განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.06.2026
საქმის ნომერი
2კ-172აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №172აპ-26 5 ივნისი, 2026 წელი

ნ-ი ზ., №172აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ – გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ნ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 15 მარტს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, იმის გამო, რომ დაზარალებული შევიდა მის ეზოში, ზ. ნ-ი ფიზიკურად გაუსწორდა ს. ს-ს, რომელიც წააქცია და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი და ფიცრის ნაჭერი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2025 წლის 15 მარტს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ--ში, იმის გამო, რომ დაზარალებული შევიდა მის ეზოში, ზ. ნ-ი ს. ს-ს დაემუქრა სიცოხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2025 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ზ. ნ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. ს-ს, კერძოდ, ბენზოცელი მოუღერა და უთხრა, რომ გადაჭრიდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, შეეშინდა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. ზ. ნ-მა, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, დაუდგენელ დროს უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე, წონით 147,88 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ამოღებულ იქნა 2025 წლის 18 ივლისს, 17:43 საათიდან 18:54 საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარებული ზ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენით, ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 9000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 მარტის ეპიზოდი) – ჯარიმა 9000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – ჯარიმა 9000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 საათით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 9000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 საათით რაც, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (სამი დღის) გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 9000 ლარი.

2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ზ. ნ-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 10 მარტს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილება და ზ. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და სიმძიმეს. ამასთან, ბრალდების მხარეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია დაზარალებულებულების პოზიცია. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ისინი არ შერიგებიან ზ. ნ-ს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, რომ „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, აგრეთვე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპი ... არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე; „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ნ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას, რის შესახებაც პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რასაც არც მხარეები მიიჩნევენ სადავოდ.

5.3. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. ნ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს – საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კი, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

5.6. სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

5.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ნ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომლებიც აკმაყოფილებენ პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფენ სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.8. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, უნდა ჩამოერთვას ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ზ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 9000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 მარტის ეპიზოდი) – ჯარიმა 9000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – ჯარიმა 9000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 საათით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 2651-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 საათით რაც, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (სამი დღე) გათვალისწინებით, შეუმცირდეს და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9000 ლარი;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ნ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია (მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის N10-დ/60-25 განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო 4000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით, ასევე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 აგვისტოს N10-დ/206-25 განჩინებით, ზ. ნ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო 5000 ლარი) და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირებს.

5. ზ. ნ-ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით;

ამოღებული „ბენზოცელი“ – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე, მომწვანო ფერის მცენარეული მასა – განადგურდეს;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე