საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.05.2026
საქმის ნომერი
2კ-1080აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1080აპ-25 14 მაისი, 2026 წელი

ბ–ი მ., №1080აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ–ს (დაბადებულს ........ პირადი №.........) ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. მ. ბ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის დეკემბრიდან მ. ბ–ი საექსტრადიციო წარმოების ფარგლებში ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს წარმოებაში არსებული, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი – დ. ზ–სის – ინტერესების დაცვას. დ. ზ–სთან ურთიერთობის საწყის ეტაპზევე, მ. ბ–ისთვის ცნობილი გახდა, რომ დ. ზ–სს არ სურდა ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაინტერესებული იყო აღნიშნული საკითხის მის სასარგებლოდ მოგვარებით, რის შემდეგაც, მ. ბ–მა განიზრახა ამ უკანასკნელის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ბ–მა არაერთხელ ინახულა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დ. ზ–სი, რომელსაც, 2024 წლის 11 მარტს, პირადი საუბრისას, განუმარტა, რომ დასახელებული საკითხის მოგვარება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა და დაჰპირდა, თითქოს შეეძლო პროკურატურის სისტემაში არსებული სანაცნობო წრის მეშვეობით მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო საქმის მისსავე სასარგებლოდ გადაწყვეტა, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვებას, არამედ – .....ს ფედერაციაში გადასვლაში დახმარებას, სადაც ცხოვრობდა დ. ზ–სის ოჯახი. ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების სანაცვლოდ კი, მ. ბ–მა დ. ზ–სს მოსთხოვა გადაცემა 50 000 აშშ დოლარისა (ას ოცდათორმეტი ათას რვაას ოთხმოცი ლარისა), რომლიდანაც, თითქოსდა მხოლოდ 5 000 აშშ დოლარი იქნებოდა მისი, როგორც ადვოკატის მომსახურების საფასური, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი მოხმარდებოდა ვითომ სხვა პირთა ჩართულობით საქმის მოგვარებას. დ. ზ–სი დასთანხმდა ადვოკატის შეთავაზებას და 2024 წლის 23 მარტს, ნაცნობი პირის მეშვეობით, მ. ბ–ს მისი მოთხოვნის შესაბამისად, ორ ეტაპად გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი, პირველად – 6 000 აშშ დოლარი, ხოლო რამდენიმე დღეში, დამატებით – 3 000 აშშ დოლარი, ჯამში 9 000 აშშ დოლარი (ოცდაოთხი ათას ას სამოცდათერთმეტი ლარი).

2024 წლის 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო დ. ზ–სის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის დაწყებამდე მ. ბ–ი პატიმარსაც და მის მეორე დამცველსაც არწმუნებდა, რომ ექსტრადიცია არ განხორციელდებოდა, რადგან აღნიშნული საკითხი მის მიერ მოგვარებული იყო. აღნიშნულის შემდეგ, მ. ბ–ი კვლავ არაერთხელ შეხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ დ. ზ–სს და აგრძელებდა მის დარწმუნებას, თითქოსდა არაერთი მაღალჩინოსნის ჩართულობით მისი საქმე გვარდებოდა და ექსტრადირება აღარ განხორციელდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში; უფრო მეტიც, შეძლებდა მის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას და შემდგომში კი, სხვა ქვეყანაში გადასვლაში დახმარებას. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის მოსაგვარებლად, დროის მცირე ინტერვალში მისთვის სრულად უნდა გადაეცა შეთანხმებული თანხა – 50 000 აშშ დოლარი, რასაც კვლავ დასთანხმდა დ. ზ–სი, თუმცა, მ. ბ–ის მიერ დაპირებული არცერთი სამართლებრივი საკითხი არ გადაწყვეტილა მის სასარგებლოდ. 2024 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა დ. ზ–სის ამერიკის შეერთებული შტატებში ექსტრადირება. მ. ბ–ის თაღლითური ქმედებით დ. ზ–სს, შესაძლოა, მისდგომოდა 50 000 დოლარის (ას ოცდათორმეტი ათას რვაას ოთხმოცი ლარი), დიდი ოდენობით, მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით, მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 5 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 15 ნოემბრიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – მ. ბ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, პროკურორმა მარიამ ტალიაშვილმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული მ. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, რამაც გავლენა იქონია საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება – ფარული აუდიოჩანაწერის სახით – დაუშვებელია, ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის მიმართ კანონით აკრძალულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 143⁷-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატი მიეკუთვნება იმ საგამონაკლისო სუბიექტთა კატეგორიას, რომელთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება მხოლოდ საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კასატორი მსჯავრდებული საკუთარი გამართლების მოთხოვნას აფუძნებს საპროცესო ნორმების დარღვევას და არ მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს, დაირღვა თუ არა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები ადვოკატის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით.

4.3. საქართველოს სსსკ-ის 143²-ე და 143⁷-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი ადასტურებს, რომ კანონმდებელი ადვოკატის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას აბსოლუტურად არ კრძალავს. პირიქით, აღნიშნული ნორმები ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია, თუ დაცულია კანონით განსაზღვრული აუცილებლობის, პროპორციულობისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის სტანდარტები. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 143²-ე მუხლი ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგად პრინციპებს და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს პირის პირად ცხოვრებაში ინტენსიური ჩარევის მქონე საგამოძიებო ღონისძიება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულთა გამოძიებისას, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილები მოითხოვს, რომ ასეთი ჩარევა აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. ამასთან, მე-4 ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 143⁷-ე მუხლი, რომელზეც აპელირებს კასატორი, არ შეიცავს რაიმე დათქმას, რომელიც ადვოკატის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას სრულად გამორიცხავდა. პირიქით, საქართველოს სსსკ-ის 143⁷-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება სპეციალური პროფესიული სტატუსის მქონე პირთა, მათ შორის, ადვოკატის მიმართ. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს ისეთი ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც დაკავშირებულია ადვოკატის პროფესიული საქმიანობისას კანონით დაცულ ურთიერთობასთან, თუმცა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს იგი ადვოკატს ანიჭებდეს აბსოლუტურ იმუნიტეტს იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან სწორედ პროფესიული სტატუსი გამოიყენება დანაშაულის ჩასადენად. საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს, თუმცა ეს უფლება აბსოლუტური არ არის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება Versini-Campinchi and Crasnianski v. France, №49176/11)

4.5. განსახილველ შემთხვევაში, მ. ბ–ის, როგორც ადვოკატის მიმართ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინება გაცემული იყო კანონით დადგენილი წესისა და საპროცესო მოთხოვნების სრული დაცვით, მისი შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაში მხილების მიზნით, ვინაიდან იმ მომენტისთვის დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება და არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ. ბ–ი ცრუ დაპირებებით, მოტყუებით ეუფლებოდა მისი კლიენტის კუთვნილ თანხებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიება არ ემსახურებოდა ადვოკატსა და მის კლიენტს შორის პროფესიული კომუნიკაციის კონტროლს ან დაცვის სტრატეგიის მოპოვებას, არამედ მიემართებოდა ადვოკატის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენისკენ. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი გამართლების საფუძვლად.

4.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების (ა. გ–ს, ე. ზ–ს, ჰ. ს–ს ჩვენებების, დ. ზ–სის გამოკითხვის ოქმის, დათვალიერების ოქმების, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებისა და სხვა წერილობითი მტკიცებულებების) საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულია, რომ მ. ბ–მა ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა. კერძოდ, მ. ბ–მა შეცდომაში შეიყვანა დ. ზ–სი, დაარწმუნა ის, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, მის სასარგებლოდ გადაწყვეტდა ექსტრადიციის საკითხს, სანაცვლოდ კი მოსთხოვა გადახდა 50 000 აშშ დოლარისა, რომლის ნაწილი, 9 000 დოლარი, გამოართვა კიდეც.

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. ბ–ის მსჯავრდებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.8. შესაბამისად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე