საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100125011444892
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №147აპ-26 5 მაისი, 2026 წელი
კ–ი ა., 147აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 14 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, ა. კ–ი, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 30 აპრილიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, ა. კ–ს განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. ტ. კ–ა, – დაბადებული 19.., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 6 თვე.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. კ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 30 აპრილიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე დროის შუალედში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე, ა. ა–სა და ა. კ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებით, ფსიქოლოგიურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. ა–ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2.2. 2024 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე, ა. ა–ასა და ა. კ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, ალკოჰოლური სასმლის მიღებისათვის საყვედურის გამო, თმაზე რამდენჯერმე მოქაჩვითა და გაშლილი ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. ა–ას, მიმართ, რის შედეგადაც,, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2024 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე, ა. ა–ასა და ა. კ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულისა და ბრალდებულის მშობლებს შორის კონფლიქტის გამო, მიიჩნევდაა რა, რომ ცოლს უფლება არ ჰქონდა, არ დაეჯერებინა და ეკამათა მეუღლის მშობლებთან, თმაზე რამდენჯერმე მოქაჩვითა და გაშლილი ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. ა–ას მიმართ, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. 2024 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე, ა. ა–ასა და ა. კ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულისა და ბრალდებულის მშობლებს შორის კონფლიქტის გამო, მიიჩნევდა რა, რომ ცოლს უფლება არ ჰქონდა, არ დამორჩილებოდა მეუღლის დედას, სიტყვებით: „მოგკლავ, თუ არ დაემორჩილები დედაჩემს“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ა. ა–ას, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ტ. კ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2023 წლის 30 აპრილიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე დროის შუალედში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ– მდებარე, ა. ა–ასა და ა. კ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ტ. კ–მ, სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით, რაც გამოიხატა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვით, საოჯახო ნივთებზე წვდომის შეზღუდვითა და დაზარალებულისათვის მტრული გარემოს შექმნით, ფსიქოლოგიურად იძალადა თავის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. ა–ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
3.2. 2024 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით, 22:05 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე, ა. ა–ასა და ა. კ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ტ. კ–მ, დაზარალებულის სახლიდან გაგდების მიზნით, სითხით სავსე პოლიეთილენის ბოთლის თავში ერთხელ ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – აიდა ასტნოვას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 14 იანვრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 14 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. კ–სა და ტ. კ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, რაც დაკავშირებული იქნება მათი თავისუფლების აღკვეთასთან, რამეთუ მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელები უსამართლოა, გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულს ჯერ კიდევ აქვს მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია, რომლებსაც ჩადენილი აქვთ განზრახი დანაშაულები, ოჯახის წევრისა და, იმავდროულად, ქალის მიმართ, ა. კ–ს – გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ხოლო ტ. კ–ს – სისტემატურად. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელები ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ, სასჯელის მიზნებს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელების სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
11. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ა. კ–სა და ტ. კ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული, ყველაზე მკაცრი სასჯელები – თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებულები აღიარებენ დანაშაულებს; ისინი წარსულში ნასამართლევები არ ყოფილან) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული, რამეთუ, ერთი მხრივ, ა. კ–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ტ. კ–ს მიერ – სისტემატიური დანაშაულების ჩადენა, რაზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების მაკვალიფიცირებელი ნიშნებია და სასჯელის გამკაცრებას ვერ დაედება საფუძვლად, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ სასჯელების პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავეების სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – ა. და ტ. კ–ებისათვის შეფარდებული სასჯელები პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე