საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.05.2026
საქმის ნომერი
2კ-34აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005332034

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№34აპ-26 ქ. თბილისი

გ–ე მ., №34აპ-26 19 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ჭ–ისა და ნ. ჩ–ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით, მ. გ–ე, – დაბადებული 19.., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დააადგინა, რომ მ. გ–ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. შპს „ჰ–ი“ (ს/ნ .....) რეგისტრირებულია 2015 წლის 2 სექტემბერს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა – სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა, როგორც იმპორტით, აგრეთვე – ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ მისი რეალიზაცია. შპს „ჰ–ს“ გააჩნდა ორი მოქმედი სალარო აპარატი – ქ. თ–ში, „.......ების“ ბაზარში და ქ. ბ–ში. კომპანია საქმიანობდა ქ. ბ–სა და ქ. თ–ში არსებულ ბაზრებში. შპს „ჰ–ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ე. ბ–ი, რომელმაც 2015 წლის 5 ნოემბრიდან 2018 წლის 3 თებერვლამდე დროის პერიოდში, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, კომპანიის მმართველობა ჩააბარა და დირექტორის სრული უფლებამოსილებით აღჭურვა მ. გ–ე.

2.2. 2017 წლის 4 ივლისის გამომძიებლის დადგენილებით, დაინიშნა შპს „ჰ–ის“ რევიზია და ინვენტარიზაცია, შემოწმდა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტთან ანგარიშწორება – 2015-2017 წლის ივლისის თვემდე პერიოდში.

2.3. 2018 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაცია შეუძლებელს ხდიდა საგადასახადო ვალდებულების სწორ განსაზღვრას, რის გამოც, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა. შემოწმებამ რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასით განუსაზღვრა გადამხდელს ერთობლივი შემოსავალი და საქმიანობის პერიოდში იმპორტირებული და შეძენილი საქონელი სრულად რეალიზებულად ჩაუთვალა 10-15-დღიანი შუალედების გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2015-2016-2017 წლებზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვადი კომპანიის მიერ დეკლარირებული იყო 10776238 ლარი, ნაცვლად – 16884337 ლარისა. მიღებული ფინანსური შემოსავალი, რომელიც არ იყო დაფიქსირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებული პირის სარგებლად და, შედეგად, საწარმოს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც.

2.4. 2018 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 2 მაისის ბრძანებით, შპს „ჰ–ს“ 2015-2017 წლების პერიოდზე დაერიცხა სულ – 5411810 ლარის გადახდა, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 3504304 ლარი, ჯარიმა – 1907506 ლარი.

2.5. 2018 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2018 წლის 2 მაისის №10516 დარიცხვის ბრძანებასა და 2018 წლის 2 მაისის №006-164 საგადასახადო მოთხოვნას მ. გ–ე გაეცნო და ხელზე ჩაიბარა 2018 წლის 21 სექტემბერს. შპს „ჰ–ს“ დარიცხვა არ გაუსაჩივრებია და დარიცხული თანხები არ გადაუხდია კანონით გათვალისწინებულ – 45 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, არ გადავადებულა ან შეჩერებულა მისი გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მ. გ–ე, ვინც რეალურად წარმართავდა და განაგებდა შპს „ჰ–ის“ ეკონომიკურ საქმიანობას, განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის – 3504304 ლარის – გადახდას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ. ჭ–ემ და ნ. ჩ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ. ჭ–ემ და ნ. ჩ–მა, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართლს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნებს; იმავდროულად – დაუსაბუთებელია, რამეთუ არ ეფუძნება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული არცერთი დასკვნა არ არის არგუმენტირებული. ამასთან, მ. გ–ისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების სიმძიმეს და, ამდენად – უსამართლოა. მ. გ–ის სახელზე გაცემულია ექვსი მინდობილობა, რომლითაც ე. ბ–ამ მიანიჭა უფლებამოსილება, შეესრულებინა საწარმოში გარკვეული მოქმედებები, მაგრამ აიღო თუ არა მ. გ–ემ ვალდებულება ამ მოქმედებების შესრულებაზე ან/და საერთოდ რაიმე სახის ვალდებულებაზე, ამ მინდობილობებით არ დასტურდება, რამეთუ მინდობილობა, თავისი შინაარსით, ცალმხრივი ნების გამომხატველი დოკუმენტია. არც ერთი მინდობილობით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულს გადაეცა შპს „ჰ–ის” მართვის უფლება. არცერთ მოწმეს არ განუმარტავს, რომ მსჯავრდებული მართავდა საწარმოს. მათი თქმით, „მანანას“ სახელით იცნობდნენ ე. ბ–ას, რომელიც ხან თავად მიდიოდა თანხის ასაღებად, ხან მის ქალიშვილს გზავნიდა, ხოლო ის ფაქტი, რომ მ. გ–ემ საწარმოში დაასაქმა სხვადასხვა პირები, იმთავითვე არ მიუთითებს, რომ სწორედ ის იყო მმართველი. საქმეში წარმოდგენილია ე. ბ–ას სამი განსხვავებული ჩვენება, რომელთაგან ორში ადასტურებს, რომ საწარმოს მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს თავად იღებდა, ხოლო მესამე ჩვენებაში განაცხადა, რომ ყველაფერს მ. გ–ესთან ერთად აკეთებდა. სწორედ ეს ჩვენება გამოაქვეყნა ბრალდების მხარემ, მაშინ, როდესაც ე. ბ–ას ქალიშვილმა დაადასტურა, რომ გამოკითხვისას დედამისი იყო ცუდად და წაუკითხავად მოაწერა ხელი დოკუმენტს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა მ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, 2015 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირებული შპს „ჰ–ის“ (ს/ნ ....) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ე. ბ–ი, რომელმაც №....., №......, №....., №......, №..... და №..... სანოტარო აქტების მიხედვით, 2015 წლის 5 ნოემბრიდან 2018 წლის 3 თებერვლამდე, კომპანიის მმართველობა ჩააბარა და დირექტორის სრული უფლებამოსილებით აღჭურვა მ. გ–ე; მოწმეების სახით დაკითხული/გამოკითხული ე. ბ–ასა და მისი ქალიშვილის – მ. გ–ის, საწარმოს საბუღალტრო საქმისმწარმოებლის – გ. ბ–ის, ისევე, როგორც – საწარმოში დასაქმებულთა – ჯ. ჩ–ის, გ. წ–სა და ჯ. მ–ს – ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ მ. გ–ე შპს „ჰ–ის“ დირექტორის უფლებამოსილებას ახოციელებდა, როგორც იურიდიულად, ასევე – ფაქტობრივად და, შესაბამისად, სრულად იყო პასუხისმგებელი, სადავო პერიოდში, შპს „ჰ–ის“ მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე; შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს კომპანია ,,ჰ–ის“ საგადასახადო დეკლარაციები, ისევე, როგორც – მოგების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მ. გ–ეს, რომლის საკოკნტაქტო ინფორმაცია არის მითითებული სწორედ ხსენებულ დოკუმენტებში; მანვე მიიღო მონაწილეობა შპს „ჰ–ის“ მატერიალურ ფასეულობეათა ინვენტარიზაციაში და ხელმოწერით დაადასტურა შედგნილი აქტი; სს „..... ბანკიდან“ და სს „..... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „ჰ–ის“ ანგარიშზე საბანკო გადარიცხვები არ შეუსრულებია ე. ბ–ას, განსხვავებით მ. გ–ისაგან, რომელსაც თანხები გადარიცხული აქვს სხვადასხვა დანიშნულებით, ისევე, როგორც – მ. გ–ის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია, როგორც საწარმოს თანამშრომლებთან, ასევე – თურქულ მხარესთან, რომლისგანაც ახდენდა შპს „ჰ–ი“ პროდუქციის იმპორტს; 2018 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შპს „ჰ–ის“ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაცია შეუძლებელს ხდიდა საგადასახადო ვალდებულების სწორ განსაზღვრას, რის გამოც, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა. შემოწმებამ რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასით განუსაზღვრა გადამხდელს ერთობლივი შემოსავალი და საქმიანობის პერიოდში იმპორტირებული და შეძენილი საქონელი სრულად რეალიზებულად ჩაუთვალა 10-15-დღიანი შუალედების გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2015-2016-2017 წლებზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვადი კომპანიის მიერ დეკლარირებული იყო 10776238 ლარი, ნაცვლად – 16884337 ლარისა. მიღებული ფინანსური შემოსავალი, რომელიც არ იყო დაფიქსირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებული პირის სარგებლად და, შედეგად, საწარმოს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც. 2018 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 2 მაისის ბრძანებით, შპს „ჰ–ს“ 2015-2017 წლების პერიოდზე დაერიცხა სულ – 5411810 ლარის გადახდა, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 3504304 ლარი, ჯარიმა – 1907506 ლარი. ხაზგასასელია, რომ 2018 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2018 წლის 2 მაისის №..... დარიცხვის ბრძანებასა და 2018 წლის 2 მაისის №..... საგადასახადო მოთხოვნას მ. გ–ე გაეცნო პირადად და ხელზე ჩაიბარა 2018 წლის 21 სექტემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კანონიერი და სამართლიანია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ჭ–ისა და ნ. ჩ–ის – საკასაციო საჩივრები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე