დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.05.2026
საქმის ნომერი
4აგ.-2026
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010142226702279228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №4აგ-26 თბილისი

ფ. გ., 4აგ-26 13 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. ხ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

გ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან − 2023 წლის 27 იანვრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს საკასაციო საჩივარი.

4. 2026 წლის 3 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − შ. კ-მ და ლ. ხ-მ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან არსებობს ახალი გარემოება, რომელიც ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, შემდეგი საფუძვლებით: გ. ფ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარდა ეფექტიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება, რიგმა მოწმეებმა გამოძიებას არ მიაწოდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები, ხოლო რიგი მათგანი ცრუობდა. დაცვის მხარე აგრეთვე ვრცლად მიმოიხილავს გ. ფ-ს მსჯავრდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ საქმეში სხვა მრავალი დარღვევაც იკვეთება; შუამდგომლობის ავტორებმა წარმოადგინეს ორი პირის − ა. ფ-სა და თ. ფ-ს გამოკითხვის ოქმები, რომელთა შესახებაც, დაცვის მხარის მოსაზრებით, განაჩენის გამოტანისას სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი და ამ საფუძვლით, ეს ჩვენებები წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს; მითითებულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ. ფ-ს რამდენიმე პირი თავს ერთდროულად დაესხა. ძალადობა იყო ინტენსიური და რეალურ საფრთხეს უქმნიდა გ. ფ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულის გამო, იგი აღმოჩნდა თავდაცვით პოზიციაში და, შესაბამისად, მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. ხ-სა და შ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − ლ. ხ-მ და შ. კ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო პალატისათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა, მასში მითითებული არგუმენტებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენის გადასინჯვას მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. ხ-სა და შ. კ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. გ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების განმარტება, რომ მათ მიერ წარმოდგენილ ორ ახალ მტკიცებულებაში – ა. ფ-სა და თ. ფ-ს მიერ გამოკითხვის ოქმებში მიწოდებული ინფორმაცია, გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არც სასამართლოსთვის და არც მათთვის ობიექტური მიზეზების გამო არ იყო ცნობილი, დაუსაბუთებელია და ვერ ადასტურებს იმ რეალური, ობიექტური გარემოების არსებობას, რომელიც ახსნიდა დაცვის მხარის მიერ გ. ფ-თან ერთად მცხოვრები, შემთხვევის შესაძლო თვითმხილველი, აღნიშნული მოწმეების გამოკითხვისა და მათი გამოკითხვის ოქმების სასამართლოსთვის, მისი მსჯავრდების საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში წარდგენის შეუძლებლობას.

5. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ფ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა საკმარისობა, შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების თუ გადაწყვეტილებების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით გამოტანისთვის, შეფასებული იყო შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, მათ შორის, ბრალდების შესახებ დადგენილების დასაბუთებულობა და წარდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა/ბრალდების დადასტურების საკითხი – აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის თვალსაზრისითაც. ამავე დროს, გ. ფ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ, როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები, ისე – შემთხვევამდე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენათა შემსწრე მრავალი პირი, მათ შორის, დაცვის მხარის მოწმეც.

6. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება, ხერხი უნდა გამოიყენოს და მე-3 ნაწილს, რომელიც ადვოკატს ანიჭებს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, მათ შორის, უფლებას ბრალდების უარსაყოფად საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაზე, გამოთხოვასა და წარდგენაზე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ დასტურდება დაცვის მხარისათვის სასურველი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობის არ მიცემის/ხელის შეშლის ფაქტიც, მათ შორის – კასატორების მიერ მითითებული პირების − ა. ფ-სა და თ. ფ-ს გამოკითხვის ოქმების წარდგენისა და მოწმის სახით დაკითხვის ნაწილით, რის შესახებაც, არც შუამდგომლობის ავტორები არ უთითებენ, სასამართლო მოკლებულია კასატორების პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ გ. ფ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარდა ეფექტიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება, რიგმა მოწმეებმა გამოძიებას არ მიაწოდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები, ხოლო რიგი მათგანი ცრუობდა და რომ საქმეში სხვა მრავალი დარღვევაც იკვეთება, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას კანონმდებლობა კრძალავს იმ საკითხის ხელახლა და იმავე მტკიცებულებების საფუძველზე შეფასებისთვის, რაც უკვე იყო აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოებისას სასამართლოს/პროცესის მწარმოებელი ორგანოს შეფასების საგანი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. ხ-სა და შ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. ხ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე