საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2026
საქმის ნომერი
2კ-264აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №264აპ-26 22 ივნისი, 2026 წელი

კ- ლ., №264აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვანო მჭედლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. კ- ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

1.2. ნ. კ- ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

1.3. ლ. კ-სა და ნ. კ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2025 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 05:40 საათზე, თ-ში, ე.ა-ს ქუჩის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული შელაპარაკების ნიადაგზე, ლ. კ-მ, დანის გამოყენებით მარცხენა იდაყვის არეში ნაკვეთი ჭრილობითა და მუცლის არეში ორი შემავალი ჭრილობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ა. მ-ს.

2025 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 05:40 საათზე, თ-ში, ე.ა-ს ქუჩის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული შელაპარაკების ნიადაგზე, ნ. კ-მ ლ. კ-სთან ერთად, ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების დარტყმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა. მ-ს სხეულისა და სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნემლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

ლ. კ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

ნ. კ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვანო მჭედლიშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ლ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება პირობითად ჩათვლის გარეშე, ხოლო ნ. კ-სათვის დანიშნული სასჯელის რეალურად მოსახდელად განსაზღვრა, ნაწილის პირობითად ჩათვლის გარეშე.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვანო მჭედლიშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება მისი ნაწილის პირობითად ჩათვლის გარეშე, ხოლო ნ. კ-სათვის დანიშნული სასჯელის რეალურად მოსახდელად განსაზღვრა, ნაწილის პირობითად ჩათვლის გარეშე.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელები არ შეესაბამება ჩადენილი ქმედებების ხასიათს, მათ პიროვნებას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულთა მიერ გამოვლენილი აგრესიის მაღალი დონე და მოვალეობათა დარღვევის ხარისხი, ალკოჰოლური სიმთვრალე, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ლ. კ-მ სრულიად უმოტივოდ, დანის გამოყენებით, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება უცნობ პირს. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებს არ გამოუხატავთ დაზარალებულთან შერიგების ინტერესი და არ აუნაზღაურებიათ მიყენებული ზიანი. ჩადენილი დანაშაულების აღიარება და თანამშრომლობა კი მიზნად ისახავდა მკაცრი სასჯელისაგან თავის არიდებას. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენით შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერი, არაპროპორციულია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ლ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელების სამართლიანობა.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელების დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და უცვლელად დატოვა ლ. კ-სა და ნ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 50-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. კ-ს – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნ. კ-ს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – მაქსიმალური, ხოლო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – მინიმუმზე ერთი წლით მეტი) სასჯელები შეუფარდა, რომლებიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებათა უმეტეს ნაწილს, სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა მსჯავრდებულთა ქმედებების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და ხსენებული გარემოებები სრულად მოცულია ზემოაღნიშნულ ნორმათა დისპოზიციებით, რომლებიც, მათ შორის, სწორედ იმ სახისა და ზომის სასჯელებს ითვალისწინებს, რაც შეეფარდათ მსჯავრდებულებს. ამასთან, საჩივარში მითითებული არც ერთი გარემოება არ გამორიცხავს დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ ან სრულად პირობითად ჩათვლას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულთან შერიგება/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, დაზარალებულის პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

5.8. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა ერთ შემთხვევაში – მაქსიმალური, ხოლო მეორე შემთხვევაში – მინიმუმზე ერთი წლით მეტი ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალათ პირობითად. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვანო მჭედლიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე