საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №138აპ-26 3 ივნისი, 2026 წელი
ა. ი., №138აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენზე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ა-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2025 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის დასახლება, კ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ი. ა-ემ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცური უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა განქორწინებულ მეუღლეს, ნ. ბ-ს. კერძოდ, უთხრა რომ გადაუწვავდა საცხოვრებელ სახლს, გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. ი. ა-ის წარსული ქმედებებიდან და მისი მხრიდან მომავალი აგრესიის გათვალისწინებით ნ. ბ-ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2025 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის დასახლება, კ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, ი. ა-ემ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ნ. ბ-ეს. კერძოდ, მუქარის განხორციელების შემდეგ ეზოში დაეწია შეშინებულ ნ. ბ-ეს და მარცხენა ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ნ. ბ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2025 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.თ-ი, წ-ის დასახლება, კ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ნ. ბ-ეს. კერძოდ, მარცხენა ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი და მუშტი ჩაარტყა ზურგის არეში. ი. ა-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ. ბ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ეპიზოდით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ-ი, წ-ის დასახლება, კ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე ი. ა-ე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ნ. ბ-ის მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. ბ-ეს, კერძოდ, უთხრა რომ გადაუწვავდა საცხოვრებელ სახლს, გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. ი. ა-ის წარსული ქმედებებიდან და მისი მხრიდან მომდინარე აგრესიის გათვალისწინებით ნ. ბ-ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ,თ-ი, წ-ის დასახლება, კ-ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, ი. ა-ემ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ეზოში დაეწია შეშინებულ ნ. ბ-ეს და მარცხენა ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ნ. ბ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ი. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ი. ა-ეს 1 წლისა და 6 თვის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ი. ა-ეს 1 წლისა და 6 თვის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც მოითხოვა ი. ა-ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2026 წლის 5 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მადონა ურუშაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. ა-ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის მაისის ეპიზოდი) ი. ა-ის გამართლების ნაწილში უკანონოა. დაზარალებულ ნ. ბ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი. ა-ე მისი ყოფილი მეუღლეა. თანაცხოვრების პერიოდში არაერთხელ აპატია ძალადობა და მუქარა. 2025 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის დასახლება, კ-ის ქუჩა №--ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ი. ა-ემ მას მარცხენა ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა და მუშტი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმე დ. პ-მა სასამართლოს პროცესზე განმარტა, რომ იგი ნ. ბ-ისა და ი. ა-ის მეზობელია. მათთან აქვს კარგი ურთიერთობა. მან დაადასტურა მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტი. ასევე, ი. ა-ის მხრიდან ნ. ბ-ის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტები. მოწმე მ. ბ-ის გამოქვეყნებული ჩვენებით, ი. ა-ემ დაზარალებულის მიმართ იძალადა როგორც 2025 წლის ივლისის ასევე, იმავე წლის მაისის თვეში. ანალოგიურია დადასტურებული ნ. ბ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც შედგენილია კანონის სრული დაცვით. დაზარალებულმა დეტალურად აღიდგინა მომხდარი ორივე ძალადობის ფატი. განსახილველ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე პირების გარდა 2025 წლის ივლისის ფაქტს შეესწრო მოწმე დ. პ-ი, ხოლო იმავე წლის მაისის თვეში ძალადობას ადგილი ჰქონდა მათ საცხოვრებელ სახლში და ისინი მარტო იმყოფებოდნენ, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა, თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ი. ა-ე ყოფილი მეუღლის, მიმართ იჩენდა მესაკუთრულ დამოკიდებულებას, უსაფუძვლო და აბსტრაქტული ეჭვიანობის ნიადაგზე ყველანაირად ავიწროებდა და ახდენდა საკუთარი ძალის დემონსტრირებას. სააპელაციო სასამართლო განაჩენში აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავ ინფორმაციას, ასევე საეჭვო ხასიათის განმარტებებს. დაზარალებული ლოგიკურად და დამაჯერებლად აღწერს მოვლენებს და არ არის მიკერძოებული. შესაბამისად, კასატორის პოზიციით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ ი. ა-ის მიერ ნ. ბ-ის მიმართ 2025 წლის მაისში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, და მის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის მაისის ეპიზოდი).
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ი. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
5.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება.
5.4. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
5.5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: დაზარალებულ – ნ. ბ-ის, მოწმე – დ. პ-ის ჩვენებებსა, მოწმე მ. ბ-ის გამოქვეყნებულ ჩვენებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით, იმის დადგენა, რომ ი. ა-ის მხრიდან ნ. ბ-ის მიმართ 2025 წლის მაისში ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს – შეუძლებელია. ზემოხსენებული მტკიცებულებები მიემართება მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდებს. სადავო ეპიზოდში ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საქმეში არ არის სხვა მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა აღნიშნულს. ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არის თავად დაზარალებული. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მათ შორის არც აღნიშნული ოქმი არ ქმნის ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, მით უფრო კი, მოწმე მ. ბ-ის გამოქვეყნებული ჩვენება, რომელიც ამ ეპიზოდში ეყრდნობა ნ. ბ-ის მიერ მოგვიანებით მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და არის ირიბი ხასიათის.
5.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რომელთა გამოც დადასტურებულად მიიჩნია მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
5.7. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, დაზარალებულის პოზიცია და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ა-ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე