საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1151აპ-25 ქ. თბილისი
ბ. რ., 1151აპ-25 23 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. ბ-ეს, – პირადი ნომერი: ---, – ბრალად ედებოდა: პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
1.1. რ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აგვისტოს, ქ. ბ-ში ტ. ა-ის ქუჩის №--ის ბინა №--ში ყოფნისას, მობილური ტელეფონის საშუალებით მოიპოვა და უკანონოდ გამოიყენა ა. ი-ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რის შემდეგაც სოციალური ქსელი ,,Messenger“-ის მეშვეობით, დაახლოებით 11:46 საათსა და 13:45 საათზე, ა. ი-ის მეუღლის, ნ. ფ-ას კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაზარალებულის ნებართვის გარეშე უკანონოდ გაუვრცელა. რ. ბ-ის ქმედებამ დაზარალებულისათვის გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ნ. ფ-ა განქორწინდა ა. ი-ეს.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
2.1. რ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 10 000 ლარი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ სამადაშვილმა მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და რ. ბ-ის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
3.1.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულმა რ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის მოთხოვნა სასჯელის გამკაცრების შესახებ.
3.2. აპელანტმა რ. ბ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ყველა განჩინების გაუქმება, სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომიდან საქმის არსებით განხილვაზე გადაცემის შემდგომ საქმეზე განაჩენის დადგენის 24 თვიანი ვადის გასვლის სამართლებრივი შეფასება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას;
5.2. საქმის არსებითად განსახილველად გადაცემიდან განაჩენის დადგენის 24 – თვიანი ვადის დარღვევის სამართლებრივ შეფასებას;
5.3. დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ყველა საოქმო განჩინების გაუქმებას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს რ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას. ასევე, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ყველა საოქმო განჩინების გაუქმებასა და პირველი ინსტანციის სამართლოს მიერ განაჩენის, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 თვიანი ვადის დარღვევით, გამოტანის სამართლებრივ შეფასებას.
9.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას მისი უკანონობის მოტივით. უთითებს, რომ „საქმის არსებით განხილვაზე დაშვებული რიგი მტკიცებულებები კანონმდებლობის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული და საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ არ შეაფასა მათი მოპოვების კანონიერება, მათი რელევანტურობა, ავთენტიკურობა და სანდოობა, განაჩენი სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებებს".
10. საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
10.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში კასატორი თავისი მოთხოვნის (გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და უდანაშაულოდ ცნობა) დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებაზე/არგუმენტზე. საკასაციო საჩივრიდან არ დგინდება რომელი მტკიცებულების უკანონობას ანდა სასამართლოს მიერ არასწორად შეფასებას გულისხმობს კასატორი. რ. ბ-ე არ უთითებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე და არც აკონკრეტებს რაში გამოიხატა მის მიერ ნაგულისხმევი მტკიცებულებების შეფასების უკანონობა, რომელი მტკიცებულების მოპოვების კანონიერება/რელევანტურობა/სანდოობა, ავთენტიკურობა არ იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
11. კასატორის მოთხოვნაზე, სასამართლომ გააუქმოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ყველა საოქმო განჩინება, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის კომპეტენციაა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ მიღებული საოქმო განჩინება არ საჩივრდება. შესაბამისად, კასატორის აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
11.1. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ზოგადად უთითებს „რიგი მტკიცებულებების კანონის არსებითი დარღვევით“ მოპოვებაზე, არ უთითებს კონკრეტულად რომელ მტკიცებულებას მიიჩნევს კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულად და რა საფუძვლით.
12. კასატორის მითითებაზე, სასამართლომ შეაფასოს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი 24 თვიანი ვადის დაცვის საკითხი, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა. აღნიშნული დანაწესიდან გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილი. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მათ შორის, საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, კანონმდებელი საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, მოცემულ შემთხვევაში, უკავშირებს საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ინტენსივობას – მის გავლენას საქმის განხილვის შედეგზე და არა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას per se.
12.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ამასთან, საკასაციო საჩივრიდან (და საქმის მასალებიდანაც) არ დგინდება, რომ აღნიშნულს შეეძლო „არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“. შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ კუმულაციურ მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
12.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2020 წლის 1 ოქტომბერს. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2020 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო განაჩენი დადგინდა 2024 წლის 8 ნოემბერს, თუმცა, იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდა 2022 წლის 22 ივნისის სხდომაზე, 2022 წლის 26 აგვისტოს სხდომა გადაიდო ბრალდებულისა და პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, 2022 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე მხარეებმა დაიწყეს დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, 2022 წლის 9 დეკემბერს ასევე გამოიკითხა დაცვის მხარის მოწმე, 2023 წლის 20 იანვრის სხდომა გადაიდო ადვოკატ პ. გ-ისა და რ. ბ-ის გამოუცხადებლობის გამო, 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე ასევე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე, 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა სხდომის გადადება, ვინაიდან ვერ შეძლო მოწმის წარმოდგენა, ანალოგიური საფუძვლით იშუამდგომლა სხდომების გადადება დაცვის მხარემ 2023 წლის 17 ნოემბერსა და 2024 წლის 18 იანვარს, 2024 წლის 22 მარტის სხდომა გადაიდო დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, 2024 წლის 14 მაისის სხდომაზე დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა მოწმეები, რომლის გამოც 2023 წლის 17 მარტიდან 2024 წლის 22 მარტამდე შუამდგომლობდა პროცესების გადადებას და გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები, 2024 წლის 12 ივლისს სხდომა გადაიდო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, 2024 წლის 9 ოქტომბერს დაცვის მხარემ ის მოწმეები (ა. ბ-ე და ო. ი-ი) რომელთა წარმოდგენაც ვერ შეძლო სასამართლოში მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან და დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეთა დასკვნითი სიტყვის შემდეგ პროცესი გადაიდო ბრალდებულის მიერ მომდევნო პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის საფუძვლით, 2024 წლის 23 ოქტომბერს რ. ბ-ე არ გამოცხადდა (ასევე არ გამოცხადნენ პროკურორი და ადვოკატი) და გადაიდო საქმის განხილვა 2024 წლის 8 ნოემბრისთვის. 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა რ. ბ-ე, რის შემდეგაც სასამართლომ დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე (გაითვალისწინა 2024 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე რ. ბ-ის ადვოკატის განმარტებები, რომლის თანახმადაც, შემდეგ პროცესებში ადვოკატი მონაწილეობას აღარ მიიღებდა, იქიდან გამომდინარე, რომ მას გასაკეთებელი აღარაფერი აღარ დარჩა, მხოლოდ ბრალდებულს უნდა ეთქვა საბოლოო სიტყვა, რომლის წარმოთქმაშიც დამცველის მონაწილეობა მინიმალურია, რადგან ეს თავად ბრალდებულზეა დამოკიდებული (იხ.: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:35:30-11:39:09)) დაადგინა საქმეზე განაჩენი და გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
13. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
14. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე