საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2026
საქმის ნომერი
2კ-78აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007960116

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №78აპ-26 ქ. თბილისი

ბ-ე ვ, 78აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაადურ ნაჭყებიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ბ-ს, - დაბადებულს .. წლის ... ივლისს, - ბრალად ედება სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ში, გ-ში, ვ. გ-ის ქუჩის N...-ის მიმდებარედ, ვ. ბ-მ დ. ს-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში და მარჯვენა ლოყის არეში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ში, გ-ში, ვ. გ-ის ქუჩის N...-ის მიმდებარედ, ვ. ბ-ძე დ. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით:

2.1. ვ. ბ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა ვ. ბ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 ლარი.

2.3. ვ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაადურ ნაჭყებიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ვ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ვ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

7. ვ. ბ-ის მიერ დ. ს-ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ დ. ს-ის ჩვენება, რომელმაც ჩვენების მიცემისას აღწერა 2023 წლის 23 აგვისტოს, ვ. ბ-ის მხრიდან, ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რომელთა შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშიც, რაც, ასევე დაადასტურა მასთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმშიც. თუმცა, საკასაციო სასმართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და პირიქით, ეწინააღმდეგება მათ, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.

8. საგულისხმოა, რომ დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, ვ. ბ-მ კატეგორიულად უარყო დ. ს-ის მიმართ როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე მუქარის ჩადენა და სრულიად განსხვავებულად აღწერა მოვლენები. ვ. ბ-ის განმარტებით, 2023 წლის 23 აგვისტოს, მასა და დაზარალებულს შორის ნამდვილად წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც მან დ. ს-ს საყელოში მოჰკიდა ხელი და მოქაჩა, რათა არ მიეცა დასთან - ნ. ბ-ან მიახლოების შესაძლებლობა. მისი მხრიდან არც ფიზიკურ ძალადობას და არც მუქარას ადგილი არ ჰქონია.

9. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, დაზარალებულ დ. ს-ის სხეულზე არსებული დაზიანებანი და დაზიანებული პერანგი, მოწმობს წარდგენილი ბრალდებისა და დაზარალებულის ჩვენების სისწორეს. ამასთან, არც ბრალდების მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ 2023 წლის 23 აგვისტოს დ. ს-სა და ვ. ბ-ს შორის კონფლიქტს ესწრებოდნენ ვ. ბ-ის მეზობლები - ლ. ვ-იძე და დ. ვ-ძე, თუმცა, მათ კასატორი მოიხსენიებს დაინტერესებულ პირებად ისევე, როგორც - ვ. ბ-სა და ნ. ბ-ს.

10. კონფლიქტის უშუალო თვითმხილველმა მოწმეეებმა - ნ. ბ-მ, ლ. ვ-მ და დ. ვ-მ არ დაადასტურეს ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები და მათი ჩვენებები თანხვდენილია ვ. ბ-ის ჩვენებასთან. დ. ს-ის განმარტებით, არანაირ კონფლიქტურ ურთიერთობას არ ჰქონია ადგილი ნ. ბ-ან, როდესაც მივარდა ვ. ბ-იძე და მისი ავტომანქანიდან გადასვლისთანავე მიაყენა დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილებში, როგორც ფეხით, ისე - ხელით, გასაღებების ასხმით და დაემუქრა, რაც ეწინააღმდეგება როგორც მოწმე ლ. ვ-ის, ისე დ. ვ-ის ჩვენებებსა და დ. ს-ის მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. იმის დაშვების შემთხვევაშიც, რომ ნ. ბ-ძე ვ. ბ-ის დაა და ცდილობს მისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ასეთი ახლო ნათესაური ურთიერთობა არ გააჩნიათ ლ. და დ. ვ-ებს ბ-ბის ოჯახთან. ბრალდების მხარეს არ გამოურიცხავს ლ. ვ-ის, დ. ვ-ის, ვ. ბ-ის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ სწორედ ლ. ვ-მ დაურეკა ვ. ბ-ს და სთხოვა მისვლა. თუ დაზარალებულის ჩვენების თანახმად, არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი ნ. ბ-ან, ისმის კითხვა, თუ რატომ სთხოვა მისვლა მეზობელმა სახლთან ვ. ბ-ს.

11. მოწმეების - ლ. ვ-ისა და დ. ვ-ის ჩვენებით, 2023 წლის 23 აგვისტოს უთანხმოებისას, ვ. ბ-ს ფიზიკურად არ უძალადია დაზარალებულზე და არც დამუქრებია. დაზარალებულთან ვ. ბ-ის ფიზიკური შემხებლობა გამოიხატა მხოლოდ მისი შეჩერების მიზნით, დადევნების დროს, დ. ს-ის მაისურის საყელოში ხელის მოკიდებითა და უკან მოქაჩვით, რადგან დ. ს-ი არ მიახლოებოდა ნ. ბ-ეს. სწორედ ამით აიხსნება დ. ს-ის დაზიანებული პერანგი. აღსანიშნავია, რომ პერანგზე არ ყოფილა სისხლის ლაქა, როგორც ეს აღნიშნა დაზარალებულმა.

12. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რაზეც ასევე აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, მართალია, დადგენილია დ. ს-ის სახესა და კისრის მიდამოში დაზიანებების არსებობა, მაგრამ უტყუარად ვერ დადგინდა ვერც დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა და ვერც ის გარემოებს, რა ვითარებაში დაზიანდა დ. ს-ი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის (რომელშიც ჩანს, რომ დ. ს-ს სწორედ მარჯვენა ლოყაზე, თვალთან ახლოს, ყვრიმალზე ეტყობა მუქი ფერის ლაქა), ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზის დასკვნის, აგრეთვე, მოწმეების - ნ. ბ-ის, ნ. გ-იას და თავად ვ. ბ-ის ჩვენებების შეფასება, რომელთა თანახმად, 2023 წლის 23 აგვისტოს, ვ. ბ-ან შეხვედრამდე, ჯერ კიდევ ნ. ბ-ან ერთად აფთიაქში შესვლისას, დ. ს-ს უკვე აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ლოყის არეში, რაც შეესაბამება სამედიცინო დასკვნაში აღწერილი დაზიანების არეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ დ. ს-მა ნაჭდევი მარჯვენა ლოყის მიდამოში მიიღო ვ. ბ-ის ძალადობის შედეგად. წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, მათ შორის ვ. ბ-ისა და ინციდენტის შემსწრე მოწმეების - ნ. ბ-ის, ლ. ვ-ისა და დ. ვ-ის ჩვენებების პირობებში, რომლებმაც ჩვენების მიცემისას ისაუბრეს მათ თვალწინ განვითარებულ მოვლენებზე, თუ როგორ მოქაჩა ვ. ბ-მ მაისურის საყელოში ძლიერად დაზარალებულს, არ გამოირიცხება ამ მომენტში ვ. ბ-ის მიერ დ. ს-ის დაზიანების მიყენება. თუმცა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ უტყუარად ვერ დადგინდა არსებული დაზიანების ვ. ბ-ის ძალადობის შედეგად მიყენების ფაქტი, ჩნდება ეჭვი კისრის წინა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის ირგვლივაც. უტყუარად იმის მტკიცება, რომ დაზიანებები დ. ს-მა მიიღო სწორედ ვ. ბ-ის ძალადობის შედეგად, შეუძლებელია.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა ვ. ბ-ის ბრალეულობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „In dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაადურ ნაჭყებიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე ვ. ბ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე