საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100123008278390
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №101აპ-26 11 მაისი, 2026 წელი
კ–ე ვ., №101აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. კ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის აგვისტოს თვიდან 2023 წლის ოქტომბრის თვემდე პერიოდში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ. კ–ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ორსული მეუღლის - თ. კ–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ა. და ა. კ–ების თანდასწრებით, აყენებდა მას სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, მიიჩნევდა, რომ მისი მეუღლე დაკავებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საოჯახო საქმეებით, მომსახურებოდა მას და მის ნათესავებს, არ ჰქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და ხმის ამოღების უფლება, პერიოდულად არ აძლევდა მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლებას და უკონტროლებდა კომუნიკაციას სხვა პირებთან. ვ. კ–ის მხრიდან თ. კ–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას.
1.3. 2020 წლის სექტემბერში, ლ– მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ვ. კ–ე სანადირო თოფის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულ მეუღლეს – თ. კ–ს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2020 წლის სექტემბერში, ლ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ. კ–ემ სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი ორსულ მეუღლეს – თ. კ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, ვ. კ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ მისი მეუღლე დაკავებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საოჯახო საქმეებით, მომსახურებოდა მას და მის ნათესავებს და არ ჰქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და ხმის ამოღების უფლება, სისტემატურად სცემდა და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა მეუღლის – თ. კ–ის მიმართ. კერძოდ, 2023 წლის იანვარში, ვ. კ–ემ, ლ– მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი ორჯერ გაარტყა ორსულ მეუღლეს – თ. კ–ს. მანვე, 2023 წლის მაისში, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საწოლიდან გადმოაგდო ორსული მეუღლე – თ. კ–ი, რომელსაც მუცლისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელები და ფეხები. აღნიშნულის შემდეგ, 2023 წლის ივლისის თვეში, ვ. კ–ემ, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის – ა. კ–ის თანდასწრებით, სახეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს – თ. კ–ს. 2023 წლის 28 აგვისტოს, ქ. ლ–ში მდებარე რესტორნის ეზოში, ვ. კ–ემ არასრულწლოვანი შვილის – ა. კ–ის თანდასწრებით, მარცხენა ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა და სახეში გაარტყა მეუღლეს – თ. კ–ს. 2023 წლის 24 სექტემბერს, ვ. კ–მ, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის – ა. კ–ის თანდასწრებით, სველი პირსახოციანი ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს – თ. კ–ს, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა ზურგში. ვ. კ–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად, თ. კ–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ვ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით, ვ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. კ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 3 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა ვ. კ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლო არ დაეყრდნო უდავო და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მართალია დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოში, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ქ. კ–ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების – რ. კ–სა და შ. თ–ს ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და შეტყობინებით დადასტურდა ვ. კ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ვ. კ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის მონათხრობიდან და არ არიან ძალადობის ან/და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების უშუალო თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად ვ. კ–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვ. კ–ის ბრალეულობას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია, დადგინდეს სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ხარისხი, ხანდაზმულობა და სხვა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, კონკრეტულ ვითარებაში მიაყენა დაზარალებულს შეუძლებელია და ვერ გახდება აღნიშნულის მტკიცების საფუძველი, რამდენადაც, საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება.
5.8. რაც შეეხება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მხოლოდ იარაღის არსებობა, თანაც რეგისტრირებულის ვერ დაადასტურებს მუქარის შემადგენლობას, მით უფრო რომ მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიში – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებით უნდა დადგინდეს. სწორედ მან უნდა მიუთითოს, მუქარის შინაარსი და გაუჩნდა თუ არა მისი საფუძვლიანი შიში და ა.შ.
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. კ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე