საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №112აპ-26 24 ივნისი, 2026 წელი
ყ. გ., №112აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 8 იანვრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ყ-ს ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი);
1.1.3. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.1.4. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. გ. ყ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2014 წლის 17 აპრილს, ღამის საათებში, თ-ში, კ-ეს ქუჩის --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ყ-მა ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. გ-ზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2. 2024 წლის 17 აპრილს, ღამის საათებში, თ-ში, კ-ეს ქუჩის --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ყ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. გ-ს. მუქარა ნ. გ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2024 წლის 21 ივნისს, ღამის საათებში, თ-ი, ა-ის გამზირის №-, ბინა №--ში, გ. ყ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. გ-ის მიმართ, ფიზიკურად იძალადა ამ უკანასკნელზე. შედეგად, ნ. გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.4. 2024 წლის 21 ივნისს, ღამის საათებში, თ-ი, ა-ის გამზირის №-, ბინა №--ში, გ. ყ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. გ-ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. მუქარა ნ. გ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.5. 2024 წლის 21 ივნისს, საქართველოს შსს კ-ის პოლიციის დეპარტამენტის თ-ის რაიონული სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა – გ. ჩ-ემ – გ. ყ-ის მიმართ, 30 დღით გამოსცა №- შემაკავებელი ორდერი, რითაც გ. ყ-ს აეკრძალა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. გ-თან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ყ-მა არ შეასრულა და დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 16 ივლისს, დილის საათებში, თ-ი, ს-ის ქუჩის №--ში მდებარე მაღაზია „ს-ში“ მიუახლოვდა ნ. გ-ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
1.2.6. 2024 წლის 16 ივლისს, თ-ი, ს-ის ქუჩის №--ში მდებარე მაღაზია „ს-ში“, გ. ყ-ი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. გ-ს. აღნიშნული მუქარა ნ. გ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.7. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გ. ყ-მა თ-ში, კ-ეს ქუჩის --ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რაც 2024 წლის 16 ივლისს ამოიღეს საქართველოს შსს კ-ის პოლიციის დეპარტამენტის თ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩხრეკის შედეგად. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ერთი ძირი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარე „კანაფს“, წონით – 22,14 გრამს (ფესვის გარეშე).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით:
2.1.1. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2.1.2. გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი;
2.1.3. გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ყ-ს სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი;
2.1.5. გ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა 2024 წლის 16 ივლისიდან 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისგან;
2.1.6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ. ყ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა გ. ყ-ის ბრალეულობას.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის მოადგილემ – მაია გუგეშაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ყ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა მუხლით, ასევე – მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 8 იანვრის განაჩენით, თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის – მაია გუგეშაშვილის – სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეიცვალა თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი:
3.1.1. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.2. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.3. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.4. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.5. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.6. გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;
3.1.7. გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
3.1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ყ-ს სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;
3.1.9. გ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 16 ივლისიდან 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან;
3.1.10. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ. ყ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – შოთა სარია – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას და გ. ყ-ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე – მისთვის კანონიერ და სამართლიან საპატიმრო სასჯელს. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ეპიზოდებთან მიმართებით, მიუხედავად დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, წარდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც მიზნად ისახავდა ვითარების აღდგენას. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას დაზარალებული დეტალურად აღწერდა გ. ყ-ის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. გარდა ამისა, გ. ყ-ის მიმართ მუქარის ეპიზოდებში წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას ადასტურებს მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში კასატორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, ითხოვს გ. ყ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი). ამასთან, კასატორი სადავოდ არ ხდის გ. ყ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ითხოვს მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნას.
4.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს რამდენად არსებობს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე გ. ყ-თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა – ნ. გ-მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – გ. ყ-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.
4.5. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად განიხილავს დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც, კასატორის მოსაზრებით, ვითარების აღდგენის მიზნით არის ჩატარებული. საკასაციო პალატა კვლავაც განმარტავს: იმის დასადგენად, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩვენების ადგილზე შემოწმების თუ ვითარების აღდგენისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ოქმში გაკეთებულ მითითებას, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარდა, არამედ – თავად ოქმის შინაარსს, რომელიც განსაზღვრავს საგამოძიებო მოქმედების რეალურ არსს.
4.6. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად შედგენილი ოქმი მისი ჩვენებისგან დამოუკიდებელ ინფორმაციას არ შეიცავს და, ამასთან, დაზარალებულს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში არც რაიმე ხერხის დემონსტრირებით აღუდგენია ვითარება. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერიმენტი თავისი არსით წარმოადგენს ჩვენების ადგილზე შემოწმებას და ვერ გაიგივდება ვითარების აღდგენასთან, რომელიც პირდაპირ მტკიცებულებას უტოლდება.
4.6. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოწმეების – თ. ფ-ის, ნ. კ-ის და ს. მ-ის – უდავო გამოკითხვის ოქმების საფუძველზე, გ. ყ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული მოწმეების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება სუპერმარკეტ „ს-ის“ შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერს, რომლის გამოკვლევის შედეგად უტყუარად არ დადასტურებულია, რომ გ. ყ-ს მაღაზია „ს-ში“ შესვლისას და მაღაზიის სივრცეში გადაადგილებისას ხელში დანა ეჭირა და მისი გამოყენებით დაემუქრა დაზარალებულს. საკასაციო სასამართლო ამ საკითხთან მიმართებით სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვრცელ მსჯელობას და არგუმენტაციის გამეორების გარეშე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები გ. ყ-ის დამნაშავედ ცნობისთვის.
4.7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პირის ბრალეულობა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე უნდა დასტურდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 8 იანვრის განაჩენი გ. ყ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
4.8. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. ყ-ის მსჯავრდების და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, რადგან როგორც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე – საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის მას სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისად, რის გამოც მისი გამკაცრება მიზანშეუწონელია.
4.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).
4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე