საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.05.2026
საქმის ნომერი
2კ-127აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 240100124010011163

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№127აპ-26 ქ. თბილისი

გ–ა ე., №127აპ-26 29 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. გ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განაჩენით, ე. გ–ა, – დაბადებული ....., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. გ–ამ ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის თებერვალში, ქ. ს–ში, გ. გ–ას დაუკავშირდა მეზობლად მცხოვრები ე. გ–ა, რომელმაც გ. გ–ას წინასწარი განზრახვით, მოტყუებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, შესთავაზა, თითქოსდა მისგან შეიძენდა გ. გ–ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ. ს–ში, .... ქუჩის №... (ყოფილ №..)-ში (ს/კ .....) – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, როგორც დევნილი, რისთვისაც სახელმწიფო, სახლის მესაკუთრეს, გ. გ–ას, ჩაურიცხავდა 22000 ლარს, ხოლო დარჩენილი ნასყიდობის თანხის სანაცვლოდ კი, ე. გ–ა გ. გ–ას დაჰპირდა, რომ წაიყვანდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. გ. გ–ამ თავისი საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის საფასურად ე. გ–ას შესთავაზა 40000 ლარი (15000 დოლარის ეკვივალენტი), რასაც ე. გ–ა დასთანხმდა.

2.2. 2023 წლის 8 თებერვალს, ქ. ზ–ში, გ. გ–ასა და ე. გ–ას შორის დაიდო ხელშეკრულება „უძრავი ქონების ნასყიდობის“ შესახებ, რომლის მიხედვით, ქ. ს–ში, .... ქუჩის №... (ყოფილ ...)-ში მდებარე გ. გ–ას საცხოვრებელი სახლი, მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებოდა ე. გ–ას საკუთრებაში, სახელმწიფო – „სოფლად სახლის პროგრამის“ ფარგლებში, ე. გ–ას, როგორც, დევნილის სტატუსის მქონე პირს, უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, შეუსყიდდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებას. 2023 წლის 14 თებერვალს, „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ” 2023 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ს–ში, .... ქუჩის №... (ყოფილ ...)-ში მდებარე, გ. გ–ას საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდა ე. გ–ას საკუთრებაში.

2.3. 2023 წლის 27 თებერვალს, სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ ნასყიდობით გათვალისწინებული თანხა – 22000 ლარი, ჩაირიცხა გ. გ–ას სს „... ბანკის“ ანგარიშზე, რის შემდეგაც, იმავე დღეს, ქ. ს–ში, სს „... ბანკის“ სერვისცენტრში ყოფნისას, ე. გ–ამ გ. გ–ას შესთავაზა, სახელმწიფოს მიერ დარიცხული თანხის – 22000 ლარის მისთვის გადაცემა, ვინაიდან განუცხადა, რომ მას აღარ სურდა ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის შეძენა და შეჰპირდა, რომ ქ. ს–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გ. გ–ას უკან გადაუფორმებდა საკუთრებაში, რის გამოც, 2023 წლის 27 თებერვალს, ქ. სენაკში სს „... ბანკის“ სერვისცენტრში, გ. გ–ამ ე. გ–ას გადასცა სახელმწიფოს მიერ დარიცხული 22000 ლარი. საბოლოოდ, ე. გ–ა წინასწარი განზრახვით, მოტყუებით, ზემოხსენებული

საცხოვრებელი სახლის შეძენის რეალური განზრახვის გარეშე, დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22000 ლარს და გ. გ–ას საკუთრებაში არსებულ, ქ. ს–ში, ...ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, ხოლო რამდენიმე თვეში – 2023 წლის 18 ივლისს, უკვე თავის საკუთრებაში გადასული ზემოხსენებული უძრავი ქონება ე. გ–ამ ფულადი თანხის სანაცვლოდ, გაასხვისა ნ. თ–სა და მ. მ–ზე. ე. გ–ას მიერ ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 22000 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ხოლო გ. გ–ას – 40000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. გ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ზ. კ–ამ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. გ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ზ. კ–ამ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო. ე. გ–ას ჩვენების მიხედვით, რომელსაც სხვა მტკიცებულებების თანაბარი ძალა აქვს, გ. გ–ასათვის არანაირი თანხა უკან არ გამოურთმევია, დედამისს კი მინდობილობა იმიტომ გაუფორმა, რომ საჭიროების შემთხვევაში განეკარგა ქონება; დაზარალებულ გ. გ–ას მტკიცება, რომ ე. გ–ამ გამოართვა სახელმწიფოსგან ჩარიცხული 22000 ლარი – სიცრუეა და არ დასტურდება სხვა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულებით, გარდა მისივე მეუღლის მ. შ–ს ჩვენებისა, რომელიც არაობიექტურია და მიკერძოებული. ამდენად, ორივე მათგანი დაინტერესებულია საქმის შედეგით და, შესაბამისად, მათი მონათხრობი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; რაც შეეხება დაზარალებულის – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს – წარმომადგენლის – ხ. გ–ს ჩვენებას, მან დაადასტურა, რომ ე. გ–ამ დახმარება მიიღო სრულიად კანონიერად, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ბრალდებამ განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რაც დაუშვებელია; სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა მსჯავრედებულის დედის – ზ. გ–ს, ჩვენება, რომელმაც ვერ დაადასტურა, საიდან ჰქონდა მის ვაჟს ფული და არც ის უნახავს რეალურად, რა ედო ე. გ–ას პაკეტში; საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები არ ყოფილან ფაქტის შემსწრე პირები და მათი ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად ე. გ–ას მსჯავრდებას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და დაუსაბუთებელი, რადგან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ე. გ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – დიდი ოდენობით თაღლითობის – ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. კასატორის მიერ საჩივრის ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტად მიჩნეულ, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების უტყუარობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ გ. გ–ას ჩვენება – რომ ე. გ–ას შეუთანხმდა, 40000 ლარად მიეყიდა მისთვის სახლი, თუმცა ნასყიდობის თანხის ნაწილი – 22000 ლარი, რომელიც სახელმწიფომ ჩაურიცხა ანგარიშზე, მსჯავრდებულმა გამოართვა და, დაპირების მიუხედავად, სახლი უკან აღარ გადაუფორმა, არამედ – სულ სხვა პირებზე გაასხვისა – თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ, ერთი მხრივ, ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა ცრუდ გ. გ–ას ე. გ–ა, რომელთანაც ჰქონდა კარგი, მეზობლური ურთიერთაობა, ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში; მეორე მხრივ კი, დაზარალებულის ჩვენება დასტურდება არა მარტო მისი მეუღლის – მ. შ–ას ჩვენებით, რომელიც იყო შემსწრე ე. გ–ასა და გ. გ–ას შეთანხმებისა და ასევე – თან ახლდა მეუღლეს, როდესაც სახელმწიფოსაგან ჩარიცხული 22000 ლარი, ე. გ–ამ გამოართვა გ. გ–ას და ქონების უკან გადაფორმებას დაჰპირდა, არამედ – თავად მსჯავრდებულის დედის ზ. გ–ას ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ვაჟის – ე. გ–ას თქმით, დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარებით უნდა შეეძინა სახლი. მალევე მიიტანა შინ სახლმწიფოს მიერ გადაცემული 22000 ლარი და უთხრა, რომ მათი მეზობლის – გ. გ–ას სახლს ყიდულობდა. მოგვიანებით გაუმხილა, რომ სახლს აღარ შეიძენდა, ქონება ისევ გ. გ–ას სახელზე უნდა გადაეფორმებინა და ამ მიზნით, მისცა დედას მინდობილობა, მაგრამ საჯარო რეესტრში მისულმა აღმოაჩინა, რომ გ. გ–ას სახლი უკვე სხვის სახელზე იყო გადაფორმებული; მოწმეების – ს. მ–ს, ნ. თ–სა და მ. მ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ ე. გ–ამ ნ. თ–სა და მ. მ–საგან ისესხა – 10800 აშშ დოლარი, სანაცვლოდ კი გააფორმა სენაკში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით, თუმცა ე. გ–ას ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია, ქონება კი, მოტყუებით აღმოჩნდა დაუფლებული; იგივე ირკვევა ე. გ–ას ნათესავის – რ. ჯ–ს ჩვენებითაც, რომელიც დაეხმარა თ–ში მყოფ მსჯავრდებულს ფულის სესხებაში და დააკავშირა იგი ს. მ–ს, ნ. თ–სა და მ. მ–ს; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის – ხ. გ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ე. გ–ა რეგისტრირებული იყო დევნილად და სახელმწიფომ, მისივე განაცხადის საფუძველზე, 2023 წელს, 22000 ლარად შეუსყიდა მას სოფლად საცხოვრებელი სახლი; უძრავი ქონების ნასყიდობის №..... ხელშეკრულების მიხედვით, ქ. ს–ში, .... ქუჩის №... (ყოფილ ...)-ში (ს/კ ........), მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებოდა ე. გ–ას საკუთრებაში, სახელმწიფო – „სოფლად სახლის პროგრამის“ ფარგლებში, ე. გ–ას, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს, უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, შეისყიდდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებას; 2023 წლის 14 თებერვალს „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ” 2023 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ს–ში, .... ქუჩის №... (ყოფილ ...)-ში, მდებარე გ. გ–ას საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდა ე. გ–ას საკუთრებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა, ე. გ–ას გ. გ–ასათვის სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული 22000 ლარი არ გამოურთმევია, ხოლო დედამისს არა კონკრეტული მიზნით, არამედ ზოგადად გაუფორმა მინდობილობა, რათა საჭიროების შემთხვევაში განეკარგა ქონება, რამეთუ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა მისი ბრალეულობა. შესაბამისად, ე. გ–ას მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. გ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე