საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №260აპ-26 12 ივნისი, 2026 წელი
ა-ე ნ., №260აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ არსენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ა-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 23 ოქტომბერს, ქ. ბ-ში მდებარე N- ჩამოსასხმელი ქარხნის პარკინგზე ქ. ქ-ის კუთვნილ „ფორდ ფიესტას“ მოდელის ავტომანქანაში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ. ა-ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ. ქ-ეს, რა დროსაც თმაში სწვდა ხელით, მოქაჩა რამდენჯერმე და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რითაც ქ. ქ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2025 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, შ. რ-ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში მყოფ ქ. ქ-ეს, სესხის გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ. ა-ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც თმაში სწვდა მარჯვენა ხელით და მოქაჩა რამდენჯერმე, რის შემდეგაც, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარეს – ყურთან. ქ. ქ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2025 წლის 28 იანვარს, ქ. ბ-ში, შ. რ-ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ქ. ქ-ეს, სოციალური ქსელის – „ფ-ის“ „ს-ზე“ ფოტოსურათის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ. ა-ემ სოციალური ქსელის – „ვატსაფის“ საშუალებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ. ქ-ეს, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ – ყელის გამოჭრით დაემუქრა მას, რის შედეგადაც ქ. ქ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 26 ივნისს, ქ. ბ-ში, შ. რ-ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ქ. ქ-ეს, სესხის გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ. ა-ემ, სოციალური ქსელის – „ვ-ის“ საშუალებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ – ყელის გამოჭერით. ქ. ქ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 6 აპრილს, ქ. ბ-ში, შ. რ-ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ქ. ქ-ეს, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ. ა-ემ სოციალური ქსელის – „ვატსაფის“ საშუალებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ – კისრის მოგრეხვით, თავის გახეთქვითა და მოკვლით. ქ. ქ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, შ. რ-ის ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ ოთახში, სესხის გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ. ა-ემ ტანსაცმლის კარადას განზრახ შემოარტყა ქ. ქ-ის კუთვნილი „სამსუნგ გალაქსი ა 21-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და დაუზიანა, რითაც ქ. ქ-ეს მიაყენა 190 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
ნ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გელა მაღრაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. ა-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ა-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ არსენიშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ა-ისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გამოყენებული სასჯელი არ არის შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, არ შერიგებია დაზარალებულს, ჩადენილი ქმედებების გამო არ გააჩნია სინანულის განცდა, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მიუთითებს მსჯავრდებულის მიდრეკილებას ახალი დანაშაულის ჩედენისაკენ. ამასთან, იგი დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის გამო იმყოფება პატიმრობაში. პროკურორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა დამდგარი შედეგის სიმძიმე, ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე, არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულის მკაცრად დასჯის შესახებ.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ნ. ა-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და უცვლელად დატოვა ნ. ა-ის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს (ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულების ჩადენა, დამდგარი შედეგი), სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა პირის ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და ხსენებული გარემოებები სრულად მოცულია ზემოაღნიშნულ ნორმათა დისპოზიციებით, რომლებიც, მათ შორის, სწორედ იმ სახისა და ზომის სასჯელს ითვალისწინებს, რაც შეეფარდა ნ. ა-ეს. ამასთან, ხსენებული გარემოებები არ გამორიცხავს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა პატიმრობა დაზარალებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ახალი დანაშაულის გამო, ვერ განაპირობებს სასჯელის დამძიმებას უკვე ჩადენილი დანაშაულებისათვის.
5.8. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით და დამატებით სასჯელად განუსაზღვრა ჯარიმა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ არსენიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე