დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.05.2026
საქმის ნომერი
2კ-25-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№25I-26 თბილისი

ი-ი/ი-ი დ-, 25I-26 29 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ- ი-ი/ი-ის (D. Y.) – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2024 წლის 13 მარტს თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის პირველი მძიმე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დ- ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღებისა და დანების, ასევე სხვა ინსტრუმენტების შესახებ კოდექსის დარღვევა) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

2. 2024 წლის 13 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

3. 2025 წლის 5 მარტს გაიცა დ. ი-ის დაკავების ბრძანება.

4. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, დ- ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 27 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს დ. ი-ის და მისი თანამზრახველების მფლობელობაში არსებული ავტომობილის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დ. ი-ის და მისი თანამზრახველების კუთვნილი, ჯამურად, 28 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

5. მოცემული შუამდგომლობის მე-18 პუნქტში აღწერილი ქმედებები დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომლითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

6. 2025 წლის 7 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა დ. ი-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

7. 2025 წლის 27 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ი-ი.

8. 2025 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

9. 2026 წლის 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. ი-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 27 მაისამდე.

10. ამჟამად, დ. ი-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

11. 2025 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დ- ი-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღებისა და დანების, ასევე სხვა ინსტრუმენტების შესახებ კოდექსის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის პირველი მძიმე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2024 წლის 13 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა: დასაშვებად იქნა ცნობილი დ- ი-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღებისა და დანების, ასევე სხვა ინსტრუმენტების შესახებ კოდექსის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის პირველი მძიმე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2024 წლის 13 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ- ი-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის შემდეგი მოტივებით: საქმისწარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა სერიოზულ, არსებით პროცედურულ დარღვევებს; სათანადოდ არ შეფასდა დ. ი-ის პირადი და ოჯახური გარემოებები; დ. ი-ს აქვს დოკუმენტურად დადასტურებული მომავლის პერსპექტივა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახურ გაერთიანებასა და კანონიერი ბინადრობის პროცედურებთან; დაცვის მხარე მოკლებული იყო საექსტრადიციო სხდომისთვის მომზადების რეალურ და ეფექტურ შესაძლებლობას, რადგან სხდომა ჩატარდა შუამდგომლობის შეტანის დღესვე; დაკავება განხორციელდა INTERPOL-ის მასალების საფუძველზე და არა – ფორმალურ საერთაშორისო საექსტრადიციო მოთხოვნაზე დაფუძნებით; სასამართლო განხილვა იყო არასაკმარისი, რადგან სასამართლომ რეალურად არ შეაფასა პროცედურული დარღვევები, უკანონო დაკავების არგუმენტები, fait accompli-ს („ფაქტის აღსრულების“) რისკი და ოჯახური ცხოვრების გარემოებანი; სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან უარით დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, გადაედოთ სხდომა, გაძლიერდა მხარეთა დისბალანსი; სასამართლომ საქმე ზედმეტად „ვიწროდ“ განიხილა. კასატორი ხაზს უსვამს რა ზემოჩამოთვლილ დარღვევებს, ამავდროულად, იმის დადგენასაც ითხოვს, რომ სასამართლოს სხვა შემადგენლობის მიერ საქმის ხელახლა განხილვამდე არ განხორციელდეს ექსტრადიცია.

14. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა დ. ი-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. დ- ი-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 27 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება გარემოებები, რომ დ- ი-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: მამატკულოვი და ასკაროვი თ-ის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) № 46827/99 and № 46951/99, § 73, 04.02.2005, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

6. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

7. გასათვალისწინებელია თ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

8. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ დ. ი-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თ-ის რესპუბლიკაში დ. ი-ის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. აგრეთვე, არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დ. ი-მა კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ უკანასკნელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, დ. ი-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც არსებით საფუძველს შექმნიდა ვარაუდისათვის, რომ, დ. ი-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი სიცოცხლის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.

10. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ დ. ი-ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). დ. ი-ის უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას სხვა შემთხვევებში წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.

12. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიც ცხადყოფს, რომ დ- ი-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვეოდა მისი უფლებები. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დ. ი-ი ესწრებოდა საქმის არსებით განხილვას და სასამართლოს მისცა ჩვენება.

13. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, დ- ი-ის ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

14. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დ. ი-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე დ. ი-ის სარჩელი, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მასთან მიმართებით საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება დასრულებულია და იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში. ამრიგად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თ-ის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებანი, რომლებისთვისაც მოითხოვება დ- ი-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებდნენ საქმეს ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დ. ი-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

17. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto – ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

18. დ- ი-ის მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

19. ამრიგად, მოცემული შუამდგომლობის მე-18 პუნქტში აღწერილი ქმედებანი დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა/ჯარიმა.

20. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

21. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით დადგენილი ქმედებანი, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დ. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 13 ნოემბერს და 2025 წლის 5 მარტს გამოიცა მისი დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და შეჩერებულია. ასევე აღსანიშნავია, რომ, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით. ამდენად, დ. ი-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.

23. საექსტრადიციო მასალების თანახმად, დ. ი-ის ექსტრადიცია მოითხოვება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რისთვისაც მან უნდა მოიხადოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხანგრძლივი ვადით. ამასთან, თ-ის რესპუბლიკა არის საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფო, რომელთანაც მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ასეთ ვითარებაში, დ. ი-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

24. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

25. კასატორი საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ სასამართლომ საქმე განიხილა პროკურორის მიერ შუამდგომლობის შეტანის დღესვე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ი-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს 2025 წლის 27 ნოემბერს, მას მეორე დღესვე დაენიშნა ადვოკატი (ტ. 1-ელი. ს. ფ. 144). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზედაც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს. ამავე მუხლის მე-62 ნაწილის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა დ. ი-სა და მის ადვოკატებს ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობის შეტანის შესახებ აცნობა შუამდგომლობის შეტანამდე 11 დღით ადრე, 2026 წლის 4 მაისს (შუამდგომლობა სასამართლოში შევიდა 2026 წლის 15 მაისს), ხოლო დაცვის მხარეს მასალები გაუცვალა მეორე დღეს – იმავე წლის 5 მაისს (ტ. მე-3, ს. ფ. 288-304). „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 მუხლის საფუძველზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობის იმავე დღეს განხილვით არ დაურღვევია შუამდგომლობის განხილვის კანონით დადგენილი 7-დღიანი მოთხოვნა და დაცვის მხარესაც საკმარისი დრო ჰქონდა დაცვის პოზიციის მოსამზადებლად.

26. საჩივრის ერთ-ერთი არგუმენტი შეეხება დ. ი-ის დაკავების კანონიერებას. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისა და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების კანონიერების საკითხის შემოწმება არ შედის ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის განხილვის ფარგლებში, სასამართლო მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა;

ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა;

გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი საფუძვლებიდან ერთ-ერთის არსებობა საკმარისია ძებნილი პირის დაკავებისათვის. ამდენად, ადვოკატის მოსაზრება INTERPOL-ის მასალების საფუძველზე დ. ი-ის დაკავების უკანონობის თაობაზე უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ (თ-ის რესპუბლიკამ) წარმოადგინა ზემოაღნიშნული კანონის 30-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობა პირის ექსტრადიციის შესახებ და 341-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ინფორმაცია. ამასთან, 2025 წლის 27 ნოემბრის დაკავების ოქმში დ- ი-ის დაკავების საფუძვლად დაფიქსირებულია ა-ის პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის №2024/141 გადაწყვეტილება.https://matsne.gov.ge/document/view/112594?publication=12

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ- ი-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღებისა და დანების, ასევე სხვა ინსტრუმენტების შესახებ კოდექსის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის პირველი მძიმე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2024 წლის 13 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ- ი-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე