საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124008568329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №114აპ-26 13 მაისი, 2026 წელი
დ–ე რ., №114აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მ. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. დ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება(ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. რ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და 2023 წლის 30 ნოემბერს უკანონოდ გაასაღა დ. ნ–ზე 0,0045 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა დ. ნ–ისაგან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
1.3. რ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და 2023 წლის 6 დეკემბერს უკანონოდ გაასაღა დ. ნ–ზე 0,0039 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა დ. ნ–ისაგან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
1.4. რ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,00124 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საიდანაც 0,00028 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, 2023 წლის 20 დეკემბერს ამოღებულ იქნა დ. ნ–ისაგან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხოლო დარჩენილი 0,00096 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, ამოღებულ იქნა იმავე დღეს ქ.ბ–ში, .....ს ქუჩა N..-ში მდებარე რ. დ–ის კუთვნილ ბინა N..-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
1.5. რ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა, ინახავდა 35,294 გრამ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალ მარიხუანას, საიდანაც 0,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ამოღებულ იქნა 2023 წლის 20 დეკემბერს ქ.ბ–ში, .... ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩატარებული რ. დ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო დარჩენილი 34,724 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ამოღებულ იქნა იმავე დღეს ქ.ბ–ში, .... ქუჩა N..-ში მდებარე რ. დ–ის კუთვნილ ბინა N..- ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, რ. დ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 11 წლით.
რ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 11 წლით.
რ. დ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით.
რ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 11 წლით.
რ. დ–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო, 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჯ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა რ. დ–ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (2023 წლის 30 ნოემბრის და 6 დეკემბრის ეპიზოდები) ამავე კოდექსის 2602-ე მუხლის მე-7 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მინიმალური სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ავადმყოფობის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, რ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2023 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რ. დ–ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. დ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
რ. დ–ეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3.2. 2025 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მ. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ–ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ. დ–ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (2023 წლის 30 ნოემბრის და 6 დეკემბრის ეპიზოდები) ამავე კოდექსის 2602-ე მუხლის მე-7 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მინიმალური სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ავადმყოფობის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადგენილი რ. დ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია. სასამართლოში დაკითხული მოწმის – დ. ნ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ მან რ. დ–ეს დაუბრუნა ვალი, ხოლო სხვა თანხით სთხოვა მისთვის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მსჯავრდებულის განმარტებით კი, დადგინდა, რომ მას რაიმე სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება უნდა დაკვალიფიცირდეს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გადაცემად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე. ამასთან, რ. დ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უსამართლოა, რადგან იგი მძიმედ დაავადებული პირია და მის მიმართ უნდა დაინიშნოს უფრო მსუბუქი სასჯელი. ამასთან, რ. დ–ის აღიარების და თანამშრომლობის მხედველობაში მიღებით მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არის რ. დ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტები. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება რ. დ–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე. შესაბამისად, მისი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებად კვლიფიკაცია არასწორია. ამასთან, დაცვის მხარე უკანონოდ მიიჩნევს რ. დ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მსჯელობას იქონიებს სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციასა და სასჯელთან მიმართებით.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ. დ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას. აღნიშნული ფაქტები დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დ. ნ–ის განცხადებითა და ხელწერილით, ამოღების ოქმებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხის დათვალიერების ოქმებით, სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე პირისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარების და თანხის გადაცემის შესახებ ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებითა და კრებსებით, მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N..... N.....და N..... დასკვნებით.
5.5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა რ. დ–ის სადავოდგამხდარი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) კვალიფიკაციის კანონიერება.
5.6. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებითა და მათი გაშიფრული ტექსტებით დასტურდება, თუ როგორ განიხილავენ რ. დ–ე და დ. ნ–ი ნარკოტიკული საშუალების შეძენის/გასაღების დეტალებს, საუბრობენ ნარკოტიკული ნივთიერების ხარისხზე. ამავე ჩანაწერში პირდაპირაა დაფიქსირებული თუ როგორ გადასცემს დ. ნ–ი რ. დ–ეს ფულს, რის სანაცვლოდაც მისგან იღებს ნარკოტიკულ საშუალებას. ამდენად, ზემოაღნიშნული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2023 წლის 30 ნოემბერსა და 6 დეკემბერს რ. დ–ემ, დ. ნ–ზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები. პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს საკონტროლო შესყიდვის ამსახველი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ რ. დ–ეს თან აქვს ნარკოტიკული საშუალება, რასაც თანხის სანაცვლოდ გადასცემს დ. ნ–ს.
5.7. რაც შეეხება რ. დ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.8. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, სამივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მ. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე