულია 2024 წლის 8 ნოემბერს და არა – 7 ნოემბერს ჩადენილი ძალადობის შესახებ). გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას დაზარალებულის მიერ განცდილ ტკივილთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია.
5.4. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ლ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. მ–ეს, ხსენებული დანაშაულისათვის და შემდგომ – საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს (მაღალი საშიშროების მქონე განზრახი დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ხსენებულმა გარემოებებმა განაპირობა პირის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომელიც, მათ შორის, სწორედ იმ სახისა და ზომის სასჯელს ითვალისწინებს, რაც შეეფარდა მსჯავრდებულს. შესაბამისად, პროკურორის მიერ დამამძიმებლად მიჩნეული გარემოებები მოცულია ხსენებული ნორმის დისპოზიციით, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სასჯელის დანიშვნისას მათი დამატებით მხედველობაში მიღების შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენის შესახებ, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ლ. მ–ეს არ ედავება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის არასრულწლოვანთა თანდასწრებით ჩადენას, რის გამოც, ხსენებული დამამძიმებელი გარემოება მხედველობაში ვერ მიიღება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას.
5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე