გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2001
საქმის ნომერი
3კ/904-01
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.11.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3კ/904-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ალიმენტის გადახდევინება (ძირითად სარჩელში), არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად გადაცემა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. და ო. თ-შვილები ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1989 წლის 2 დეკემბერს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი _ ნი. თ-შვილი, დაბადებული 19.... წელს და გ. თ-შვილი, დაბადებული 19..... წელს. 2000 წლის 20 სექტემბერს მათ შორის ქორწინება შეწყდა.

ნ. თ-შვილმა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით მოითხოვა მცირეწლოვანი შვილების აღსაზრდელად ო. თ-შვილისათვის ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

ო. თ-შვილმა აღძრა შეგებებული სარჩელი ნი. და გ. თ-შვილების აღსაზრდელად მისთვის გადაცემის და ნ. თ-შვილისათვის ბინიდან 1/6 წილის გამოყოფის შესახებ. ო. თ-შვილმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ იგი საბინაო პირობებით და მატერიალურად უზრუნველყოფილია. აქვს კარგი დამოკიდებულება ბავშებთან და უკეთ უზრუნველყოფს მათ აღზრდას.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგეგებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვაჟი _ გ. თ-შვილი დარჩა ნ. თ-შვილთან, ხოლო ქალიშვილი _ ნი. თ-შვილი, აღსაზრდელად გადაეცა მამას _ ო. თ-შვილს. ო. თ-შვილს ნ. თ-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 35 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. თ-შვილს დაეკისრა ნ. თ-შვილის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, მდგომარეობის შეცვლამდე. ო. თ-შვილს უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. პალატამ მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებული იყო ბავშვების აღსაზრდელად გადაცემის საკითხის გადაწყვეტა, რადგან განქორწინების მიუხედავად, მხარეები არ ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ო. თ-შვილის მატერიალური მდგომარეობა.

საკასაციო საჩივრით ო. თ-შვილი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვან ნი. თ-შვილის მიერ მამასთან აღრსაზრდელად დარჩენის თაობაზე გამოთქმული მოსაზრება და მისი ნების საწინააღმდეგოდ ბავშვები აღსაზრდელად გადასცა დედას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.

კასატორს არასწორად მიაჩნია ალიმენტის დაკისრება, რადგან ბავშვები ბინაში მასთან ცხოვრობენ და იგი ზრუნავს მათ აღზრდაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. თ-შვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო, ხოლო ო. თ-შვილის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ქალიშვილი ნი. თ-შვილი აღსაზრდელად უნდა დარჩეს მასთან შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი განქორწინებულნი არიან. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილის ინტერესების გათვალისწინებით. ამრიგად, არასრულწლოვანი შვილების აღზრდის ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ ბავშვის სურვილის იმის თაობაზე, თუ ვისთან სურს აღსაზრდელად დარჩენა. არასრულწლოვანმა ნი. თ-შვილმა არაერთხელ გამოხატა სურვილი, აღსაზრდელად დარჩეს მამასთან. აღნიშნული სურვილის გაუთვალისწინებლად საკითხის გადაწყვეტა უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვნის ფსიქიკაზე. ამასთან, ნი. თ-შვილი თავის ძმაზე გ. თ-შვილზე უფროსია, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება ნი. თ-შვილი აღსაზრდელად გადაეცეს მამას, ხოლო გ. თ-შვილი კი აღსაზრდელად დარჩეს დედასთან. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ აღსაზრდელად გადაცემის საკითხის გადაწყვეტა პირობითია, რადგან ო. და ნ. თ-შვილები განქორწინების მიუხედავად ერთ ბინაში ცხოვრობენ და ორივეს ექნება შესაძლებლობა ბავშვებთან შეუზღუდავად იქონიონ ურთიერთობა.

პალატა მიიჩნევს, რომ ნ. თ-შვილის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან როგორც ო. თ-შვილის, ასევე მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ იგი ზრუნავს შვილების აღზრდაზე და თავს არ არიდებს მშობლის მოვალეობებს, მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს, რის გამოც არ არსებობს აუცილებლობა, რომ სასამართლო წესით დაეკისროს მას აღნიშნული მოვალეობების შესრულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

ნ. თ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

ო. თ-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივად დაკმაყოფიდლეს: ნი. თ-შვილი აღსაზრდელად გადაეცეს მამას _ ო. თ-შვილს.