საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100125011784202
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №86აპ-26 13 მაისი, 2026 წელი
ფ–ე ლ. №86აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. ფ–ეს (პირადი ნომერი ............) ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2025 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქ.თ–ი, თ–ა, მე-.. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ლ. ფ–ემ ცემა არასრუწლოვან მეზობელს, 14 წლის ნ. ზ–ს. კერძოდ ძლიერად მოქაჩა ტანისამოსზე, რის გამო ნ. ზ–მა კისრის არეში მიიღო დაზიანებები სისხლჩაქცევის სახით. შემდეგ ორჯერ მუშტი ჩაარტყა თავში. ლ. ფ–ის ქმედების შედეგად, ყველა შემთხვევაში, ნ. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ლ. ფ–ის ქმედებით ნ. ზ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
1.3. 2025 წლის 30 მაისს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ი, თ–ა, მე-.. კვარტალი, კორპუსი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ფ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრუწლოვან მეზობელს, 14 წლის ნ. ზ–ს, რაც ამ უკანასკნელებმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. ლ. ფ–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ნ. ზ–მა განიცადა მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ლ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ფ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პრურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. ფ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 14 იანვარს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – თბილისის პრურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორმა ნათია ქომოშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ფ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა ლ. ფ–ის ქმედებები, თუმცა დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებისთვის შუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. ამასთან, დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ფ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.7. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე