საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2026
საქმის ნომერი
2კ-36აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240100125011275996

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №36აპ-26 ქ. თბილისი

გ-ა შ, 36აპ-26 17 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. გ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით:

1.1. შ. გ-ია - დაბადებული .. წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2025 წლის 18 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. გ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის და წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განაჩენით შ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’, ,,ე’’ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან სასჯელი მოიხადა 2020 წლის 13 ოქტომბერს.

· 2025 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე, ა-ის რაიონის სოფელ ო-ოში, შ. გ-ამ, რომლისთვისაც წინასწარ ცნობილი იყო, რომ მისი შვილი მ. გ-ია იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, დის - ა. გ-ას საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და მასზე განაწყენებულმა, მ. გ-ას ჯერ ხელის გამოყენებით სახის არეში, შემდეგ კი ფეხის გამოყენებით, ზურგისა და მუცლის არეში, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური დარტყმა. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად მ. გ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ შ. გ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის გააჩენის გაუქმება და შ. გ-ას გამართლება.

4.1. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ სართანიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ შ. გ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა შ. გ-ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

7. დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ მ. გ-იას ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან, არის თანმიმდევრული და თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ, მ. გ-ამ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას, დეტალურად ისაუბრა უშუალოდ ძალადობის ფაქტზე, მანამდე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. მისი გამოკითხვის ოქმისა და ჩვენების შინაარსი სრულად შეესაბამება ერთმანეთს. გამომძიებლებმა - ა. უ-ამ და ს. ხ-ამ დაადასტურეს, რომ გამოკითხვისას დაზარალებული დეტალურად და გასაგებად აღწერდა ფაქტებს. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა მ. გ-ამ იმავე შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა ააიპ ,,თ-რა 2024-ის“ დირექტორ თ. გ-ს და აჩვენა კიდეც დაზიანებები როგორც ტუჩის შიდა მხარეს, ასევე ნეკნებზე დაჟეჟილობის სახით. დაზარალებულ მ. გ-იას ჩვენება სრულადაა თანხვდენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნასთან, რომლითაც დადგინდა მისი სხეულის დაზიანების ფაქტი, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის თარიღს. დაზარალებულმა ექსპერტის წინაშეც განაცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მამამ - შ. გ-ამ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. გ-ას მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. გ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე