საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.12.2025
საქმის ნომერი
2კ-846აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100122006028792

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№846აპ-25 ქ. თბილისი

ა–ი მ., 846აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარსა და მარტში, ქ–ში, დ–ს ქუჩის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედას – გ. ა–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, საკვების მიცემისას გამოწვეული გაღიზიანების გამო, ლოგინად ჩავარდნილს, ხელი დაარტყა თავში, რის შედეგადაც გ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2022 წლის 1 აპრილს, ქ–ში, დ–ს ქუჩის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მა თავის 8 თვის შვილს – ი. ბ–ეს, მოჰქაჩა თმა, რის გამოც, ბავშვმა განიცადა ტკივილი და დაიწყო ტირილი.

1.3. 2022 წლის 3 აპრილს, ქ–ში, დ–ს ქუჩის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მა, მეუღლეს – ა. ბ–ეს, ხელი დაარტყა და ჩამოკაწრა სახე, რის შედეგადაც ა. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის 3 აპრილს, ქ–ში, დ–ს ქუჩის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მ. ა–ი, თავის მეუღლეს – ა. ბ–ეს, დაემუქრა, რომ კრიმინალებს მოაკვლევინებდა, რის გამოც, ა. ბ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2022 წლის 4 აპრილს, მ. ა–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა ა. ბ–ესთან კომუნიკაცია. 2022 წლის 7 აპრილს, მ. ა–მა, ვ. ა–ის სახელზე რეგისტრირებული აპლიკაცია „მესენჯერის“ გამოყენებით, დაურეკა ა. ბ–ეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

1.6. 2022 წლის 3 აპრილს, ქ–ში, დ–ს ქუჩის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მა, ბავშვის ძიძას – ე. კ–ეს, ნიკაპში ჩაარტყა ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც, ე. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.7. 2022 წლის 2 მაისს, ქ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, მ. ა–ი მოწმე ე. კ–ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, ე. კ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.8. 2022 წლის 5 აპრილს, ქ–ში, დ–ს ქუჩის №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მა, ოჯახის დამხმარეს – თ. კ–ას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანით გამოასალმებდა სიცოცხლეს, რის გამოც, თ. კ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.9. 2022 წლის 10 აპრილამდე, ქ. წ–ში ყოფნისას, ოჯახის დამხმარეს – თ. კ–ას, მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მ. ა–ი, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 10 აპრილს – მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინება: ,,მელოდე შენთან“, რის გამოც, თ. კ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. მ. ა–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (3 ეპიზოდი).

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. ა–ისა და ი. ბ–ის ეპიზოდებსა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ. კ–ას მიმართ ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ა. ბ–ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ბ–ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ე. კ–ის ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ე. კ–ის ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ქეთევან უზნაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, მ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ქეთევან უზნაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, მ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ – უკანონოა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების – თ. კ–ას, ა. ბ–ისა და ე. კ–ის ჩვენებებითა და თ. კ–ასათვის გაგზავნილი შეტყობინებით, უტყუარად დასტურდება მ. ა–ის მიერ, როგორც თავისი ოჯახის წევრების – გ. ა–ისა და ი. ბ–ის, ასევე – თ. კ–ას მიმართ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მეორე მხრივ, კასატორი მიიჩნევს, რომ მ. ა–ის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებლებს. სასამართლოს არ შეუფასებია, რამდენად იმსახურებდა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩამდენი – მ. ა–ი, ყველაზე მსუბუქ სასჯელს და, რამდენად რისკისშემცველი შესაძლოა, იყოს დაზარალებულთათვის მისი თავისუფლებაში ყოფნა. მით უფრო, გასათვალისწინებელია დაზარალებულების პოზიცია – ა. ბ–ე, თ. კ–ა და ე. კ–ე უკმაყოფილონი არიან გამოტანილი განაჩენით და ითხოვენ მ. ა–ისათვის სასჯელის გამკაცრებას.

7. მსჯავრდებული მ. ა–ი წარმოდგენილი საკასაო შესაგებლით არ დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარს.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა მ. ა–ის მიერ ა. ბ–ისა და ე. კ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა, ისევე, როგორც – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ა–სა და ი. ბ–ეზე ფიზიკური ძალადობის, ხოლო თ. კ–ას მიმართ მუქარის ფაქტები. კერძოდ:

11. შეზღუდული შესაძლებლობების დედასა და მცირეწლოვან შვილზე შესაძლო ძალადობის ბრალდებებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულების –ა. ბ–ისა და ე. კ–ის ჩვენებები, ბრალდებების ამ ნაწილში – ირიბია და შეუძლებელია, საფუძვლად დაედოს განაჩენს, ხოლო დაზარალებულ თ. კ–ას მონათხრობი, გ. ა–ზე ძალადობასთან დაკავშირებით, ზოგადია, მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე მ. ა–ს ედავებოდა კონკრეტულად – 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარსა და მარტში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი დედის ფიზიკურ შეურაცხყოფას; ბავშვზე ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით კი, დაზარალებულების – ე. პ–სა და თ. კ–ას ჩვენებები, დანაშაულის შესაძლო თარიღთან მიმართებით, ეწინააღმდეგება, როგორც ერთმანეთს, ასევე – დაზარალებულ ა. ბ–ის მონათხრობს; თ. კ–ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესაძლო მუქარასთან მიმართებით, ყურადსაღებია, რომ მ. ა–ის მიერ დაზარალებულისათვის მიწერილი შეტყობინება: ,,მელოდე შენთან“, თავისი შინაარსით, არ იძლევა იმის ერთმნიშვნელოვნად მტკიცების საფუძველს, რომ მ. ა–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. კ–ას. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, ბრალდებების ამ ნაწილში, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა, მ. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სამხილების შეფასების დროს დაუდასტურებელი ეჭვები კი, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

12. კასატორის მიერ ასევე სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

13. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ა–ს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა – განუსაზღვრა და არა – ყველაზე მსუბუქი, როგორც ამას კასატორი ამტკიცებს თავის საკასაციო საჩივარში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს იმ დანაშაულებს, რომელთათვისაც განესაზღვრა პირობითი სასჯელი; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილელობა, არ არის გამოკვეთილი, გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – მ. ა–ისათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, რაზეც ასევე აპელირებს კასატორი, სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე