საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1099აპ-25 თბილისი
ჩ–ე ლ., 1099აპ-25 6 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით ლ. ჩ–ე (პირადი №..........), დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. ჩ–ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი რედაქცია). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2017 წლის 5 მარტს, დაახლოებით, 23:20 საათზე, თ–ში, .... ქუჩაზე, ლ. ჩ–ემ, რომელიც მართავდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა გზის სავალ ნაწილზე მდგარ ქვეითებს – მ. ჯ–ს და დ. ტ–ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მ. ჯ–ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორები – მსჯავრდებული ლ. ჩ–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჩ–ე – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საჩივარში მითითებული მოტივებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; საქმის ყველა მტკიცებულება მიუთითებს ლ. ჩ–ის უდანაშაულობაზე, გამამტყუნებელი განაჩენი კი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ჩ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
9. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ. ჩ–ის ქმედება უშუალო მიზეზობრივ კავშირშია მ. ჯ–ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებასთან, რაც უტყუარად დასტურდება მხარეთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, კერძოდ, დადგენილია, რომ ლ. ჩ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – გაჩერდეს. აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა: ლ. ფ–მ, დ. ლ–მ და კ. შ–მ (რომლებიც გაფრთხილებულნი არიან საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ყალბი დასკვნის მიცემისათვის). მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საფრთხე წარმოიქმნა მძღოლის მოქმედების შედეგად, რომელმაც უგულებელყო მოძრაობის წესები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქვეითები იდგნენ გზის სავალ ნაწილზე, ანუ იყვნენ გაჩერებულები. შესაბამისად, ისინი მძღოლისთვის წარმოადგენდნენ დაბრკოლებას და არა საფრთხეს. ამდენად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მძღოლი ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა მოძრაობის ინსტენსივობა, ნებისმიერი დაბრკოლება, რომლის დანახვაც მას შეეძლო, მიეღო ზომები სიჩქარის შესაჩერებლად ან გაჩერებულიყო. ლ. ჩ–ემ მოახდინა მანევრირება, გადაადგილდა ირიბად და მეორეხარისხოვანი გზიდან მთავარ გზაზე შეხვევისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები.
10. ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ, ქვეითები გზის სავალი ნაწილის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა მდგარიყვნენ, მძღოლს უნდა დაეცვა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, ხოლო რაც შეეხება, გზის სავალ ნაწილზე მიმდინარე სამუშაოებს, ასეთის არსებობა მძღოლს კიდევ უფრო ვალდებულს გახდიდა, გაეთვალისწინებინა საგზაო პირობები და, თუ გზაზე იქნებოდა რაიმე დეფექტი (ორმო, ქვა), რომლის გამოც ვერ შეძლებდა გზის გაგრძელებას, გაჩერებულიყო.
11. რაც შეეხება ავტომანქანაზე ადამიანის სხეულზე შეჯახებისათვის დამახასიათებელი კვლების არარსებობას, მითითებულმა მოწმეებმა დარწმუნებით აღნიშნეს, რომ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომობილზე არ იყო ქვეითთან ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული კვლები, არ გამორიცხავს ავტომანქანასა და ქვეითს შორის კონტაქტს, ვინაიდან დაბალი სიჩქარით შეჯახებისას შესაძლებელია, ავტომანქანაზე ვერ აღმოჩნდეს რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახებისათვის დამახასიათებელი კვლები. ანალოგიურია ჩამონაყარის შემთხვევაშიც – ის, შესაძლებელია, არ წარმოიქმნას იმ დროს, როდესაც არ არის ძლიერი შეჯახება. შესაბამისად, ქვეითთან კონტაქტი შეიძლება ისე, რომ არ წარმოიქმნას მიწის ან რაიმე ფრაგმენტის ჩამონაყარი.
12. ლ. ჩ–ის მიერ ავტომანქანის დაძვრას და მ. ჯ–ზე დაჯახებას, გარდა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებისა, სრულად ადასტურებს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი მოწმე ვ. დ–ი, რომელმაც დეტალურად აღწერა ბრალდებულ ლ. ჩ–ის ქმედება დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 მარტს, საღამოს საათებში, იმ დროს, როდესაც დ. ტ–ე და მ. ჯ–ე იდგნენ გზის პირას, „მიცუბიში პაჯეროს“ მოდელის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ლ. ჩ–ე, გადაჭრა გამწვანების ზოლი, ფარით და მარცხენა ბამპერის გარეთა კუთხით დაეჯახა მ. ჯ–ეს, ხოლო საბურავით – დ. ტ–ეს, რომელიც წაიქცა ასფალტზე. დ-თან ერთად წაიქცა მ. ჯ–ეც, რომლის ფეხი მოყოლილი იყო საბურავის ქვეშ. მოწმემ დარწმუნებით აღნიშნა, რომ მ. ჯ–ის ძირს დაცემის და დაზიანების მიღების მიზეზი გახდა ლ. ჩ–ის მხრიდან მანქანით მასზე დაჯახება. ძირს დავარდნის შემდეგ მ. ჯ–ე, რომელსაც მომხდარ ფაქტამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, საუბრობდა არაადეკვატურად, რის გამოც, გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
13. მ. ჯ–ეზე ავტომანქანის დაჯახებას ადასტურებს ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმე დ. ტ–ეც, რომელმაც ასევე დარწმუნებით აღნიშნა, რომ შეეჯახა იმ მომენტში, როდესაც, მ. ჯ–ესა და ვ. დ–თან ერთად, უმოძრაოდ იდგა მწვანე გაზონის დამამთავრებელ ბორდიურთან. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია, რომ, თითქოს მერაბი წაიქცა მისი დაჯახების შედეგად და განმარტა, რომ ავტომანქანა შეეჯახა უკანა მხრიდან, რა დროსაც დაეცა ასფალტზე, წამოდგა სწრაფად და დაინახა გულაღმა დაცემული მ. ჯ–ე, რომლის ფეხზე შემდგარი იყო მანქანის საბურავი.
14. დაზარალებულ მ. ჯ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას არ დაუნახავს მანქანის შეჯახების მომენტი და გონებაზე მოვიდა სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა, როგორც შემთხვევის თვითმხილველი მოწმეებისაგან გადმოცემით იცის, მას უკანა მხრიდან დაეჯახა მანქანა, რომელსაც მართავდა ლ. ჩ–ე. მოწმისთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხვდა ავტომანქანა შეჯახების ადგილას, რადგან იდგა კორპუსის წინ, კორპუსში შემავალი საავტომობილო გზის კუთხესთან ახლოს, ისე, რომ კორპუსის მხრიდან მიმავალ მანქანას საფრთხეს არ უქმნიდა.
15. სამედიცინო დოკუმენტაციისა და სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 13 აპრილის №... დასკვნის მიხედვით, მ. ჯ–ეს დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ქალასარქველის მოტეხილობა – საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა მარჯვნივ, თხემ-საფეთქლის ეპიდორული ჰემატომა, ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც – სიცოცხლისათვის სახიფათოს. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ დაზიანების მექანიზმი, შესაძლებელია, ყოფილიყო როგორც მკვრივი, ბლაგვი საგნის სხეულზე მოქმედება, ისე – სხეულის მკვრივ-ბლაგვ საგანზე მოქმედება (ავტომანქანის ნაწილები, ასფალტის ზედაპირი და კედელი წარმოადგენს მკვრივ-ბლაგვ საგანს).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და თანდართული სქემის (რომელთა სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის
სახით დაკითხვისას აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა გამომძიებელმა), ექსპერტიზების დასკვნების და სხვა მასალების) შეფასებისა და ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ. ჩ–ემ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და დაეჯახა გზის სავალ ნაწილზე ქვეითად მდგარ მ. ჯ–ს და დ. ტ–ს, რის შედეგადაც, მ. ჯ–ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო კასატორთა პოზიცია არსებითად ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია), ასევე – წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს, არადამაჯერებელია და მიმართულია მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.
17. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, მოწმეთა ჩვენებებში იყოს გარკვეული ხასიათის ცდომილებები/უზუსტობები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც სასამართლოს მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთთს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან, ასევე – ამ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან; პირიქით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, მათი ჩვენებები თანმიმდევრული და სარწმუნოა. საყურადღებოა ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები ან გარკვეული გარემოება რამდენიმე პირმა, შესაძლოა, გარკვეულწილად სხვადასხვაგვარად აღწეროს, რაც არ შეიძლება, ცალსახად გახდეს მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების, უტყუარობის, დამაჯერებლობისა და სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია როგორც თითოეული ადამიანის აღქმაზე, ისე – სხვადასხვა გარემოებაზე. მოწმეთა ჩვენებების შინაარსის ე. წ. „მათემატიკური სიზუსტით“ ურთიერთდამთხვევა შეუძლებელია (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი: №253აპ-25, №636აპ-23, №34აპ-23). გარდა ამისა, მომხდარი ფაქტიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე წელი, რის გამოც, შესაძლებელია, მათ არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებათა სანდოობის, ასევე – საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებათა – საეჭვოდ მიჩნევისა და მათი გაუზიარებლობის რაიმე საფუძველი, არ ვლინდება დაზარალებულის, ბრალდების მხარის მოწმეებისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება და, აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე გარემოებასა ან/და უტყუარ მტკიცებულებაზე. მეტიც, დაზარალებულის და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.
18. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში საქმისწარმოების პროცესის მიმდინარეობისას, დაცვის მხარის უფლებების რაიმე ფორმით დარღვევას ან შეზღუდვას, რომელსაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარეებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოედგინათ მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. დაცვის მხარე უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულებათა წარდგენისა და, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობით, ასევე – მას საშუალება ჰქონდა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები. მთელი სამართალწარმოების პროცესში მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. ამდენად, მოცემული საქმის წარმოებისას (როგორც გამოძიებაში, ისე – სასამართლოში), დაცვის მხარე სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
19. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლ. ჩ–ის მოწმის და არა – ბრალდებულის – სტატუსის თაობაზე, სასამართლო უთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად კი, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტა მთლიანად უკავშირდება პროკურორის უფლებამოსილებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ლ. ჩ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასა.
21. საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით ეროვნული სასამართლოების ვალდებულებების შესახებ, რომელთა თანახმად, არ არის სავალდებულო ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს; მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. შემდეგი გადაწყვეტილებები: ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ., გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), 1997 წლის 29 მაისი, პარ. 43).
22. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ჩ–ისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჩ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე