საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100124009441470
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №125აპ-26 4 მაისი, 2026 წელი
ჩ–ე პ., №125აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ – დავით სიმონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. ჩ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ესე იგი პირის უკანონო თვალთვალი, პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სხვა მფლობელობაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 21 აპრილის დაახლოებით 00:37 საათიდან ამავე წლის 24 აპრილის დაახლოებით 04:00 საათამდე პერიოდში, პ. ჩ–ე არაერთხელ, კერძოდ, 2024 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 00:37 საათზე, იმავე დღეს, დაახლოებით 09:00 საათზე, 22 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე და ამავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, არსასურველ კომუნიკაციაში შევიდა პატიმრობაში მყოფი თავისი მეგობრის, ა. ბ–ს მეუღლესთან, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მცხოვრებ ს. ხ–თან, რა დროსაც დაჟინებით, მისი და მისი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით ითხოვდა მისგან სქესობრივ ურთიერთობაში ყოფნას; მიუხედავად ამ უკანასკნელის კატეგორიული უარისა, პ. ჩ–ემ ამავე პერიოდში, ს. ხ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში უნებართვო შესვლის გზით ორჯერ, კერძოდ, 2024 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე და 24 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათიდან 04:00 საათამდე პერიოდში, ამ უკანასკნელის მიმართ განახორციელა უკანონო თვალთვალი. პ. ჩ–ის ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ს. ხ–ის ფსიქიკური ტანჯვა, მისი და მისი მეუღლის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც შეუქმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
1.3. 2024 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 00:37 საათზე, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე ს. ხ–ის საცხოვრებელ სახლში მისული, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პ. ჩ–ე, საოჯახო დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანებით (ნახევარი ლიტრი სისხლის დაქცევით) და ასევე, მეუღლის – ა. ბ–ს მოკვლით დაემუქრა ს. ხ., რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე პ. ჩ–ე მფლობელის – ს. ხ–ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში.
1.5. 2024 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათიდან 04:00 საათამდე პერიოდში პ. ჩ–ე მფლობელის – ს. ხ–ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მივიდა სამზარეულო ოთახის შესასვლელ კართან.
1.6. პ. ჩ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 73,472 გრ. ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე ფანჯრის რაფაზე და ამავე ოთახში მდგარი კომოდის ზედა მარცხენა პირველ უჯრაში. დასახელებული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2024 წლის 25 აპრილს 00:50 საათსა და 01:20 საათამდე დროის მონაკვეთში, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .... ზ–ს შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ ჩატარებული პ. ჩ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, პ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 17 დღით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 4 დღით.
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 17 დღით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 4 დღით.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ პ. ჩ–ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 4 დღით.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პ. ჩ–ეს 10 წლით ჩამოერთვა, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 5 წლით.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით სიმონიამ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და პ. ჩ–ის მიმართ სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 15 იანვარს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით სიმონიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და პ. ჩ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და სიმძიმეს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და უცვლელად დატოვა პ. ჩ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, პ. ჩ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ – დავით სიმონიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე