საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №281აპ-26 23 ივნისი, 2026 წელი
ე. ს., №281აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილისა და მსჯავრდებულ ს. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ე-ი - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ნ-ში, რ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ს. ე-მა ორივე ხელის გულმკერდის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – გ. ე-ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2025 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ნ-ში, რ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის, განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი ს. ე-ი, სიტყვებით: „მოგკლავ და ვეღარასოდეს შეძლებ მიჩივლო პოლიციაში“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – გ. ე-ს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 11 ივნისიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე, ს. ე-ი ცხოვრობდა ქალაქ ნ-ში, რ-ის ქუჩის №--ში მდებარე, დედის – გ. ე-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელთან ამყარებდა სისტემატიურ კომუნიკაციას. ასევე, 2025 წლის 2 სექტემბერს, მის მიმართ განახორციელა ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რითაც არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განაჩენით გამოცემული დამცავი ორდერით დაკისრებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელთა თანახმად, მას ოთხი თვით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც დაზარალებული – გ. ე-ი ცხოვრობდა, ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განაჩენით:
ს. ე-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში;
ს. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად შეეფარდა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლით.
2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ს. ე-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ჩ-მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. ე-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, აგრეთვე, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება. დაცვის მხარემ მოითხოვა ს. ე-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ს. ე-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ჩ-მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. ე-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, აგრეთვე, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება. დაცვის მხარემ მოითხოვა ს. ე-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით – დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ასევე, მოწმე მ. გ-ის ჩვენებით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს. ე-ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა. ამასთან, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ქმედების ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
4.2. დაცვის მხარის განმარტებით, დამცავი ორდერით აკრძალულ ადგილზე ს. ე-ის ყოფნა გამოწვეული იყო უკიდურესად გადაუდებელი აუცილებლობით – ხანში შესული დაზარალებულის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა, დაცვის მხარისათვის გაუგებარია, რატომ დარეკა დაზარალებულმა პოლიციაში, მით უფრო, რომ შეტყობინებაში არც კი უთითებს ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე. კასატორის განმარტებით, დაზარალებულს სასამართლოსთვის ჩვენება რომ მიეცა, დაადასტურებდა, რომ შვილს დახმარების სათხოვნელად თავად დაურეკა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს. ე-ის უდანაშაულობის შესახებ, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ს. ე-ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განაჩენით ს. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით, ს. ე-ის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი, რომლის თანახმად, მას ოთხი თვით (პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან) აეკრძალა, მათ შორის, გ. ე-ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ს. ე-მა პენიტენციური დაწესებულება დატოვა – 2025 წლის 11 ივნისს. საქმის მასალებით დადასტურებულია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ს. ე-ისთვის ცნობილი იყო ორდერის არსებობა, ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების არსი და მათი დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
5.4. მოწმეების – რ. ვ-სა და გ. ვ-ს ჩვენებებით, აგრეთვე, ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ს. ე-ი დააკავეს 2025 წლის 2 სექტემბერს, 23:30 საათზე, ქალაქ ნ-ში, რ-ის ქუჩის №--ში მდებარე, გ. ე-ის საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით. პოლიციელთა მისვლისას, იგი იმყოფებოდა მისაღებ ოთახში.
5.5. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს. ე-ის მიმართ ოთხი თვით გამოცემული იყო დამცავი ორდერი, რომლითაც აკრძალული ჰქონდა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მის სახლთან მიახლოება, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო, მან არ შეასრულა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ორდერის მოქმედების პერიოდში, დაარღვია დაკისრებული ვალდებულება – დაამყარა დაზარალებულთან კომუნიკაცია, რამაც განაპირობა ს. ე-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი გარემოება, რაც გამორიცხავდა დანაშაულის შემადგენლობას დადასტურებული არ არის საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამდენად, დაცვის მხარის მოთხოვნა ს. ე-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა.
5.6. საკასაციო სასამართლო, ასევე, არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ს. ე-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს. ე-ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის – შვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. რაც შეეხება პროკურორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს: დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და მოწმე მ. გ-ის ჩვენებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინების შინაარსი, ერთი მხრივ, არ დაუდასტურებია დაზარალებულს, ხოლო, მეორე მხრივ, შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას მუქარის, განცდილი შიშის, აგრეთვე ძალადობის შედეგად განცდილი ფიზიკური ტკივილის შესახებ. რაც შეეხება მოწმე მ. გ-ის ჩვენებას, იგი არ წარმოადგენს სავარაუდოდ მომხდარი ფაქტების თვითმხილველ მოწმეს, მისი ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას – ირიბია, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული მოწმის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება მის მიერ დაზარალებულის ხილვას აღელვებულ მდგომარეობაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულის აღელვების გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ ამ გარემოებაზე მითითება, ცხადია, ვერ განაპირობებს პირის მსჯავრდებას.
5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ს. ე-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ს. ე-ის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის ნასამართლობა (რეციდივი), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ს. ე-ს ხსენებული დანაშაულისათვის შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ზომა (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) დამატებით სასჯელთან ერთად, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილისა და მსჯავრდებულ ს. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე